ცნობილი მსახიობი გივი სიხარულიძე ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისთვის დაუჯერებელია ბიძინა ივანიშვილს მსგავს საუბრებში მიეღო მონაწილოება და ბინესმენისთვის „საქმის გასარჩევად“ მინისტრები მიეგზავნა.
- საუბარში გივი სიხარულიძე აცხადებს, რომ ეს სკანდალი მშვიდობიანდა უნდა დასრულდეს და ნებისმერმა, ვინც არ უნდა იყოს, თუ რაიმე დავალიანება აქვს ბიუჯეტთან მიმართებაში, უნდა გადაიხადოს.
- ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ მილიარდელი კაცი ბიძინა ივანიშვილი 4 მილიონისთვის ვიღაცას მიუხტა და საქმის გარჩევა დაუწყო, თანაც მინისტრები და ბიჭები მიუგზავნა. რა ვქნა, ამ ამბავს ვერაფრით ვერ დავიჯერებ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ ოქუაშვილს და მის ოჯახს, ბატონ როსტომ ჩხეიძეს და მის ქალ-ვაჟს.
ჩემი აზრით, თუ არსებობს საგადასახადო დავალიანება, ვინც გინდა იყოს, ვალდებულია ბიუჯეტში ეს თანხა შეიტანოს და არა საკუთარ ჯიბეს, ტელევიზიას ან პრესას მოახმაროს.
- თქვენი აზრით, ამ სკანდალის ირგვლივ უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება და დაიკითხოს ყველა ის პირი, რომლებიც, ოქუაშვილის თქმით, ამ საქმეში ფიგურირებენ?
- რა სამართლებრივი პროცედურები უნდა გაიმართოს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს საქმე მშვიდობინად უნდა მოგვარდეს. ორივე მხარე უნდა დასხდნენ და მოილაპარაკონ როგორ მოგვარდეს პრობლემა. ცოტა ხელისუფლებამ დათმოს და ოქუაშვილიც უნდა მიხვდეს, რომ არ შეიძლება ასეთი ჩირქი მოსცხო ადამიანს.
საერთოდ, ძალიან დავიღალე ასეთი უაზრო სკანდალებით, აღარ მინდა ასეთ რამეებს ვისმენდე. მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამო აღარ იყოს სკანდალი და დავიდარაბა. ხალხი გაუბდურებლულია, უჭირს და ვიღაც-ვიღაცეები მილიონების შეჭმაზე ლაპარაკობენ.
- თქვენი აზრით, რამდენად წამგებიანი იქნება ასეთი სკანდალი თავად ხელისუფლებისთვის და ხომ არ ელით, რომ წინასაარჩევნოდ სიტუაცია უფრო დაიძაბება?
- კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით არ ვიცი რამდენად დაიძაბება სიტუაცია, თუმცა, ქართული პოლიტიკისთვის წინასაარჩევნოდ კომპრომატების ომი უცხო ხილი არ არის. თანაც ისე შეუტიეს ამ ქალბატონს, სალომე ზურაბიშვილს, რომ გამორიცხული არ არის სიტუაცია საარჩევნოდ დაიძაბოს.
ჩემი აზრით, არ შეიძლება ასე რომ ლანძღავენ ამ ქალს. მე არ ვიცი, როგორი პრეზიდენტი იქნება, მაგრამ ლამაზი ქალი მაინც არის და ულამაზესი დედა ჰყავდა, მასეთი ლამაზი ქალი პარიზში არ იყო.
მე უფრო ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა სპეციალურად ჩემოაგდეს ვიღაც-ვიღაცეებმა, რომ მთელი რისხვა მაგაზე გადატყდეს და მერე ამ აურზაურის ფონზე ბაქრაძე გააძვრინონ.
რა „გაერთიანებული ოპოზიცია“?! სად გვყავს ჩვენ ოპოზიცია?! მარტივ მამრავლებად დაიშლებიან წუთში, თუ ვინმემ ლუკმა გადაუგდო.