შორს გოდება, შორს ტირილი! არაჩვეულებრივ ადამიანს არ დასტირიან, რადგანაც იგი უკვდავია. მხიარული სევდა! უცნაურია?
სევდა, რადგანაც ვკარგავთ ჩვენს მამას, ჩვენს ამღზრდელს და მხიარულობა, დღესასწაული, რადგან ჩვენ ღვთაებას, ჩვენ წმიდათა-წმიდას ვაცილებთ და ვაბარებთ მარადისობას.
იგი უკვდავი ხდება და ჩვენც მასთან უკვდავებას ვეზიარებით. მისი სული წმიდა ნაწილებათ დანაწილებული ყველა ჩვენგანშია. მისი ბრწყინვალე სხივები ჩვენსკენ არიან გადმოტყორცნილი. მის მადლით ჩვენცა ვბრწყინავთ! შორს ტირილი, იგი აკაკის არ ეკადრება!
განა გვშორდება აკაკი? იგი მხოლოდ მაღლდება, რათა მაღლიდან უფრო ბევრს ჩვენგანს თავისი ბრწყინვალე შუქი ადვილად მოჰფინოს.
შორს გოდება! არ მომკვდარა, არცა სძინავს... იგი სცოცხლობს და იცოცხლებს მარადისად, შეუწყვეტლივ!
შორს ტირილი, შორს გოდება!