ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისთვის დაუჯერებელია, რომ ივანიშვილი მსგავს გარიგებებსა და მოლაპარაკებებში პირადად ამ ფორმით მონაწილეობას იღებდა. ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს უფრო დიდი ფანტაზიის ნაყოფია, ვიდრე რეალობა.
თუმცა ანალიტიკოსი აცხადებს, რომ მსგავსი ჩანაწერების და განცხადებების შემდეგ, ხელისუფლება სირაქლემის პოზაში არ უნდა იდგეს და საზოგადოებას კონკრეტულად უნდა აუხსნას რა მოხდა და ხდება რეალურად.
ხუხაშვილი წინასაარჩევნოდ სიტუაციის კიდევ უფრო გართულებას მოელის, ამიტომ მმართველ გუნდს ადეკვატურობისკენ მოუწოდებს.
- როგორ შეაფასებთ ზაზა ოქუაშვილის განცხადებებს ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში. თქვენ ამ ადამიანს პირადად იცნობთ. გჯერათ, რომ ის ასე პირდაპირ დაიწყებდა ბიზნესმენის დარეკეტებას?
- ჩემთვის რთულად წარმოსადგენია, რომ მსგავს რეკეტში და ბიზნესმენების დაშანტაჟებაში ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობას იღებდეს. ეს უკვე ყველანაირ ფანტაზიას სცდება. ვიცი როგორი პიროვნებაა და ეს რიტორიკა, რომელზეც ოქრუაშვილი საუბრობს, ვინც ივანიშვილს იცნობს, ძალიან რთული დასაჯერებელია.
თუმცა, ის ჩანაწერები რაც ქვეყნდება და რასაც ეს ბიზნესმენი ყვება, გასარკვევი და გამოსაკვლევია. დაუშვებელია, რომ საზოგადოებას ამაზე ადეკვატური და ამომწურავი პასუხი არ გაეცეს.
სხვაგვარად მსგავსი განცხადებები ქვეყნის და ხელისუფლების ინტერესებს ძალიან მძიმედ აზიანებს. სირაქლემას პოზაში ჩადგომა და აქედან საზოგადოებასთან საუბარი კარგს არაფერს მოიტანს. იმაზე არ არის საუბარი, ვის რისი გვჯერა.
- ფარცხალაძის გავლენებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. თქვენ თუ გსმენიათ ამ ადამიანის გავლენებზე და რამდენად გჯერათ, რომ ის კვლავ პროკურატურას აკონტროლებს. რატომ შეიძლება ის ამხელა ნდობით სარგებლობდეს?
- მე რა მსმენია და რა არა, ამაზე ჭორაობა არ მინდა. ძალიან ბევრი რამ გამიგია, მაგრამ ამის მტკიცებულებები არ მაქვს. ამიტომ კონკრეტულად სახელებზე და გვარებზე საუბრისგან თავს შევიკავებ.
კიდევ გავიმეორებ, რომ ხელისუფლებამ ამ ბრალდებებზე ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს. რას ამბობს ეს კაცი, უნდა გაირკვეს და მათ თავიანთი პოზიცია უნდა დააფიქსირონ. ნება იბოძონ და აუხსნან საზოგადოებას რაზე საუბრობს ოქუაშვილი.
- ფიქრობთ თუ არა, რომ ამ სკანდალის ირგვლივ განცხადებები თავად ბიძინა ივანიშვილმაც უნდა გააკეთოს?
- რა თქმა უნდა, კარგი იქნება აუხსნას საზოგადოებას რაზეა საუბარი. თუმცა აქ მისი განმარტებები იმდენად არსებითად მნიშვნელოვანი არ იქნება, როგორც გამოძიება და დეტალების გარკვევა. ძალიან ბევრი რამ კითხვის ნიშნებს აჩენს. ჩანაწერებში ნახსენები სახელი და გვარები. მისი გარემოცვა, რომ რაღაცას სწორად არ აკეთებს ამაზე დიდი ხანია მიდის საუბარი. უნდა გაირკვას ერთხელ და სამუდამოდ, მისი სახელით ვინ რას ჩმახავს და მე ამაში დარწმუნებული, ვარ რომ საქმე ამასთან გვაქვს.
ასევე, ოქუაშვილს ვინ და რა მიზნებისთვის შეიძლება იყენებდეს. ამ საკითხს პოლიტიკური მანიპულაციებისთვის რომ გამოიყენებენ, ამაში გასკვირი არაფერია. ბუნებრივია, რომ ამ თემას ოპოზიცია, მითუმეტეს წინასაარჩევნოდ დაიხვევს.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ვიღაც ოქუაშვილს კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს?
- მთლად მასე არ ვფიქრობ, რომ ოქუაშვილს რამე კონკრეტული პოლიტიკური მიზნები ჰქონდეს. თუმცა არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ მან ამხელა სკანდალში თავი სამშობლოს სიყვარულის გამო გაჰყო. მას საკუთარი კონკრეტული მიზნები აქვს. მას თავისი ბიზნესი ადარდებს და ვხედავთ, რომ ამისთვის კარგადაც უშრომია.
თუმცა, ფარცხალაძის და სარდაფის ეპიზოდი სასწრაფოდ გამოსაკვლევია. ამის ასე უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. გამოძიება უნდა დაიწყოს და ყველაფერი დეტალებში გაირკვას. ასევე, ბანკის გადარიცხვები და ამ თანხის გატანა, ამის დადგენა არ იქნება რთული.
- თქვენ გჯერათ, რომ ის პროკურატურა დაიწყებს ფარცხალაძის და ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიებას, რომლის კონტროლსაც თავად ფარცხალაძეს აბრალებენ. საკუთარი თავის წინააღმდეგ დაიწყებენ გამოძიებას?
- არ ვიცი, ეს უკვე ხელისუფლების დიდი პრობლემა იქნება. საზოგადოებას არ აინტერესებს ვინ რას იზამს, არსებობს კითხვები და ამ კითხვებზე პასუხის გაცემაა საჭირო. ნება იბოძონ და როგორც უნდათ ისე გამოიძიონ.
- წინასაარჩევნოდ ელით, რომ უფრო მძიმე ჩანაწერების და ამბის გახმაურების მოწმენი გავხდებით? ის ამბობს, რომ ივანიშვილთან შეხვედრის ჩანაწერები აქვს. გახარიამ ეს შეხვედრა არ უარყო...
- არაფერს არ გამოვრიცხავ. ამ ქვეყანაში გასაკვირი არაფერი აღარ არის. წინასაარჩევნოდ ძალიან ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. კი, ბატონო, გახარიამ დაადსატურა რომ შეხვედრა შედგა, რატომ უნდა უარყოს?! ეს არის სწორედ გასარკვევი რაზე შეხვდა ეს ადამიანი ივანიშვილს. ის თავის ერთ ვერსიას ჰყვება და საინტერესოა მეორე მხარის ვერსიაც. აქ ვის რისი გვჯერა, ამაზე საუბარი უკვე აღარ არის.
თუმცა, ივანიშვილთან მიმართებაში ასეთი რიტორიკა ჩემთვის დაუჯერებელია. მას ვინც იცნობს ყველამ კარგად იცის, რომ ის ასეთ საუბრებში წარმოუდგენელია, რომ შევიდეს. მითუმეტეს იქ რაღაც მის ტონზე და ყვირილზე იყო საუბარი. არ ვიცი რა გითხრათ, ეს მაინც დიდი ფანტაზიის ნაყოფი მგონია.