მთავარი სამეულის დაპირისპირება - დებატები პარასკეობით პირველ არხზე იქნება

მთავარი სამეულის დაპირისპირება - დებატები პარასკეობით პირველ არხზე იქნება

სალომე ზურაბიშვილის კონფრონტაციული პათოსით შეთავაზებას, რომ ის "შავი ძალის" ორ სახეს ნეიტრალურ არხზე ტელედებატებში იწვევს, ადრესატები - გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე თანხმდებიან.

"ქართული ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატს არ დაუსახელებია, ნეიტრალურ არხში რომელს გულისხმობდა, მაგრამ საზოგადოებრივი არხი აპირებს, ორშაბათს უკვე დაგეგმოს მომავალი დებატების ზუსტი თარიღი და ფორმატი. პოლიტოლოგების შეფასებით, დებატები კონფრონტაციული იქნება ბევრი "წამოძახებით" - ზურაბიშვილი "სისხლიან 9 წელზე" ილაპარაკებს, ვაშაძეს რუსულ პასპორტსაც შეახსენებს, "შავ ძალებად" მონათლული ვაშაძე და ბაქრაძე კი ილაპარაკებენ დღევანდელი ხელისუფლების კორუფციაზე, მარიხუანაზე, უმუშევრობაზე, გაჭირვებასა და აუცილებლად ზურაბიშვილის განცხადებაზე საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ექსპერტების მოლოდინით, სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე ისეთ "მარგალიტსაც" ისვრის, რაზეც "წამოიკიდებენ" და შემდეგ ამის გაშარჟების პროცესსაც ვიხილავთ.

სალომე ზურაბიშვილმა სამი დღის წინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დებატებში იწვევს "შავი ძალის" ორივე სახეს, რომლებშიც "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და "ევროპული საქართველოს" კანდიდატი დავით ბაქრაძე იგულისხმა, მას შემდეგ კი, რაც ორივე ოპონენტი დათანხმდა დებატებს, ერთგვარი სარკაზმით განმარტა, რომ "დასახელება არ დასჭირდა, ვინ იყო "შავი ძალის" ორი სახე, რადგან მისი განცხადებიდან თხუთმეტი წუთიც არ გასულა, მათ თავიანთი თავი ამოიცნეს, გამოვიდნენ და თავად დააკონკრეტეს, გამოწვევას ვიღებთო".

გამოწვევა მიიღო ორივე ოპონენტმა. გრიგოლ ვაშაძემ პასუხად ზურაბიშვილს ქართულ გრამატიკაში ცოტა მეცადინეობა ურჩია. დავით ბაქრაძემ კი განაცხადა, რომ დებატებისთვის მზადაა, გამოწვევა არ სჭირდება და მისთვის ცოტა გაუგებარია, რითი ემუქრება სალომე ზურაბიშვილი.

სამივე კანდიდატის დებატებზე თანხმობის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადაა, დებატების ფორმატი მოამზადოს. საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი გვიმრაძე ამბობს, რომ მათ ისედაც დაგეგმილი ჰქონდათ ცალკე კვალიფიციური და ცალკე არაკვალიფიციური სუბიექტების დებატი 8 ოქტომბრის შემდეგ ყოველ პარასკევს.

"ეს იქნება პარასკევს. ჯერ იქნება არაკვალიფიციური სუბიექტების დებატი და შემდეგ ორი კვალიფიციური სუბიექტის დებატი. დამატებით, ახლა თუ კანდიდატები ერთმანეთში შეთანხმდებიან, ჩვენ მზად ვართ, დრო დავუთმოთ ამ სამ კანდიდატს. დეტალებზე საუბარი ჯერ არ ყოფილა, ალბათ ეს საკითხი ორშაბათს დადგება დღის წესრიგში, ზუსტ ფორმატზე, დროსა და ადგილზე,"- ამბობს გვიმრაძე.

რამდენად მწვავე დებატები შეიძლება გაიმართოს და ვინ მოიგებს და ვინ დაზარალდება ამ დებატით?

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, სალომე ზურაბიშვილისთვის დებატები ძლიერი მხარე ვერ იქნება და წმინდა პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით მისი მხრიდან დებატების შეთავაზება შეცდომაა.

"კონფრონტაციული დებატების ხელთათმანი ისროლა ზურაბიშვილმა. მან ოპოზიცია დაადანაშაულა - არაევროპული საარჩევნო პროცესიაო და ამაში ვეთანხმები კიდეც, მაგრამ როდესაც ამას ლაპარაკობს, მინიმუმ, "ბნელებად" არ უნდა მოიხსენიებდეს ოპონენტებს.

"ეს ადამიანი აბსოლუტურად პარადოქსულად აზროვნებს, შეუძლია, ერთ წინადადებაში ორი ურთიერთგამომრიცხავი აზრი გაისროლოს. ასე რომ, დებატები მისთვის არ იქნება სასარგებლო, "სისხლიანი 9 წლის" მეტი არგუმენტი არ ექნება. უნდა შეეცადოს, რომ დებატების მთელი აქცენტი "სისხლიან 9 წელზე" გადაიტანოს, რაც არ გამოუვა, რადგან მიმდინარე პრობლემები ძალიან ბევრია და ხალხს ეს აწუხებს.

"ოპონენტები კი დღევანდელ პრობლემებზე ისაუბრებენ. დღეს საკმაოდ არაერთგვაროვანი თემებია წინა პლანზე წამოწეული - კანაფის მოყვანა, ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანა, კორუფცია, უმუშევრობა, გაჭირვება, ბიზნესზე წნეხი. მოსახლეობას ეს აინტერესებს და არა "9 წელი". ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ ზურაბიშვილს სხაპასხუპით რიტორიკაც უჭირს და ასეთ დებატებში ძალიან შეზღუდული ფორმატია, არ მგონია, ეს მისთვის მომგებიანი იყოს.

"როგორც ჩანს, სტაბილურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არ არის. მას იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლების მხარდაჭერით პირდაპირ შეგრიალდებოდა პრეზიდენტის სასახლეში, მაგრამ ახლა საკმაოდ აგრესიულად უტევენ, ხშირ შემთხვევაში წითელ ხაზსაც კი კვეთენ და ნერვებმა უმტყუნა, რაც ჩემთვის აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო.

"ეს ადამიანი შინაგანად საკმაოდ არასტაბილურია და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ასე რომ, ეს მისი მხრიდან იყო შეცდომა, მაგრამ, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ სხვა გზა არ აქვს.

"როგორც ჩანს, ის ძალიან შეშფოთებულია, ხვდება, რომ საქმე რაღაც კარგად ვერ მისდის და შეგნებულად მიდის გამწვავებაზე, რომ სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს.

"მე ვფიქრობ, რომ ამ სამი ადამიანიდან, თუ ჩვენ სახელმწიფო ინტერესებზე ვლაპარაკობთ, არც ერთი არ ვარგა და არც ამომრჩეველს არ უნდა არც ერთი. რაც შეეხება ლაპარაკის მანერას, ვფიქრობ, რომ არც ერთს არ ეშლება ლაპარაკი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე ისეთ მარგალიტს ისვრის, რაზეც წამოიკიდებენ და შემდეგ ამის გაშარჟების პროცესსაც ვიხილავთ," - ამბობს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, დებატების მთავარი თემა რუსეთი და ომი იქნება და მოვისმენთ უკვე უამრავჯერ გაგონილ წამოძახებებს.

სოსო ცისკარიშვილი: "ნაციონალურ მოძრაობაში" უკვე არის განაცხადი, რომ არჩევნები დამთავრებულია და ვაშაძე გამარჯვებულია. ამიტომ დებატებში ის ყველაზე თავდაჯერებული იქნება.

"ამ სამი კანდიდატიდან არც ერთი არ არის მუნჯი. ამ დებატებში, არ მგონია, რაიმე სიახლე ვიხილოთ. მათი მთავარი თემა იქნება რუსეთი და რუსეთთან ომი. თუკი ზურაბიშვილს წამოაყვედრიან ომზე განცხადებას და ამას აუცილებლად წამოაყვედრიან, არც ბატონ ვაშაძეს ბიოგრაფიაა ისეთი, რომ შავი წერტილი არ იყოს. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ ებღაუჭებოდა რუსულ პასპორტს 2008 წლის ომის პროცესში და ზურაბიშვილი ამას, რასაკვირველია, წამოაძახებს.

"ალბათ მოიჭრიან თავს ვაჟკაცები, თუ ქალბატონს დაუწყებენ მუქარით საუბარს, მაგრამ ქალბატონიც ისეთია, რომ უნდა უფრთხოდნენ. ზურაბიშვილი აუცილებლად მოიწონებს თავს რუსული ჯარის გაყვანით, აუცილებლად გაიხსენებს "ნაციონალების" მმართველობას".

ცისკარიშვილის თქმით, ამ დებატებზე ვნახავთ თავდასხმას, იქ ნათქვამ ფრაზებზე მომავალ დღეებში იქნება განხილვაც, თუმცა ვინ უკეთ გამოიჩენს თავს, ამას არანაირი გავლენა არ ექნება ელექტორატის განწყობაზე.

"ჩვენი პოლიტიკური კულტურა ნამდვილად შორს არის ევროპისაგან. ამ დებატებით თუ ამ დებატების გარეშეც ჩვენთან უკვე არის წინასწარი განწყობა, რომ თუ პირველსავე ტურში გაიმარჯვებს ქალბატონი სალომე, აუცილებლად იქნება არეულობა, ქუჩაში მოხდება სამართლის ძიება," - დასძენს ცისკარიშვილი.