რა კავშირი აქვს სააკაშვილს კალიფორნიელ მილიონერ კერკ კირკორიანთან და ვინ ბღაოდა სვეტიცხოველში

რა კავშირი აქვს სააკაშვილს კალიფორნიელ მილიონერ კერკ კირკორიანთან და ვინ ბღაოდა სვეტიცხოველში "მიშა, მიშას"

“მთელი ქვეყნისთვის ცნობილია, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ანტიმართლმადიდებლური სახელმწიფო პოლიტიკის ორგანიზატორები სააკაშვილ-უგულავა არიან და ამ პოლიტიკას მათგან დაქირავებული არსებები ახმოვანებენ,» - ამბობს “ლეიბორისტული პარტიის” გენარალური მდივანი სოსო შატბერაშვილი, რომელიც “ქართულ სიტყვას” ერთობ საგულისხმო ფაქტებს უმხელს:

- სააკაშვილი საქართველოში აშშ-დან 1995 წელს დაბრუნდა, სადაც შესაბამისი მომზადების კურსი კალიფორნიელ მილიონერ კერკ კირკორიანთან გაიარა. სწორედ მან მისცა სააკაშვილს დავალება, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, დაენგრია, ანუ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სახელმწიფოს ისეთი ბურჯისთვის, როგორიც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაა, ბრძოლა უნდა გამოეცხადებინა. მოგეხსენებათ, სააკაშვილმა ყველაფერი, რაც ჰქონდა ჩაფიქრებული, შეასრულა, ვგულისხმობ ხელისუფლებაში მოსვლას, ტერიტორიების დაკარგვას, ომის წაგებას, სტრატეგიული ობიექტების რუსებისთვის გადაცემას. საქართველოს საბოლოო დაშლა კი იმაში გამოიხატება, რომ ქართული ეკლესია უნდა დაანგრიოს, რაც საქართველოს 6-7 ნაწილად დაქუცმაცებას გამოიწვევს.

სააკაშვილმა მშვენივრად იცის, რომ ერთი წლის მერე ვადა ეწურება და სწორედ ამიტომ მიიღო პარლამენტმა დაჩქარებული ტემპით "რელიგიური გაერთიანებების შესახებ" კანონი. პარლამენტში აღმოჩნდა 70 იუდა ისკაროიტელი, ვინც ამ კანონს ხმა 30 ვერცხლად მისცა! საერთოდ, მთელი სახელისუფლო გუნდი გაზულუქებული და კორუმპირებულია, რომელიც ფულში ბანაობს და მასთან 30 ვერცხლი რა მოსატანია?! პრეზიდენტმა, ჩვენდა სამარცხვინოდ, ანტიმართლმადიდებლური ქმედება ჩაიდინა. ამიტომ, «ლეიბორისტები» მის სულიერ მოძღვრად ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ს ვთვლით და არა - უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს. სააკაშვილმა კიდევ ერთი საშინელი მკრეხელობა ჩაიდინა - ფეხი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ციტადელში, ანუ სვეტიცხოველში შედგა. მეტსაც გეტყვით, სვეტიცხოველთან მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა საბიუჯეტო დაწესებულებებში მომუშავე ხალხი 6 ყვითელი ავტობუსით მიიყვანა და ამ ხალხს უბრძანეს, სააკაშვილი ეკლესიიდან რომ გამოვა, შეესიეთ და იბღავლეთ, «მიშა, მიშაო»?! სვეტიცხოვლის ეზოში თავის დროზე მეფეების სახელების სკანდირებაც კი არ შეიძლებოდა და ახლა მისი სული, ვინც ეკლესიისგან განდგომილი მიშა სააკაშვილის სახელს ბღაოდა, ცეცხლის და გეენისთვისაა გამზადებული. ეს ადამიანები გულწრფელად მეცოდებიან!

იმ ხალხს, ვინც «მიშა, მიშას» სკანდირებდა, ფული გადაუხადეს?
- შეიძლება, ფული არც გადაუხდიათ, რადგან მცხეთის რაიონში ადამიანები მშიშარა თაგვებს გვანან და მათ ულტიმატუმი წაუყენეს, თუ «მიშა, მიშას» არ იბღავლებდნენ, სამსახურებიდან გაყრიდნენ. ამიტომ თავიანთ უბადრუკ სამსახურებს გაუფრთხილდნენ და მიშას ექვსი ავტობუსით ეახლნენ.

ავტობუსებით სულ რამდენი ადამიანი მიიყვანეს?
- დაახლოებით, 250-ი.

ბატონო სოსო, ამას წინათ ნიკოლა სარკოზს ვიღაცამ ხელი ჰკრა და საფრანგეთის პრეზიდენტი წაქცევას ძლივს გადარჩა. ადრე ერაყელმა ჟურნალისტმა ჯორჯ ბუშს ფეხსაცმელი ესროლა... სააკაშვილი კი, ხალხში გამოჩნდება თუ არა, მაშინვე «მიშა, მიშას» სკანდირება იწყება. მართლა «მიშისტებითაა» ეს ქვეყანა სავსე თუ რა ხდება?
- აი, ზუსტად იმიტომ ხდება ხალხის მოზიდვა ყვითელი ავტობუსებით, გაუთვიცნობიერებელ ადამიანს ეგონოს, რომ ეს ქვეყანა მართლა «მიშისტებითაა» სავსე. რაიონებში, სადაც თავისუფალი ტელევიზია არ მაუწყებლობს და ვერც გაზეთებს კითხულობენ, ამ კადრების ჩვენებით სოფლის მოსახლეობას ასულელებენ. სახარებაში, უფალს 12 მოციქულიდან ერთი, ვერცხლისმოყვარული გამოაკლდა და რა გასაკვირია, რომ საქართველო ყოველთვის იყო სავსე ერის მოღალატეებითა და ჯაშუშებით? ხალხს ეკონომიურად, მართლაც, უჭირს და ოღონდ ორი კაპიკი დაანახე და უკადრებელს იკადრებს, რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ და მხედველობაში თავმოყვარეობადაკარგული ხალხი მყავს. სხვათა შორის, ვინც მღეროდა, დარია თუ ავდარია, მიშა მაგარიაო, თურმე მართალი ყოფილა - სააკაშვილმა, მართლაც, შესძლო ერის დაშინება და დამორჩილება. გავიხსენოთ სანდრა რულოვსის ინტერვიუ, რომელიც ერთ-ერთ ევროპულ გაზეთს მისცა და რომელშიც თქვა, ქართველ ხალხს სჭირდება შიშის ქვეშ ყოფნა და ამიტომაც, ჩემი მეუღლე ზედგამოჭრილი პრეზიდენტიაო.

გიგა ბოკერიამ განაცხადა, სომხებისთვის სტატუსის მინიჭება ძალზე მნიშვნელოვანი იყოო. ევროკავშირმაც მოიწონა რელიგიის კანონი. ჰოდა,  გამოდის, რომ მთელ მსოფლიოს ვუპირისპირდებით?
- მაშინ ვასიამოვნოთ აშშ-სა და ევროპის სახელმწიფოებს - მივცეთ ავტონომია ჯავახეთს, ბორჩალოს, სამეგრელოს, დამოუკიდებლობა ვუბოძოთ აჭარას და დავაქუცმაცუთ სახელმწიფო. შემოვიღოთ სავალდებულო სალაპარაკო რეგიონალურ ენად სომხური, აზერბაიჯანული, ასე ყველას ვასიამოვნებთ და ჩვენზე იტყვიან, როგორი ტოლერანტები და ჰუმანურები არიანო. ასეთი ნაბიჯი რომ გადავდგათ, ქვეყანას დავღუპავთ და თუ ეს გვინდა, კი ბატონო, ვასიამოვნოთ ლუდოვიკო მეთოთხმეტეს და სვეტიცხოვლის ეზოში წვერებით ვათრიოთ სულხან საბა-ორბელიანი. ეს გვინდა? სხვათა შორის, როცა ზვიად გამსახურდია დაამხეს, მთელი ევროპა ამბობდა, საქართველოშიო დიქტატორი დაამხესო და ჩვენ საქციელს იწონებდა. მხოლოდ იმისთვის ვცხოვრობთ, რომ ევროპისა და ამერიკის სიამოვნებაზე ვიაროთ? ისედაც ვართ მათი მონები და ასე გავაგრძელოთ!

...ეკლესია ღმერთის სახლია და როცა უფლის სახლში შედიხარ, გგონია, რომ ყველა ცოდვა ჩამოგეწერება და ამით ხალხის თვალში ქულებს დაიწერ. ეს, თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრს გამოსდის კიდეც. ასე ქულებს მხოლოდ პოლიტიკოსები კი არა, რიგითი ადამიანებიც იწერენ - დადიან ეკლესიაში, ვითომ ლოცულობენ, მარხულობენ და ღვთის მოშიშნი არიან, მაგრამ სინამდვილეში, ბოკერიას მოშიშნი გამოდიან. გასაგებია, რომ ამერიკელებსა და ევროპელებს გიგა ბიკერია ძალიან უყვართ, მათი კერპია, მისი ქართველი ხალხის დიდი ნაწილსაც ეშინია, მაგრამ ის, ვისაც გიგა ბოკერიასი შეეშინდება, ჩემს თვალში ადამიანი არაა.

...ხელისუფლებამ სინოდზე ზეწოლა გიგი უგულავას თამადობით მოახდინა. გიგი უგულავა, მამუკა ახვლედიანი და კობა სუბელიანი, მართლაც, იყვენენ სტიქაროსნები, მაგრამ მათ ცრუ სტიქაროსნები ვუწოდეთ. სინამდვილეში, ისინი ეკლესიის დასანგრევად იყვნენ შეგზავნილნი.

ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?
- გიგი უგულავა და მამამისი ადრე ანტიმართლმადიდებლურ ჟურნალ «საუნჯეს» გამოსცემდნენ, ანუ გიგი უგულავა თან ეკლესიაში მსახურობდა, თან მართლმადიდებლობას ებრძოდა. კობა სუბელიანი საპატრიარქოში ძაღლების მომვლელი გახლდათ და იმის გამო, რომ ძაღლებს კარგად უვლიდა, დააწინაურეს და ჯერ უგულავას «შოფერი» გახდა, რაც მისთვის ძალიან მაღალი «პოსტი» იყო, შემდეგ კი, ხელი თბილისის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსობას გამოჰკრა, სადაც 250 მილიონი ლარი ააორთქლა. ამის გამო პასუხი მოვთხოვეთ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, სუბელიანი კვლავ დააწინაურეს და მინისტრი გახდა. წარმოიდგინეთ, რამხელა კარიერა განვლო ძაღლების მომვლელიდან მინისტრობამდე. სუბელიანის აღზევება იმიტომ მოხდა, რომ ებრძვის მართლმადიდებლურ ეკლესიას და კერკ კირკორიანისა და გარეგინ II-ის დავალებებს ასრულებს. ამის გამო ჩვენი ხელისუფლება ქებას იმსახურებს დასავლეთ ევროპისგან, განსაკუთრებით კი, აშშ-ის ნეოკონსერვატორ მაკკეინის დაჯგუფებისაგან, რომელმაც ქართველი ხალხი მონად აქცია.

ბატონო სოსო, თქვენი აზრით, მოვლენები როგორ განვითარდება? ხელისუფლებას და საპარტიარქოს შორის ურთიერთობა მოწესრიგდება?
- ალბათ, მოწესრიგდება, რადგან სინოდის წევრების უმრავლესობა ხელისუფლების მიმართ, სამწუხაროდ, ლოიალურადაა განწყობილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მრევლი უნდა გაჩერდეს. ასე რომ, ნურავის მოწოდებას ნუ დაველოდებით, გამოვიდეთ გარეთ, ჩავატაროთ მდუმარე აქცია და მოვითხოვოთ ამ კანონის გაუქმება. თუ ხელისუფლება ხალხის მასას დაინახავს, შეეშინდება და დამერწმუნეთ, ამ კანონს უკან გაიწვევს, რადგან ხელისუფლებას ყველაზე მატად ხალხის ბუნტის ეშინია!