რა მოხდა რეალურად 29 სექტემბერს ღამით ეგნატე ნინოშვილის 56-ნომერში. მოხდა თუ არა ადგილობრივი მცხოვრებლების მხრიდან ჰომოფობიით მოტივირებული თავდასხმა ლგბტ თემის წარმომადგენლებზე, თუ ეს იყო ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომელიც ლგტბ აქტივისტების მიერ მეზობლად მცხოვრებ მამაკაცზე თავდასხმით დაიწყო? „რეზონანსი“ კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლებს ესაუბრა და ორი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია მოისმინა.
სიტუაცია კი ასეთია: 29 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე მათი ოფისის მიმდებარედ ლგბტ აქტივისტებს თავს დასხნენ და სცემეს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე შემთხვევის შესახებ ამბობს, რომ ეს არამხოლოდ ქვიარ ადამიანებზე ჰომოფობიური სიძულვილით მოტივირებული თავდასხმა, არამედ ორგანიზაციაზე დავდასხმა იყო.
თუმცა, მომხდართან დაკავშირებით განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს შსს, რომელიც „რეზონანსთან“ საუბრისას ადგილობრივმა მცხოვრებლებმაც დაადასტურეს. მათი ინფორმაციით, ჩხუბი თავდაპირველად სწორედ ლგბტ თემის წარმომადგენლების მხრიდან აგრესიას და სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა.
ადგილობრივი მცხოვრებლები ყვებიან, რომ ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთერთმა ქალბატონმა ქუჩაში მდგომ 4 ლგბტ-თემის წარმომადგენელს ხმაურის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მათ ამ შენიშვნის გამო ქალბატონს არაკორექტულად უპასუხეს, რასაც მისი სიძის მხრიდან რეაქცია მოჰყვა. ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან ჩადის ლგბტ-თემის 4 წარმომადგენელთან და სიტუაციაში გარკვევას ცდილობს.
მეზობლები ამბობენ, რომ ამ მამაკაცს მოულოდნელად ოთხივე მათგანი ხმამაღალი შელაპარაკების შემდგ თავს დაესხა და მისი ცემა დაიწყეს. მეზობლები კი მხოლოდ მათ გაშველებას ცდილობდნენ და კონფლიქტში არ ჩარეულან.
ეგნატე ნინოშვილის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლების მხრიდან ნაცემი მამაკაცი ტვინის შერყევით და სხვადასხვა დაზიანებებით ინგროყვას კლინიკაში გადის მკურნალობას. ხოლო მის სიდედრს ფეხი აქვს ნაღრძობი.
„ეს იყო ჩვეულებრივი, ყოფით ნიადაზე დაწყებული დაპირისპირება. 4 ადამიანი იდგა და ხმაურობდა. მეზობელმა ქალბატონმა სთხოვა, რომ ცოტა ხმადაბლა ესაუბრათ, რასაც მათი მხრიდან აგრესია და უზრდელობა მოჰყვა.
„მისი სიძე სიტუაციაში გასარკვევად მათთან მივიდა. აგრესული საუბრის და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კი მათ შორის ჩხუბ დაიწყო. აგერ არიან თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ ოთხივე მათგანმა კუთხეში მიიმწყვდია ბიჭი და სცემდნენ.
„მეზობლები ჩხუბში არ ჩართულან, უბრალოდ აშველებდნენ. ოთხი კაცი ერთ კაცს სცემდა. ტვინის შერყევა აქვს მიღებული და ინგოროყვას საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ჟურნალისტები ერთ მხარეს რომ ეკითხებით, მეორე არ არსებობს?! სულ არავის აინტერესებს მათი ორიანტაცია, უზრდელი ადამიანი როცა ხარ, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ. საავადმყოფოში მაგათგან წევს ვინმე?! მთელმა უბანმა დაინახა რაც მოხდა და პოლიციასაც ის მოვუყევით“, - აცხადებს ეგნატე ნინოშვილის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები ქალბატონი „რეზონანსთან“ საუბრისას.
მეზობლებისგან სრულიად საპირისპირო ვერსიას „რეზონანსთან“„თანასწორობის მოძრაობის“ ოფისის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე ყვება. მისი თქმით, ჩხუბის მოთავეები მეზობელი ქლბატონი და მისი სიძე იყვნენ. ბერიანიძე ამბობს, რომ 29 სექტემბერს ღამის ათ საათზე ორგანიზაციის წარმომადგენლები გარეთ იდგნენ და საუბრობდნენ. მეზობელი ქალბატონი მათ სახლიდან გამოუვარდათ, წყევლა და ყვირილი დაუწყო. დაჟინებით მოუწოდებდათ, რომ სასწრაფოდ გაჩუმებულიყვნენ და ტერიტორია დაეტოვებინათ.
ბერიანიძე ამბობს, რომ ქალბატონმა ასეთ აგრესიაზე საკადრისი პასუხი მიიღო, რის შემდეგაც ის წავიდა და სიძე გააღვიძა, რომელსაც უთხრა, რომ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ბერიანიძეს თქმით, ამის შემდეგ ორივე - ქალბატონიც და მისი სიძეც - გამორბიან სახლიდან და ლგბტ-თემის წარმომადგენელ სამ ადამიანს მოულოდნელად თავს ესხმიან და ცემენ. ბერიანიძე აცხადებს, რომ ჩხუბში ქალბატონიც მონაწილეობდა.
„ჩხუბი თავად დაიწყეს და სამი ადამიანი ერთმა კაცმა სცემა. კონფლიქტში ქალბატონიც მონაწილეობდა. მეზობლებს ამ ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია.
„ზოგადად, ეს მამაკაცი ჩვენს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა. სულ ცდილობს, რომ რაღაცაზე გვეჩხუბოს. ძაღლი ჰყავს და ჩვენს ეზოში სპეციალურად უშვებს, რომ მერე რამეზე წაგვეკიდოს.
„ეს ქალბატონი ღამის ათ საათზე გამოგვივარდა, წნევა მაწუხებს და ნუ ხმაურობთო. აგრესიაზე და წყევლაზე საკადრისი პასუხიც მიიღო. ამის შემდეგ წავიდა და სიძე გამოიყვანა. გვემუქრებოდა, რომ მანქანაში იარაღი ჰქონდა და ყველას დაგვხოცავდა. ერთ ჩემს თანამშრომელს ყელში ხელი წაუჭირა და ახრჩობდა. ძლივს გავაგდებინეთ ხელიდან.
„მატყუარები არიან. იმ საღამოს არც არაფერი ტვინის შერყევა და არც დაზიანებები არ ჰქონდა. მხოლოდ დილით გაახსენდათ, რომ ნაცემები იყვნენ. შეეშინდათ პასუხისმგებლობის. წავიდნენ, საავადმყოფოში დაწვნენ. აღმოჩნდა მეორე დღეს, რომ კაცს ტვინის შერყევა აქს და ქალს ფეხი აქვს ნაღრძობი. ექსპერტიზა დაადგენს, ერთი რა დაზიანებები აქვთ“, - აცხადებს ბერიანიძე.
მისივე თქმით, მათ მიერ გამოძახებული პოლიცია და სასწრაფო არ იჩენდა კეთილგანწყობას მსხვერპლების მიმართ:
„უხეშად მიმართავდნენ ნაცემ ხალხს; ცუდად მყოფ ადამიანს სასწრაფოს ექიმი ეუბნებოდა - თუ ცუდად ხარ, ჩემგან რა გინდა, სახლში წადიო... ნაცემი ადამიანის დაზიანებული სხეულის ნაწილები არ ჰქონდა აღწერილი სასწრაფოს თავის ჩანაწერში და მხოლოდ ჩხუბის მერე გადაშალა „არ აღენიშნება დაზიანებები“ და ჩაწერა „აღენიშნება ყელის არეში დაზიანებები“ და ა.შ.
„ხოლო მათ კითხვაზე, გაჩხრეკდნენ თუ არა თავდამსხმელის მანქანას, საიდანაც იგი იარაღის ამოღებას აპირებდა, პოლიციელები, პასუხის გაცემის ნაცვლად, ირონიულად ამშვიდებდნენ და მხოლოდ 2 საათის მერე, რა პერიოდიშიც იარაღის გადამალვა პრობლემას არ წარმოადგენდა, დალუქეს მანქანა.
„ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს იმავე მეზობლებმა პოლიციის თვალწინ აგინეს. სწორი და კანონიერი რეაგირების მაგივრად, პოლიციელები ჩვენს თანამშრომელს აწყნარებდნენ და ეუბნებოდნენ - გეჩვენება გინებაო (არადა ყველამ გავიგეთ ეს გინება).
„დავრეკეთ გენინსპექციაში, შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში და სახალხო დამცველთან. სახალხო დამვცელის მობილური ჯგუფი 3 საათის შემდეგ მივიდა ადგილზე, როდესაც უკვე დაშლილები ვიყავით და პრეტენზიებით დაგვირეკა - მოვედი და სად ხართო. ადამიანის უფლებათა დეპარტამენტმა დამატებით გამოგზავნა პოლიცია და მათი მოსვლის შემდეგ პროცესი შედარებით უკეთესად გაგრძელდა,“ - აცხადებს ლევან ბერიანიძე „რეზონანსთან“
შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეზონანს“ განუცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, თბილისში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე, N56-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისთან, ლგბტ თემსა და მეზობლებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
„ამ ეტაპზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 28 სექტემბერს, გვიან ღამით, „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისის ეზოში, ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენელსა და იმავე ქუჩაზე მცხოვრებ ქალს – 1952 წელს დაბადებულ ნ.ი.-ს შორის ხმაურთან დაკავშირებით, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რასაც აღნიშნული ქალის ნათესავი – 1983 წელს დაბადებული გ.ფ. შეესწრო.
„კონფლიქტი, ერთი მხრივ, ლგბტ თემის წარმომადგენლებს – ვ.კ.-ს, თ.ე.-ს, ა.უ.-ს, რ.კ.-სა და მეორე მხრივ, გ.ფ.-ს შორის გაგრძელდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კონფლიქტის შედეგად, გ.ფ. მიღებული დაზიანების გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. საქმეზე გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და შესაბამისი ექსპერტიზების დანიშვნა“, - აცხადებენ უწყებაში.