,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის'' მთავარი საბჭოს წევრი დარბევის დეტალებს იხსენებს 26 მაისის აქციის დარბევას შალვა ოგბაიძის შვილებიც შეეწირნენ. პოლიციელებმა ორივე აწამა, სასტიკად სცემა. მერე უმცროსი გამოუშვეს, ხოლო უფროსს ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ეს ფაქტი აქამდე არ გახმაურებულა. პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის'' მთავარი საბჭოს წევრი, შალვა ოგბაიძე ,,ვერსიასთან'' საუბრისას ამ დეტალებსაც იხსენებს, 26 მაისის მოვლენებსაც აფასებს და დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმესაც.
ბატონო შალვა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 მაისის აქციის დარბევის მასალების შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ პოლიციამ ძალას გადაამეტა, რამდენიმე დღის წინ კი ამის გამო, პოლიციელები ჩამოაქვეითეს და რამდენიმეს სასტიკი საყვედურიც გამოუცხადეს, რამდენად ეთანხმებით ამ შეფასებას?
- განსხვავებულ ადამიანებს, შეფასების განსხვავებული კრიტერიუმები აქვთ. ვისთვის ეს ძალის გადამეტებაა და ვისთვის - სისხლის სამართლის დანაშაული. მიმაჩნია, რომ 26 მაისს, საკუთარი მოქალაქეების მიმართ ხელისუფლებამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, რასაც შემდეგი ხელისუფლება გამოიძიებს. ამ ხელისუფლების პერიოდში, ამას ვერავინ გამოიძიებს.
თქვენ სად იყავით 26 მაისს, რას შეესწარით და რა შეგიძლიათ გვიამბოთ?
- 26 მაისს, დარბევის დაწყებიდან ძალიან მალე, მე და ჩემი უმცროსი ბიჭი დაგვაცილეს ერთმანეთს. ორი დღე სახლში არ ვიყავი ნამყოფი და ოჯახის წევრებმა საჭმელი მომიტანეს, მაგრამ ერთმანეთი ზუსტად მაშინ დავკარგეთ, როდესაც ჯერ მხუთავი გაზით შემოგვიტიეს და შემდეგ - წყლის ჭავლით. მერე ხელები შემიკრეს და მეტი არაფერი მახსოვს, ვერც ვიხსენებ, როგორ მიმიყვანეს ემერჯენსში. სერიოზული ფიზიკური დაზიანება - ტვინის შერყევა მქონდა. ამიტომ ბევრს ვერაფერს ვიხსენებ.
როგორც ვიცი, თქვენი შვილებიც დაიჭირეს, სად იყვნენ ისინი იმ დროს?
- ჩემს შვილებს პოლიტიკასთან შეხება არასდროს ჰქონიათ და არც ახლა აქვთ. მათ უბრალოდ, საკვები მომიტანეს, რადგან ორი დღე სახლში არ ვყოფილვარ. დიახ, ჩემი შვილებიც დაიჭირეს, აწამეს, ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენეს, უმცროსი მაშინვე გამოუშვეს, უფროსი კი ერთი თვე იჯდა.
დაკავების მიზეზი რა იყო?
- დაუმორჩილებლობა. უმცროსი რამდენჯერმე სცემეს, წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო და მერე, ალბათ, ასაკის გამო, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე გამოუშვეს.
ბატონო შალვა, ახლა როგორ არიან თქვენი შვილები?
- რეაბილიტაციის კურსს აგრძელებენ. ექიმების დასკვნით, მათ აღენიშნებათ მძიმე პოსტტრავმული დარღვევები, რაც საკმაოდ ხანგრძლივ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას საჭიროებს.
თქვენ, როგორც პარტიის მთავარი საბჭოს წევრი, რას აპირებთ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით?
- ძველი ქართული ანდაზაა: ყმას ეკითხებიან, ვინ დაგჩაგრაო? ბატონმაო, - პასუხობს, სად უნდა იჩივლოო და ბატონთანო. ცხადია, ამ ხელისუფლებასთან არავითარ ჩივილს აზრი არ აქვს. ეს ჩემი არჩევანი იყო და ვიცოდი, რაც მოხდებოდა, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ადამიანებს გასასვლელ გზას არ დაუტოვებდნენ, რომ სადამსჯელო ოპერაციას განახორციელებდნენ, იმას გააკეთებდნენ, რაც როდიონოვსაც კი არ გაუკეთებია 1989 წლის 9 აპრილის მიტინგის დარბევის დროს.
მესმის, რომ აქაურ სასამართლოს არ ენდობით, მაგრამ ხომ არსებობს სტრასბურგის სასამართლო? ბრძოლის როგორ ეტაპზე გადადიხართ?
- როგორც აქამდე იყო, მომავალშიც ჩვენი ბრძოლის ეტაპი მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი იქნება. ხელისუფლება მოძალადეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეც ძალადობრივი გზით უნდა ვებრძოლო. გავაგრძელებ ბრძოლას კონსტიტუციური, სამართლებრივი გზით.
ბატონო შალვა, ვრცელდება აზრი, რომ ფოტორეპორტიორები სწორედ 26 მაისს გადაღებული ფოტოების გამო დაიჭირეს. თქვენ თუ აკავშირებთ ფოტორეპორტიორების დაკავებას 26 მაისის დარბევასთან?
- და არამარტო ამასთან, 26 მაისის ამბებთან რომ არიან დაკავშირებულები, ეს ერთ-ერთია და არა ერთადერთი მიზეზი. ხელისუფლებამ საკუთარი ძალის გაცილებით უფრო ბრუტალური და უხეში დემონსტრირება მოახდინა, როდესაც მიიღო ცვლილება კანონში, რაც რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციას ეხება და ეს გაცილებით საშიში ტენდენციაა. არსებობს ასეთი გამონათქვამი, ,,ძალაუფლება რყვნის ხელისუფლებას და აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად''. ხელისუფლებამ ყველაფერს გადაუსვა ხაზი, როდესაც ამ კანონის მიღების გამო ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა
- მრევლი შეიკრიბა და ხელისუფლებას ხალხის დიდი რაოდენობა აშინებს. სხვათა შორის, ეს ხალხი არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი არ ყოფილა. ამის შემდეგ ხელისუფლება შეეცადა, რომ ფოტორეპორტიორების დაკავებით გადაეფარა ძალისმიერი და დაჩქარებული მეთოდით მიღებულ კანონთან დაკავშირებული საპროტესტო მუხტი. ფოტოგრაფის მოვალეობა ფოტოგრაფირებაა და რა საიდუმლო ობიექტი აქვთ გადაღებული, გამარკვიეთ, ერთი. გამორიცხულია, ეს აბსურდია და ამაში გიორგი აბდალაძის აღიარებითმა ჩვენებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რადგან მის თითოეულ სიტყვაში ისმოდა,
- ხალხო, მიშველეთ, მე არ ვამბობ იმას, რაც გულში მიდევს.
ხელისუფლებამ უკვე გამოგვიცხადა, რომ 26 მაისის აქციები რუსეთის სპეცსამსახურებთან იყო დაკავშირებული. ფოტორეპორტიორების საქმეც რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირდება, ეს ყველაფერი ერთი ხელწერა და ერთი, საერთო ჯაჭვი ხომ არ არის?
- ,,მგელი მოდის, მგელი მოდის'', ეს ფაბულა უკვე გაჩნდა, მაგრამ ხელისუფლებამ რაღაც ახალი უნდა მოიგონოს. იცით, რა არის აბსურდი? მე და ჩემი ვაჟი, რომელიც სასტიკადაა ნაცემი, მოხალისედ ვიყავით ცხინვალში საბრძოლველად, მაგრამ ის ადამიანები, რომლებმაც ჩემი შვილები გალახეს და მათი ხელმძღვანელობა წითელ ხიდთან რიგში იდგნენ, ეს ყველაფერი ლოგიკაში არ ჯდება. თვითონ ვაკე-საბურთალოს გამგეობაშიც დაადასტურებენ, როგორ მივედი ღამით, როგორ ჩავეწერე მოხალისედ, იქ იყო გამგებლის მოადგილე, აპარატისა და ვაკე-საბურთალოს კომისარიატის წარმომადგენლები. ამიტომ, ლოგიკაში არ ჯდება, რომ მე და ჩემი შვილი ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდით, მაგრამ ამ დროს, ვიღაცები ცილს მწამებენ, მაისის აქციებით, რუსეთს წინ უნდა შემოძღოლოდაო. 19 ივნისიდან დაიწყო უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრების სერია და ყველა უკანონო პატიმარს სოლიდარობას ვუცხადებ. ეს ადამიანები ოჯახებს ინახავდნენ, ზოგს კრედიტიც ჰქონდა აღებული, ახლა კი მათი ოჯახები ბედის ანაბარად დარჩნენ. რაც მთავარია, საკმაოდ აბსურდული ბრალდებით - წინააღმდეგობის გაწევის გამო დააპატიმრეს, თანაც მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ. შეიძლება, ამის გამო ადამიანის დაპატიმრება?