გოგა ხაინდრავა: ხმა ავიმაღლოთ ამ სიბნელის და სიბინძურის წინააღმდეგ!

გოგა ხაინდრავა: ხმა ავიმაღლოთ ამ სიბნელის და სიბინძურის წინააღმდეგ!

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან“ ინტერვიუში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში მოიპოვებს გამარჯვებას.

გოგა ხაინდრავამ საუბარი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადებით დაიწყო:

- სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ გამოსვლაში განაცხადა, დებატებში ვიწვევ შავი ძალის ორივე სახესო, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, ვინ არის ეს შავი ძალა და არც ის უთქვამს, რომელ სახეებს გულისხმობდა. 15 წუთში გამოვარდნენ გრიგოლ ვაშაძე და გიგა ბოკერია და განაცხადეს, მზად ვართ დებატებში მონაწილეობისთვისო. პრაქტიკულად, მათ დაადასტურეს და თვითონაც იციან, რომ შავი ძალა არიან. არა მარტო შავი ძალა არიან, არამედ ბოლშევიკური ძალის ნარჩენია საქართველოში. 1921 წელს ბოლშევიკები რომ შემოვიდნენ საქართველოში, ვაშაძისნაირი „პატრიოტები“ სალომე ზურაბიშვილისნაირ ოჯახებს დევნიდნენ ზუსტად ისე, როგორც დღეს იდევნება სალომე მათი მხრიდან ამ ბოროტი და შავი ძალის მხრიდან. მე მგონი, ძალიან კარგი სახელი მოიფიქრა, ნამდვილად შავი ძალაა, მომავალი კრემლიდან თავისი პიარ-მენეჯერებით, სკლიაროვით, რომელიც თავის დროზე პუტინის საარჩევნო კამპანიის პიარ-მენეჯერი იყო, შემდეგ ქსენია სობჩაკის, ახლა გრიგოლ ვაშაძის პიარ-მენეჯერია. მაგან მოიგონა ეს, თუმცა, ამას არაფერი მოგონება არ უნდა, რაც ეს ბოლშევიკური ბოროტება და ბაცილა არსებობს, მას მერე იყენებენ. ცილისწამება, ისეთი რამის დაბრალება ადამიანზე, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია - ეს არის სამარცხვინო მოვლენა, როდესაც ფეიკ-მედიაში „სალომე მოღალატეა“ - იწერება, როდესაც ვხედავთ, რომ სანაგვე ყუთზეა გაკრული პლაკატები წარწერით „სალომე მოღალატეა“. ზუსტად სანაგვე ყუთშია ვაშაძის და ბოკერიას ადგილი და სამწუხაროდ, უბედურება ის არის, რომ დღემდე პარლამენტში არიან! ეს ნაგვის ყუთის ბინადრები, ეს შავი ძალა მართლა!

იმედი მაქვს, ყველა მიხვდება, რომ ბოლშევიზმი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს!

- სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ გამონათქვამებს ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა...

- პუტინის გამოზრდილი ლეკვი - ვაშაძე, „კაგებეს“ სამჭედლოში სწავლობდა 1976 წლიდან 1981 წლამდე, ანდროპოვის დროს, რომელიც სტალინის შემდეგ ყველაზე რეაქციული ხანა იყო საბჭოთა კავშირში. მაშინ დაიჭირეს მთელი პატრიოტები, დისიდენტები, ბუკოვსკი, მერაბ კოსტავა... ამ სამჭედლოდან გამოსული კაცი თავის ინტერვიუებში იძახის, რომ ეს იყო თავისუფლების კუნძული... „კაგებეს“ სამჭედლო მისთვის იყო თავისუფლების კუნძული... „მე რუსული კულტურის შვილი ვარო...“ - დედას აგინებს მთელ ქართულ პრესას რუსულ ენაზე და შეურაცხყოფას აყენებს, ყველამ გაიგონა ეს და არც ქარტიები, არც ჟურნალისტური კავშირები, არც „ენჯეოები“ ხმას არ იღებენ! არცერთმა არ თქვა, როგორ ბედავ ჩვენი დედის გინებასო! ეს გავიგონეთ ყველამ ტელევიზორში და ფეიკ-მედია კივის, როგორ გაბედა სალომე ზურაბიშვილმა იმის თქმა, ტვინი გაანძრიეთო. რა თქმა უნდა, ამ ვითომ ჟურნალისტებს ვაშაძისგან რუსულად დედის გინება დედის ნანასავით ესმით. ამ საზოგადოების უბედურებაც ეს არის, დაიპყრო ამ შავმა ძალამ პრესაც, „ენჯეოებიც“ და გამოგვიყრუეს ყურები ამ სიბინძურით, რომლის ჩამდენი შეიძლება მარტო ბოლშევიკები და ნაცისტები არიან, ეს ორ ნაწილად გაყოფილი სიბნელე კი ნაცისტებიც არიან და ბოლშევიკებიც. მინდა, საზოგადოებას მივმართო, ხმა ავიმაღლოთ ამ სიბნელის და სიბინძურის წინააღმდეგ! როდემდე შეიძლება ამის მოთმენა?!

გარდა იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი როგორც საქართველოს, ისე საფრანგეთის ერთ-ერთი გამორჩეული მოქალაქეა, დაჯილდოებულია ღირსებისა და უმაღლესი სახელმწიფო ორდენებით საფრანგეთში, განსაკუთრებული ბიოგრაფიის პატრონი და ევროპული სულისკვეთების ჩამომტანი, სიმბოლო გაერთიანებული საქართველოსი. დღეს იმ ძალების შთამომავლები, რომლებმაც სალომეს ოჯახი 1921-1924 წლებში საქართველოდან გააგდეს, წამლავენ სალომეს. ეს უნდა დამთავრდეს! ქართველმა საზოგადოებამ ამ სიბნელეს წერტილი უნდა დაუსვას! ბოლშევიკური ბაცილა საქართველოში კიდევ ტრიალებს! სანამ ბოკერია პარლამენტში იჯდება და ვაშაძისნაირი მანქურთები პოლიტიკურ ასპარეზზე იქნებიან, ესე იგი ბოლშევიზმი და ნაციზმი საქართველოდან ჯერ კიდევ არ გამქრალა! მგონი, დროა, ამ სიბნელეს წერტილი დავუსვათ.

- თქვენი აზრით, დაესმება თუ არა წერტილი ამ სიბნელეს?..

- მე მჯერა საქართველოს მომავლის! მჯერა, რომ საქართველო მომავალში იყურება და არა წარსულში, მჯერა, რომ ეს ნაციზმი დამთავრდება.

ეს ვაშაძე რომ იტყუება და პირდაპირ ქვენა გრძნობებზე რომ თამაშობს, პენსიონერებს 400 ლარს მივცემო და მეორე ნასხლეტი ვაშაძის, ბაქრაძე რომ იძახის, სტუდენტებს დავაფინანსებო და პენსიას 50 ლარით გავზრდიო, როგორ გაზრდიან, ვინ ეკითხება პრეზიდენტს ამ უფლებამოსილებით ან პენსიის გაზრდას ან სტუდენტების დაფინანსებას?! ეს ხომ ძალიან იაფფასიანი სიცრუეა, რომელიც გათვლილია გაჭირვებულ ადამიანზე. ეს სპეკულიანტები, სულის გამყიდველები!

- ოპოზიცია განსაკუთრებით აპელირებს სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებაზე, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო...

- რამდენიმე დღის წინ მე დავსვი შეკითხვა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე და არცერთი ვითომ ჟურნალისტი არ გამომეხმაურა... რომელი ქვეყანაა რუსეთის გარდა, რომელიც საქართველოში დესტაბილიზაციითაა დაინტერესებული? არცერთი, რუსეთის გარდა! რომელი ქვეყანაა, უკრაინაში დესტაბილიზაციით რომ არის დაინტერესებული? არცერთი, რუსეთის გარდა! ორივე ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყარო არის სააკაშვილი! უკრაინაში უკვე ვიხილეთ ეს დესტაბილიზაცია და საქართველოში მხოლოდ სურვილი აქვს და მაგასაც ხომ ვხედავთ, ვისი ხელით აკეთებს ამას ეს პარაზიტი. ვისი ხელით და ვაშაძის ხელით, რომელმაც განაცხადა უკვე, რომ პირველს რასაც გააკეთებს, გაათავისუფლებს ამ ბოროტმოქმედებს - სააკაშვილს, მერაბიშვილს, ახალაიებს, ამ კაციჭამიებს და სისხლისმსმელებს და, რა თქმა უნდა, ეს არის დესტაბილიზაცია საქართველოში და ვინ ოცნებობს მაგ დესტაბილიზაციაზე? ვინ ილაპარაკა მაგის შესახებ გაერო-ს და სხვადასხვა ტრიბუნიდან?! რუსებმა! ლავროვმა, პუტინმა, ეგენი ცდილობენ დესტაბილიზაციას და არა ფრანგები. ფრანგებს არ სჭირდებათ დესტაბილიზაცია საქართველოში და იქიდან ჩამოსული ქალბატონი, რომელიც თავის დროზე ჟაკ შირაკის გადაწყვეტილებით მოვიდა საქართველოში, ისეთი აქტი აქვს განხორციელებული, რომელიც მთელ დანარჩენ პოლიტიკურ მოღვაწეებს ერთად აღებულს თუ აქვთ, ბაზების გაყვანას ვგულისხმობ. მე მაშინ ვიყავი იმ მთავრობის მინისტრი, მონაწილეობას ვიღებდი მოლაპარაკებებში და ვადასტურებ, რომ დიახ, სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით იყო გაყვანილი რუსული ჯარები საქართველოდან, თორემ სააკაშვილმა და ვაშაძემ ისინი უკან დააბრუნეს! გრიგოლ ვაშაძე ომის დროს რუსეთის მოქალაქე და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. სააკაშვილს აქეთ ყურთან „კაგებეს“ ნაყოფი ვაშაძე ეჯდა და იქით ყურთან ბიძამისი ალასანია, ისიც „კაგებეს“ ნაყოფი. რა თქმა უნდა, 2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიას, ცხინვალს სააკაშვილმა გაუხნა ცეცხლი! ეგ არის დამნაშავე! საქართველომ კი არ დაიწყო ომი, სააკაშვილმა საკუთარ მოქალაქეებს გაუხსნა ცეცხლი და მან პასუხი უნდა აგოს ქართველი ხალხის წინაშე და ქართულ სასამართლოში! ჰააგა და სტრასბურგი ცალკე თემაა. ძალიან კარგად იცის მთელმა მსოფლიომ, რომ აგრესორი არის ის, ვინც უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საკუთარი ჯარით შედის და აღარ გამოდის იქიდან. ქართული ჯარის საჯარისო შენაერთები რუსეთის ტერიტორიაზე არ შესულან! ისინი შემოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე და ისევ აქ არიან! ამიტომ, აქ კითხვის ნიშანი არ არის. ესეც ვაშაძის, ბოკერიას და სააკაშვილის დამსახურებაა, რომ დღეს ამ თემაზე პოლემიკა მიდის. ეს პოლემიკა სჭირდება ზუსტად რუსეთს. რუსეთს სჭირდება და არა ჰააგას და სტრასბურგს! ჰააგამ და სტრასბურგმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ოკუპანტი და ვინ არის იმპერიალისტი, რადგან რუსეთი არა მარტო საქართველოში, არამედ მოლდოვაში, სირიაში და უამრავ ქვეყანაში იმავეს აკეთებს, რასაც საქართველოში. ამიტომ არავინ  დასვამს ჰააგაში და სტრასბურგში კითხვას, ვინ არის აგრესორი, ძალიან კარგად იციან იქ!

2008 წლის 2 ოქტომბრის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ხელს აწერს მანქურთი კანდელაკი, რომელიც დადიოდა და ევროპის პარლამენტში დეპუტატებს ეუბნებოდა, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციას ხმა არ მისცეთო. ჩიორა თაქთაქიშვილი აწერს ხელს, პეტრე ცისკარიშვილმა მოაწერა ხელი და გიგა ბოკერია იყო კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც დაუდასტურა ყველას, რომ 7 აგვისტოს, გამთენიას, ცეცხლი სააკაშვილმა გახსნა და ამან განაპირობა ომი. შავით თეთრზე წერია ეს რეზოლუციაში, რომელიც სტრასბურგშიც დევს, ჰააგაშიც, ნიუ-იორკშიც და ვენაშიც. ამას მალავენ და მაგაში ეხმარებიან ქართული პრესა და ვითომ „ენჯეოები“, „ნაციონალური მოძრაობის“ ლეკვები, არასამთავრობო ორგანიზაციებად რომ მოაქვთ თავი, კაპიტანი გიგაურის თამადობით, რომელმაც იმის გამო, რომ 7 ნოემბერს სისხლში ჩაახრჩეს ქართველი ხალხის თავისუფლებისაკენ და დემოკრატიისკენ ლტოლვა, ჯილდოები დაურიგა სპეცრაზმელებს და თვითონაც კაპიტნის წოდება რიგგარეშედ მიიღო! ეს არის სახე იმათი, ვისაც ებრძვის სალომე და ებრძვის მარტო. სირცხვილია! ქართველმა ერმა მხარი უნდა დაუჭიროს ამ უთანასწორო ბრძოლას სიბნელის, შავი ძალის წინააღმდეგ და მაგათი ორი სახის - აქეთ ბაქრაძე და იქით - ვაშაძე. ერთი სამჭედლოდან არიან გამოსული!

- ბატონო გოგა, როგორია თქვენი მოლოდინი, გაიმარჯვებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებში?

- ყველაზე მეტად მომზადებული, ევროპულად მოაზროვნე, ყველაზე მეტად გათვითცნობიერებული და ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი, რომელმაც დღეს შეიძლება ძალიან დიდი სამსახური გაუწიოს საქართველოს პრეზიდენტის რანგში იმ უფლებამოსილებით, რაც დღეს პრეზიდენტს გააჩნია, არის სალომე ზურაბიშვილი. თუ ამ ქვეყანას გონება არ დაუკარგავს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეა, იმიტომ, რომ ეს არის ქრისტიანი ხალხის ქვეყანა, მართლმადიდებელი ხალხის ქვეყანა და გონიერი და ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს, პირველივე ტურში დაანგრევს ამ ბნელ ძალას და იმედი მაქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს, ბუნებრივია, ქართველი საზოგადოების მხარდაჭერით!