"აქციებს ის ენერგეტიკა აღარ აქვს, რაც დასაწყისში ჰქონდა" - საყვარელიძე სარალიძე-მაჩალიკაშვილის პროტესტზე

"თუ ამ ადამიანებმა იციან, ვინ არის მკვლელი, მაშინ როგორც პიროვნებებმა უნდა მიიღონ რაიმე გადაწყვეტილება, თორემ ხელისუფლება აიძულო გამოიკვლიოს, ეს შედეგიანი არ იქნება," - აცხადებს "რეზონანასთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე რუსეთაველზ ემიმდინარე აქციაზე.

- აქციები სწორი გზა არ არის, მითუმეტეს აქციებს ის ენერგეტიკა აღარ აქვს, რაც დასაწყისში ჰქონდა. პოლიტიკური პარტიები მივლენ, მაგრამ მე მგონი კარგად ჩანს, რომ ამ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების ის რაოდენობა არ არის, რომელიც ხელისუფლებას რაიმეს აიძულებს.

თუ ამ ადამიანებმა იციან, ვინ არის მკვლელი, მაშინ როგორც პიროვნებებმა უნდა მიიღონ რაიმე გადაწყვეტილება, თორემ ხელისუფლება აიძულო გამოიკვლიოს, ეს შედეგიანი არ იქნება.

ცოტა ბავშვური დამოკიდებულება მგონია ხალხის ქუჩაში დადგომით სიმართლე დადგენილიყო, მსგავსი ფაქტი მე არ მახსენდება. ხელისუფლებას ყოველთვის ექნება იმის საშუალება, რომ სიმართლის ნაწილი დაადგინოს. რაციონალიზმი ამ ნაბიჯში არ ჩანს. ემოციურად გასაგები და გულსატკენია, მაგრამ გადაწყვეტილებისკენ პროცესი ვერ განვითარდება.

- თუკი მეორე ტური ჩატარდება, თქვენი აზრით, ამ მეორე ტურში ვის ვიხილავთ?

- მეორე ტური იქნება, თუკი ხალხი არ მივა არჩევნებზე და 50%-იანი ბარიერს ვერცერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ გადალახავს. ტექნიკური ბარიერის საფუძველზეც შეიძლება მეორე ტური დაინიშნოს და არა მარტო იმით, რომ დავუშვათ ერთნაირი ხმები დააგროვოს რამდენიმე კანდიდატმა. „ნაციონალების" კანდიდატი ვერასდროს დააგროვებს იმდენ ხმას, რამდენსაც „ოცნების" კანდიდატი, ვინც არ უნდა იყოს ის, ერთი თუ მეორე.

- „ომეგა ჯგუფმა" ლონდონის სასამართლოში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. რას ფიქრობთ აღნიშნულთან დაკავშირებით?

- როგორც ჩანს, დიდი ხნის წინ ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელმა საუბარი ჩაიწერა და ის ჰაერიდან არ გაჩენილა. რახან დიალოგს იწერს ადამიანი, ე.ი. ის ამ დიალოგს გამოაქვეყნებს. ის კი გამოაქვეყნებდა მაშინ, როდესაც რაღაცისთვის დასჭირდებოდა. დასჭირდა მაშინ, როდესაც სურდა თავი გადასახადებისთვის აერიდებინა. ეს სულ არ გამორიცხავს იმას, რომ მეორე მხარე არ სცოდავდეს, მაგრამ არც ომეგა ჯგუფის ცოდვა არის გამორიცხული. ერთიც და მეორეც მიუღებელია.