პარლამენტში კანაფის კულტივაციასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია, თუმცა მისი გამოწვევა არ იგეგმება.
ჟურნალისტებთან საუბრისას პარტლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უნდა მოხდეს საზოგადოების სწორი ინფორმირება და ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტზე მსჯელობა მომავალში გაგრძელდება:
"ჩვენ ვთქვით, რომ გვექნება აუცილებლად კონსულტაციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარია, რომ მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება იმაზე, თუ რას ითვალისწინებდა ეს კანონპროექტი. არასწორი ინფორმაცია მიეწოდებოდა საზოგადოებას, თითქოს ის ითვალისწინებდა ნარკოტიკების წარმოებას. პირველ რიგში, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საზოგადოების ინფორმირება. მოვახდენთ ინფორმირებას, იქნება კონსულტაციები და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას."
ამ საკითხთან დაკავშირებით "რეზონანსი" უმრავლესობის დეპუტატ ნუკრი ქანთარიას გაესაუბრა. მან აღნიშნა, რომ მთავრობამ ძალისმიერი მეთოდებით საზოგადოებას თავს არაფერი არ უნდა მოახვიოს:
"საზოგადოებას ძალით არაფერი არ უნდა მოახვიო თავს, განსაკუთრებით თუ საკითხი ასეთი ემოციებს და ნერვიულობას იწვევს. კულტივიზაციის იდეაზე, შესაძლოა, რომ გაგრძელდეს საუბარი, მაგალითად იმაზე, თუ რა შედეგებს გამოიღებს. მაგრამ თუნდაც ხვალ, ზეგ ან ერთი წლის შემდეგ ჩვენ რომ ამაზე გავაგრძელოთ საუბარი, მიმაჩნია, რომ ძალით ამის გაკეთებისგან შორს უნდა ვიყოთ.
"იმის მიხედვით, სხვა ქვეყნებში როგორ ხდება ამ საკითხის გადაწყვეტა, შესაძლოა, რომ ჩვენთან იდეაზე გაგრძელდეს საუბარი. მაგრამ იმდენად ემოციური ფონია, რომ გარკვეული დროც არის საჭირო იმისათვის, რომ თუნდაც საუბარი იყოს ამაზე.
"მე ვიცი, რომ ეს უკვე გაჩერებულია და ჯერჯერობით არ შემოდის კანონპროექტი. თუ შემოვიდა ეს კანონპროექტი ვიტყვი, რომ ეს არის ძალადობრივი აქტი, საზოგადოების კონსესუსი არ არსებობს," - დასძინა ქანთარიამ.