დანარჩენ საქართველოზე რომ არაფერი ვთქვათ, მთელი ჟურნალისტური საზოგადოება აღაშფოთა ე.წ. "ფოტოგრაფების საქმემ".
ცხადია, აქამდეც ეტყობოდა, რომ ეს "საქმე" "თეთრი ძაფით იყო ნაკერი", თანაც ძალზე უხარისხო ძაფით და სწორედ ამიტომ, ჩვენი "პალიტრა-მედიის" გამოცემების ხელმოწერაც გახლავთ სხვა მედიასაშუალებებს შორის იმ მიმართვაზე, რომელიც გუშინ გავრცელდა და დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებებს, საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებას ვთხოვთ, რომ ყურადღება არ მოედუნებინათ ამ საქმის მიმართ და მხარი დაეჭირათ საზოგადოების მიერ პატივცემული ადამიანების შუამდგომლობისათვის ჟურნალისტების თავდებით გათავისუფლების შესახებ.
მომავალშიც, სხვა ჟურნალისტებთან ერთად, არ დავიღლებით ჩვენი უდანაშაულო კოლეგების უფლებებისთვის ბრძოლით, რადგან ამ შემთხვევაში არ არსებობს კორპორატიული ინტერესები და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ სად მუშაობს - ახლა, სხვას რომ თავი დავანებოთ კოლეგიალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოვიჩინოთ.
ეს ყველაფერი მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ "კვირის პალიტრა" უშუალო კავშირში აღმოჩნდა "ფოტოგრაფების საქმესთან", უფრო ზუსტად, - "აბდალაძის საქმესთან". ამიტომ უპრიანი იქნება, თუკი სწორედ ჩვენ შევეცდებით იმ შეუსაბამობებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც გიორგი აბდალაძის ჩვენებასა და მაშინდელ რეალობას შორის არის, მით უმეტეს, რომ მაშინდელ "კვირის პალიტრასა" და ჟურნალ "გზაში" ყველაფერი ზუსტად არის აღწერილი. თუ რატომ აყალბებს, ან აყალბებინებენ ფაქტებს აბდალაძეს, ამაზე ყველას სხვადასხვა აზრი შეიძლება ჰქონდეს და იმედია, უახლოეს ხანებში გათავისუფლებული ჩვენი კოლეგა ყველაფერს აგვიხსნის.
თავიდან მოვყვეთ: ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ახალდაარსებულ ჟურნალ "გზისთვის" (ჯერ მხოლოდ რამდენიმე ნომერი იყო გამოსული) რედაქციამ რეპორტაჟის მომზადება დამავალა ერგნეთის ბაზრობიდან, რომელიც სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ფაქტობრივ საზღვარზე მდებარეობდა და ერთ ნახევარს (სურსათის ბაზრობას) ქართველი პოლიციელები აკონტროლებდნენ, მეორეს კი (სადაც ბენზინი იყიდებოდა) - ოსი მილიციელები.
ერგნეთის ბაზრობა მუდმივი დებატების თემა იყო პარლამენტშიც და პრესაშიც - ერთნი ამტკიცებდნენ, რომ ეს კონტრაბანდაა და უნდა აილაგმოს, რადგან ტვირთი განბაჟებული არ არის (და ისინი მართლები იყვნენ), მეორენი ამბობდნენ, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში იმ ბაზრობით ირჩენს თავს და თუკი ერგნეთი ჩვენი ტერიტორიაა, ეს ხალხი კონტრაბანდისტად არ უნდა მივიჩნიოთ, წადით და თუ მაგარი ბიჭები ხართ, როკის გვირაბი გადაკეტეთო (და ესენიც მართლები იყვნენ). ასეა თუ ისე, თემა აქტუალური გახლდათ და რეპორტაჟი მომზადდა.
ჩვენს რედაქციაში მაშინ ასეთი წესი იყო: ჯერ ჟურნალისტი წერდა, მერე, თუკი მოწონებული იქნებოდა და დაბეჭდვა გადაწყდებოდა, ფოტოგრაფი მიდიოდა სურათების გადასაღებად.
ერთი სიტყვით, გია აბდალაძე და ჩვენი თანამშრომელი კიაზო ბიჩინაშვილი გაემგზავრნენ, კიაზოს მანქანით. ერგნეთი ახლოსაა, გადაღებასაც დიდი დრო არ დასჭირდებოდა და მათ მაქსიმუმ სამ საათში ველოდით.
რაც იქ მომხდარა, თითქმის ზუსტად აღწერა აბდალაძემ თავის "აღიარებაში" და გამეორებით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ ერთ ნიუანსს აღვნიშნავთ, აბდალაძეს ისიც არ ახსოვს, ან "არ ახსოვს", როგორ დააკავეს, რადგან 2000 წლის ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ჯერ კიაზო დააკავეს და მერე მივიდნენ მანქანასთან, რომელშიც აბდალაძე იჯდა; დავუშვათ, რომ ეს მცირედი უზუსტობა შეიძლება არ ხსომებოდა და იმ სერიოზულ შეუსაბამობათა ჩამონათვალში აღარ მოვიხსენიოთ, რომელზეც თქვენი ყურადღების გამახვილება გვინდა, თუმცა ესეც საეჭვოა...
მაშ ასე:
1. გადაბირების თარიღი - ეს ისეთი თვალში საცემი "უზუსტობაა", რომელიც პრესამ მალევე შეამჩნია. ახლა გეტყვით, რატომ პრესამ და არა შსს-მ: აბდალაძის ტყვეობის შემდეგ, როდესაც მან ცხინვალის ციხის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა გაზეთის ფურცლებზე, დე ფაქტო მთავრობამ ქართველი ჟურნალისტები მიგვიწვია, რათა გვენახა, რა საამურია ცხოვრება იმ ციხეში და როგორ იტყუება აბდალაძე.
ბევრნი ვიყავით - თითქმის ყველა გაზეთისა და ტელეკომპანიის ჟურნალისტები, მათ შორის "რუსთავი 2"-ც. ყველას შეეძლო არქივში ენახა მაშინდელი მასალები და მაინც გაცხადდებოდა აბდალაძის "შეცდომის" შესახებ. ალბათ სწორედ ამიტომ დაასწრო ყველას "რუსთავი 2"-მა, თორემ არ გვგონია, რომ ამ ტელეკომპანიას ძალიან სიამოვნებდეს შსს-ს "იაღლიშებზე" საუბარი.
რაც შეეხება, აბდალაძის მიერ თარიღის არასწორად დასახელებას: ნუთუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ ადამიანის ცხოვრებაში მოულოდნელად ასეთი რამ მოხდეს, ის უცებ უცხო ქვეყნის აგენტი გახდეს, მთლიანად შეეცვალოს ცხოვრება და არ ახსოვდეს ის წელი კი არა, საათი თუ წუთი, როცა ეს უბედურება თუ ბედნიერება ეწვია?!
2. სურათები - აბდალაძის თქმით, მას წინ დაუწყვეს დედისა და ძმების სურათები, რომლებიც მაშინ ქუთაისში იმყოფებოდნენ, და დაემუქრნენ მათი ლიკვიდაციით, თუკი ის არ დათანხმდებოდა თანამშრომლობაზე.
წარმოვიდგინოთ სიტუაცია: იჭერენ აბდალაძეს, ცოტა ხანში არკვევენ, რომ გამოადგებათ "შპიონად", მაშინვე მოიფიქრეს და კაცი გაგზავნეს ქუთაისში, მონახეს მისი ოჯახის წევრები, ჩუმად გადაუღეს სურათები და აბდალაძეს წინ დაუდეს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ერთ ღამეში მოხდა, სწორედ ღამეში და არა დღეში და მაშინდელი იქაური დაზვერვა რომ ამდენს ვერ "გაქაჩავდა", ამაში გარწმუნებთ - ცხინვალში ჯერ კიდევ ის დრო იყო, რომ სტალინის სურათი ეკიდა მინისტრის კაბინეტში. ერთადერთი შანსი, რომ მათ აბდალაძისთვის სურათები დაეხვედრებინათ, მაშინ იქნებოდა, თუკი რამდენიმე დღით ადრე ეცოდინებოდათ, რომ ის უნდა ჩასულიყო ერგნეთში. ამის შეტყობინება კი მხოლოდ მე შემეძლო. ასე რომ, მობრძანდით, ბატონებო, მეც აგენტი ვყოფილვარ.
ისე, ძალიანაც ნუ იჩქარებთ, რადგან მათი დაკავების კიდევ ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი: აბდალაძეს სურათები ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გადაეღო, მაგრამ მათ ბენზინის იაფად ჩასხმა გადაწყვიტეს და იმიტომ გადავიდნენ ოსების მხარეზე.
3. ცხინვალის ციხის პატიმრები - აბდალაძემ ჩამოსვლისთანავე აღშფოთებულმა განაცხადა ინტერვიუში ("კვირის პალიტრა", #20, 2000 წელი) ცხინვალის ციხის პირობებზე: წყალი კვირაში ნახევარი საათით; ტუალეტი დღეში ორჯერ 2-2 წუთი; დღეში სამჯერ ცემა და ა.შ. კარგით, ეს აღშფოთება "მასკიროვკა" იყო, მაგრამ ის როგორ უნდა ავხსნათ, რომ იქიდან ჩამოსულმა იმ "გაუფორმებელი" ქართველი პატიმრების, ფაქტობრივად მძევლების სია ჩამოიტანა, რომელთა ახლობლებსაც ისინი დაკარგულები ეგონათ? ანუ თავისი "გადამბირებლები" მაშინვე "ჩაუშვა" და მესამე დღეს გაბედა და ჟურნალისტებთან ერთად ისევ წამოვიდა ცხინვალში - მე რომ პირზე დავადგები, უფრო ვერ შეძლებენ თქვენს მოტყუებასო და მართლაც, როდესაც იქაურმა შს მინისტრმა თავის კაბინეტში მოაყვანინა ქართველი პატიმრები და სისულელეები ალაპარაკა, აბდალაძემ ერთ-ერთ მათგანს ძალით ააწევინა პერანგი და მისი ნაგვემი სხეული დაგვანახა - აი, რატომ ლაპარაკობენ ასეო.
ჩვენ ხომ იქ ვიყავით, ჩვენ ჯანდაბას - "რუსთავი 2" ხომ იყო (სხვათა შორის, მახსოვს, - ნიკურაძე იყო მათგან) და გადაღებული აქვს, როგორ სძულდათ მათ ეს მეტიჩარა ფოტოკორესპონდენტი, რომელმაც ფარდა ახადა იქაურ უმსგავსობას?
რუსი სამშვიდობოებიც კი უხერხულ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ შემდეგ და იმ პატიმართაგან ერთის გათავისუფლებაც მოხერხდა, დანარჩენებზე თქვეს, - უკვე მისჯილი აქვთ და ვერ გამოვუშვებთო. იმ გათავისუფლებულის ინტერვიუ და იარებიანი სხეულის ფოტო გათავისუფლებისთანავე გამოვაქვეყნეთ ("კვირის პალიტრა", #23, 2000 წ.) და სერიოზული პრობლემები შეექმნა ამის გამო ოსურ და რუსულ მხარეებს. ესეც აბდალაძის აქტიურობის შედეგი იყო და ამას როგორ ახსნიან? თუ "ორმაგი აგენტი" იყო?
4. გიორგაძის პარტია - ვთქვათ, აბდალაძე სულელია ან მართლა ფეხებზე ჰკიდია, აგენტი იქნება თუ პატრიოტი და ამიტომ მართლა არ ახსოვს, 2000 წელს დაიჭირეს, თუ 2002-ში, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით და დოკუმენტურად დასტურდება, რომ ეს 2000 წელს იყო?! აბდალაძე ამბობს, რომ ერთი წლის შემდეგ მასთან მივიდა უცნობი კაცი და უბრძანა, "პეროვსკაიაზე" მისულიყო, გიორგაძის პარტიის ოფისში. კარგი ბატონო, მაგრამ "პეროვსკაიაზე" რომ გიორგაძის პარტიამ ოფისი მხოლოდ 2005 წელს იქირავა, ამ ამბავს რა ვუყოთ?! სწორედ 2005 წელს შეიქმნა ალიანსი "ანტი-სოროსი", რომელსიც სხვა სამ პარტიასთან ერთად გიორგაძის "სამართლიანობაც შედიოდა" და თავიანთი თბილისის ორგანიზაციისთვის ახვლედიანის ქუჩაძე ("პეროვსკაიაზე") იქირავეს ფართი (ცენტრალური ოფისი რუსთაველზე ჰქონდათ, გემოვნებას არ უჩიოდნენ.).
ანუ, რა გამოდის? აბდალაძე 2001 წელს (რადგან თვითონ ამბობს, ერთი წლის მერეო) მივიდა გიორგაძის ოფისში, რაც ნონსენსია, ან მართლა მივიდა 2005-ში, ოღონდ აქ უფრო დიდი სისულელე გამოდის: აბდალაძეს ისევ ერევა თარიღები, მაგრამ აქ "სხვა მასშტაბზე გადის": ამბობს ერთი წლის მერე მომაკითხესო, სინამდვილეში კი ხუთი წლის შემდეგ(!), (2000-დან 2005-მდე) გახსენებიათ.
5. ანაზღაურება - აბდალაძე რამდენიმე რედაქციას აწვდიდა ფოტოებს, ჩვენთან მუშაობის დროსაც კი იღებდა პატარ-პატარა შეკვეთებს. მოგეხსენებათ, რა დრო იყო - დედა, ბაბუა და უმცროსი ძმები მისი სარჩენი იყვნენ და ამიტომ ძალიან ბევრს მუშაობდა, მაგრამ ესეც ელემენტარული ანგარიშის ამბავია: თუკი ის "გადამბირებლები" თითო სურათში 250 და ხანდახან 800 ევროსაც(!) უხდიდნენ, ასეთი რა კონსპირატორი იყო, რომ ორ, ან თუნდაც ხუთ ლარად ფოტოებს იღებდა, რომლებისთვისაც ხან ღამეს ათენებდა ქუჩაში, ხან კი მღებრიშვილის "ომონელები" თავს უხეთქავდნენ ხელკეტებით (ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც არის ჩვენთან) ?!
დაბოლოს: აბდალაძისა და ბიჩინაშვილის გათავისუფლებას საერთოდ არ ფიქრობდნენ და "წესის მიხედვით", ანუ ქრთამის სანაცვლოდ აპირებდნენ მათ გამოშვებას, ზურაბ ჟვანიას ამერიკის საელჩო რომ არ შეეწუხებინა, ხოლო შიდა ქრთლის პოლიციის მაღალჩინოსნები - ნოდარ დალაქიშვილი, გელა ცალქალამანიძე და შამილ ხაჩიური პირდაპირ დაემუქრნენ ოსებს, ახლავე თუ არ გაათავისუფლებთ, ჩვენც მძევლებს ავიყვანთო, ეს რომ ზუსტად ასე იყო, დღეს მამუკა არეშიძემაც დამიდასტურა, რომელიც ასევე აქტიურად იყო ჩართული საქმეში.
კითხვები კიდევ გაჩნდება და პასუხის მოძებნა უნდა ვცადოთ.