"რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერ თინა ხიდაშელს გიორგი აბდალაძის აღიარებით ჩვენებამდე შევხვდი და საუბარი შს მინისტრთან 7 ჟურნალისტის აუდიენციით დავიწყე:
- ის, რომ ვანო მერაბიშვილმა როგორღაც იკადრა და ჟურნალისტებს შეხვდა, უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. მერაბიშვლისგან ასეთ საქციელს ბევრი არ ელოდა, რადგან ეს კაცი, მაგალითად, საკანონმდებლო ორგანოში სააკაშვილის გამოსვლების დროსაც არ მიდის... მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროკურატურამ შოთა უტიაშვილის სიტყვები უკან წაიღო და განაცხადა, სასამართოლოში ამ საქმის მოსმენა ღია და საჯარო იქნებაო.... რაც შეეხება სატელეფონო საუბარს, რომელიც მოგვასმენინეს, სრული აბსურდია, რაც ნაწილობრივ მერაბიშვილმაც დაადასტურა და ჟურნალისტებს უთხრა, ამ ჩანაწერს საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს და, უბრალოდ, იმიტომ გამოვაქვეყნეთ, რომ დაგვემტკიცებინა, ეს ხალხი ერთმანეთს იცნობდაო. მოკლედ, ამ შეხვედრით, მართლაც, დიდი შედეგი მივიღეთ, თორემ ისედაც ვიცოდით, რომ ია ანთაძე იქიდან «პოდრუშკით» ვერ გამოიყვანდა აბდალაძეს და ქურციკიძეს...
ქალბატონო თინა, თქვენი აზრით, რატომ დაემთხვა ფოტოგრაფების დაპატიმრება „ენვერის“ სასამართლო განაჩენს?
- ამ ორ საქმეს შორის კავშირს ვერ ვხედავ და ფოტოგრაფების დაკავებას უფრო სხვა ამბავს ვუკავშირებ.
მაინც, რა ამბავს?
- ხელისუფლება მორიგი მსხვერპლის ძიებაში მაშინაა, როცა რაღაც აქვს გადასაფარი. ამჯერად ხელისუფლება ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ექვსი ოპოზიციური პარტიისგან პრინციპული პოზიცია მიიღო, რასაც არ ელოდა. სწორედ ამ არასასურველი ამბის გადაფარვა დასჭირდა და მოახერხეს კიდეც - თვალში რამდენიმე ფოტოგრაფი ამოიღო და ისეთი მნიშვნელოვანი ამბავი, რაც ექვსიანთან დაკავშირებით მოხდა, აღარავის გახსენებია...
საინტერესო მოსაზრებაა, თუმცა ფოტორეპორტიორების დაკავებას 26 მაისის ფოტოებსა და პარლამენტის მიერ მიღებულ «რელიგიის კანონს» უფრო უკავშირებენ...
- გეთანხმებით, ეს აზრიც მუსირებს. სხვათა შორის, «ექვსიანის» შეხვედრა ჩვენც ფოტოგრაფების საქმით გავხსენით, რადგან დღის მთავრი თემა ეს იყო და არა - ის, რომ „ექვსიანის“ პირველი პოლიტიკური ღონისძიება ტარდებოდა...
ისე, პრეზიდენტის ფოტოგრაფის დაკავება კარგი ნიშანი იყო, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელი ტელევიზიის მიკროფონი გიჭირავას, დაზღვეული არაფრისგან ხარ და სწორედ ამიტომ მივმართე ე.წ. ნაციონალური არხების ჟურნალისტებს, რომ სოლიდარობის აქციას შეერთებოდნენ. როცა ქვეყანაში უსამართლობა მეფობს, შეიძლება, ყველაფერი მოხდეს.
ამიტომ, თუ ხელისუფლებას სხვა რამე ექნება „გადასაფარი“, გამორიცხული არაა, რომ ერთ მშვენიერ დღეს «რუსთავი 2»-ის ჟურნალისტებიც დაიჭირონ და ეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სააკაშვილის სიტყვებით გაამართლონ, თუ დანაშაული ჩაიდინა, შვილსაც დავიჭერო. მოკლედ, თუ პრეზიდენტმა საკუთარი ძალაუფლებრივი, პოლიტიკური, ან ფინანსური მოსაზრებებიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ ინფორმაციის ახალი ნაკადი აქვს „გასაჩენი“, მაშინ ეჭვგარეშეა, ყველაფერს იკადრებს, ანუ რადგან თქვა, შვილსაც დავიჭერო, შესაძლოა ასეც მოიქცეს.
ამ ქვეყნად აღარაფერი მაკვირვებს, რადგან ამ ადამიანის ძალაუფლებით თრობის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ვეღარაფერს ხედავს. სააკაშვილი ყველაფერზე წავა, ოღონდ «სი-ენ-ენ»-ის ეთერიდან არ ჩამოვიდეს! სააკაშვილის წყალობით, საქართველოში ავტორიტარიზმია გამეფებული და დიქტატურა მხოლოდ იმიტომ არაა, რომ ქუჩაში ჯერ იარაღით არ დაგვდევენ!
ქალბატონო თინა, ამბობენ, სააკაშვილის რეჟიმს სუსტი და მართული ოპოზიცია ამყარებსო...
- პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების მიმართ ჩემი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ვცდილობ, ეს დამოკიდებულება საზოგადოებას მინიმალურად მოვახვიო, რადგან არ ვარ პოლიტიკური ანალიტიკოსი, თუმცა მუხედავად ამისა, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო ის ქმედება, რაც «ქრისტიან-დემოკრატებმა» და «ახალმა მემარჯვენეებმა» განახორციელეს, თუმცა ექვსი პარტია ბრძოლას მათ გარეშეც გავაგრძელებთ. თარგამაძესა და გამყრელიძეს უნდა ეყოთ გონიერება, რომ ხელისუფლებისადმი ლოიალურობის დასამტკიცებლად, ბრძოლა არ გამოგვიცხადონ.
და თუ ასე მოხდა, ვინ დაზარალდება?
- პროგნოზს არ გავაკეთებ, თუმცა თუ იმ განცხადებებით ვიმსჯელებთ, რომელიც ლევან ვეფხვაძემ გააკეთა, დასტურდება, რომ ძალიან შორს შეტოპა და კოლეგიალურად ვურჩევ, რომ «ხიდების დაწვით» მაინცდამაინც ნუ დაკავდება, რადგან ამ პროცესებიდან მისი პარტია გამარჯვებული ვერ გამოვა!
სხვათა შორის, «ექვსიანის» მიერ შექმნილ კოალიციაზე ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია. მართალია, «ექვსიანი» დარწმუნებულია, რომ არჩევნებს მილიონი ლარი კი არა, მილიონი ხმა იგებს, მაგრამ მაშინ, როცა მედიას ხელისუფლება აკონტროლებს, ხალხის მობილიზებას როგორ შეძლებთ?
- ჩვენ ყველანაირი ბრძოლისთვის მზად ვართ, მაგრამ პრესის თავისუფლებისთვის ჟურნალისტებმაც უნდა იბრძოლოთ. ის, რაც ფოტოგრაფებთან დაკავშირებით ხდება, იმიტომაა ღირებული, ჟურნალისტებმა პირველად იგრძნეს, რომ ადრე თუ გვიან, მათაც მიადგებიან და უარესად შეავიწროვებენ. სწორედ ამიტომ სოლიდარობის აქცია არ უნდა შეჩერდეს, პერმანენტული ხასიათი უნდა მიიღოს და რაც შეიძლება მეტი ჟურნალისტი შეუერთდეს! ჩვენს კოალიციაში რაც უფრო მეტი ადამიანი გაწევრიანდება, მით უფრო გაგვიადვილდება ინფორმაციის გავრცელება. საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველას აქვს რაიონთან კავშირი და, მედიის გარდა, ინფორმაციის გავრცელების ალტერნატიული საშუალებაც არსებობს. მთავარი მონდომებაა!
რა ამის პასუხია და, რამდენიმე დღის წინ, ხანგრძლივი დავის შემდეგ, პატარკაციშვილის ოჯახმა ტელეკომპანია «იმედი» ხელისუფლებას «უფეშქაშა». ამას როგორ ხსნით?
- პატარკაციშვილის ოჯახზე ზეწოლა არ მომხდარა. უბრალოდ, ოჯახსა და სახელმწიფოს შორის საკმაოდ პრაგმატული გარიგება დაიდო - ხელისუფლებამ პატარკაციშვილებს დაუბრუნა სხვა ბიზნესები, რომლებიც მომგებიანია. მაგალითად, ამ გარიგების შედეგად, რუსთავის მეტალურგული ქარხანა პატარკაციშვილების ოჯახის მფლობელობაში გადავიდა. ბადრის ანდერძი კი შეუსრულებელი დარჩა, ან ის ამბობდა, «იმედი» არ იყიდებაო.
ჟურნალისტმა თეა სიჭინავამ თქვა, რადგან პატარკაციშვილების ოჯახმა «იმედი» დათმო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ თემაზე ხმა აღარავინ ამოვიღოთო. «იმედი» დღესაც ისეთივე «მოროდიორობის» ტელევიზიაა, როგორიც ამ ხელშეკრულების დადებამდე იყო და პატარაკაციშვილების ოჯახმა რაც უნდა თქვას, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ჟურნალისტებს შეუძლიათ, საჩივარი დაწერონ, რადგან დარბევის შედეგად, სამსახურები დაკარგეს, მათ პროფესიულ საქმინობაში ჩაერივნენ და მედიის თავისუფლებას საფრთხე შეუქმნეს. ვინმეს ტელევიზია «კოკა-კოლა» არ ეგონოს... მოკლედ, საჭიროა საზოგადოების მობილიზება და ბრძოლა, რომელიც აუცილებლად სასურველი შედეგით დამთავრდება!