ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე არათუ პირდაპირ, ირიბ გავლენასაც ვერ ახდენს
საქართველოში სიღარიბის ზრდა უკვე ოფიციალური კვლევითაც დადასტურდა, რის აღიარებასაც მთავრობა ცოცხალი თავით არ აპირებს. კონტრარგუმენტად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მოჰყავთ, რაც, სინამდვილეში, მოსახლეობის კეთილდღეობაზე არათუ პირდაპირ, ირიბ გავლენასაც ვერ ახდენს.
"იუნისეფის" კვლევის მიხედვით, ბოლო 2 წელიწადში ქვეყანაში სიღარიბე გაზრდილია, პენსიის ოდენობა კი საგანგაშოდ დაბალია. სტატისტიკას იზიარებენ ექსპერტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ არათუ სიღარიბე, არამედ სიღატაკეა მომატებული, რაც ყველაზე მძიმედ სწორედ პენსიონერებსა და სოფლად მცხოვრებლებზე აისახება.
ირკვევა, რომ, 2015 წელთან შედარებით, 2017 წელს ქვეყანაში უკიდურესად ღარიბთა რიცხვი 108 ათასი კაცით გაიზარდა; 2015 წელთან შედარებით, 2017 წელს ქვეყანაში ღარიბთა რიცხვმა 124 ათასი კაცით იმატა; 2015 წელთან შედარებით, 2017 წელს უკიდურესი სიღარიბე გაიზარდა 2,9%-ით, ხოლო ზოგადი სიღარიბე - 3,3%-ით.
საქართველო არის ევროპაში ბოლოს წინა (მოლდოვამდე) ადგილზე პენსიის სიდიდის მიხედვით და იგი სომხეთსაც კი ჩამორჩება. სომხეთში პენსია არის 230 ლარის ეკვივალენტი, მთავრობას კი 230 ლარის პენსია დაგეგმილი აქვს 2021 წლისათვის.
როგორც ირკვევა, საქართველოს მოსახლეობის 32% არის ღარიბი, 37% - საშუალოდ ღარიბი, ანუ მოსახლეობის 69% ცხოვრობს სიღარიბეში. 24% ცხოვრობს სიღარიბის ზღვართან ახლოს (მოწყვლადი ჯგუფი) და მხოლოდ 7%-ია საშუალო კლასის წარმომადგენელი. ეს არის 2015 წლის მონაცემები. დღეისათვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესებული იქნება, რადგან მას შემდეგ მოხდა ლარის გაუფასურება და ფასების ზრდა.
სიღარიბის თემას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში პირდაპირი ტელეეთერით შეეხო:
"საქართველოში 100-ათასობით ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ამის ნულამდე დაყვანას სჭირდება, რომ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი 4500 აშშ დოლარიდან დაახლოებით 10 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდოს. ყველაზე წარმატებულ ეკონომიკურ პირობებშიც კი აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ 8-10 წლის განმავლობაში. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, შარშან გვქონდა 5% მაჩვენებელი, რაც რეგიონში იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ციფრი და წელს ეს მაჩვენებლიც გაუმჯობესებულია", - აღნიშნა კობახიძემ.
იგი პრესითა და ტელევიზიებით სიღარიბის თემაზე გავრცელებულ ინტერვიუებს არ ეთანხმება:
"ყალბი სურათი იქმნება საზოგადოებაში. გეტყვით მიზეზს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა 27%, დაახლოებით მილიონი ადამიანი გამოდის. ეს მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა და ჩამოვიდა 800 000-მდე. შესაბამისად, ნებისმიერ ტელევიზიას შეუძლია, 5 წლის განმავლობაში ჩაწეროს და გაუშვას ეს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სიღარიბის დასაძლევად გაწეული მუშაობის შედეგი არც პოლიტიკურ წრეებში აკმაყოფილებთ. მრეწველთა პარტიის თავმჯდომარე და სამი მოწვევის პარლამენტარი ზურაბ ტყემალაძე "კომერსანტთან" ამბობს, რომ რაც შესაძლებელი იყო სიღარიბის დასაძლევად, ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა.
"იუნისეფის" გარეშეც ჩანს, რომ ბევრი გაჭირვებული გვყავს, მაგრამ აქ სხვა ფაქტორიცაა. რაც უფრო ვითარდება ცხოვრების წესი, იმატებს მოთხოვნები. ხალხს მეტის სურვილი გაუჩნდა და ამიტომ მაინც გაჭირვებულია. წინსვლა ვერ ეწევა ამ მოთხოვნებს და იქმნება პრობლემებიც. მართლა ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და ცუდია, ამას თუ ვერ ხედავთ", - აღნიშნა ტყემალაძემ.
სპეციალისტები საუბრობენ რამდენიმე მიზეზზე, რომდებმაც ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუარესება გამოიწვია. სოციოლოგი პაატა აროშიძე ამის ერთ-ერთ მიზეზად ლარის გაუფასურებას მიიჩნევს, თუმცა სხვა რისკ-ფაქტორებზეც საუბრობს.
"უმთავრესი პრობლემაა ის, რომ ფასების ზრდას ვერ ეწევა მიღებული შემოსავლები, ხოლო პროდუქტი მუდმივად ძვირდება. ელემენტარულად, ჩვენთან 4-ჯერ უფრო ძვირია მედიკამენტები მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. მინიმალური პენსია არის 180 ლარი, როცა პენსიონერს თვეში, სულ მცირე, 130 ლარის წამალი სჭირდება. ასეთი ადამიანი თავს ღატაკად ჩათვლის და მართალია კიდეც.
საბოლოო ჯამში მივდივარ იმ აზრამდე, რომ თუ ეკონომიკური მდგომარეობა არ გამოსწორდება, ქვეყანა უმძიმეს შედეგს მიიღებს. მას ემატება პოლიტიკური დაძაბულობა, აგრესიული წინასაარჩევნო ვითარება ქვეყანაში და სხვა.
რეალურად მატულობს ღარიბთა რაოდენობა, ეს გამოწვეულია ლარის გაუფასურებითაც. რისკ-ფაქტორია ასევე ბანკებზე დამოკიდებულება, სხვადასხვა რეგულაციის მიუხედავად, არც ამ მხრივ იცვლება სიტუაცია. თანაც, გაჩნდა კერძო მევახშეების იატაკქვეშა კასტა, რომლებსაც ბანკების გვერდის ავლით მიმართავენ მოქალაქეები და ბევრად მძიმე საფრთხეში იგდებენ თავს.
აქ არის სოციალური, ეკონომიკური და მენტალური პრობლემა, რომელთა გადაჭრა რთულია და მისი მოგვარება მომავალ ხელისუფლებასაც გაუჭირდება. სავსებით ვეთანხმები, რომ ღარიბთა რაოდენობა გაზრდილია. გარდა ამისა, უფრო მძიმე ვითარებაა სოფლად მცხოვრებთა შემთხვევაში, ვიდრე ქალაქში", - ამბობს "რეზონანსთან" აროშიძე.