„ედისონ რისერჩის" კვლევის თანახმად, რომელიც "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარდა, 2018 წლის ოქტომბრის არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 22%-ით ლიდერობს.
ამავე დროს სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა, რომელიც კვლევებს მმართველი პარტიის დაკვეთით ატარებს-ხოლმე, აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი 20%-ს არ აღემატება და ამ ერთი თვის განმავლობაში, რაც საპრეზიდენტო არჩევნებამდეა დარჩენილი, მნიშვნელოვან ძვრებსა და სერიოზულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.
„ეს ისეთი ეტაპია, რომ არ არის გამორცხული, „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდეს უკეთესი რეიტინგი, მაგრამ ეს არ აღემატება 20%-ს. თუმცა ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვლება და ამ ერთი თვის განმავლობაში სერიოზული ცვლილებები მოხდება.
„კვლევის შედეგები არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იქ პასუხი „უარის" ძალიან დიდი იქნება და პასუხი "ჯერ არ ვიცი" კიდევ უფრო მეტი. ამიტომაც, ეს ელექტორატი გადაწყვეტს საბოლოოდ არჩევნების ბედს," - აცხადებს ბიგვავა.
მისი თქმით, მეორე ტური გარდაუვალია, სადაც ერთ-ერთი აუცილებლად იქნება „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და ასევე, „ნაციონალური მოძრაობის" ან „ევროპული საქართველოს" კანდიდატი, მაგრამ ბიგვავას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას" დაბრუნები შანსი არ აქვს და ამ ერთი თვის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი მნიშვნელოვნად აიწევს, რადგან ქუჩებში ზურაბიშვილი უკვე „სიმპათიური სახით გამოჩნდა."
„მეორე ტური აუცილებალდ იქნება, სადაც ერთი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციიდან, ან „ნაციონალური მოძრაობა" გავა, ან „ევროპული საქართველო," მაგრამ უფრო „ევროპული საქართველო" მგონია.
„შანსი არ არის „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვოს, ეს ბევრი რამის გამო გამორიცხულია; ბექგრაუნდი, რომელიც მათ აქვთ, როგორც პარტიას და მთელი ეს ისტორია, რაც არის, უნდათ მოსახლეობამ დაივიწყოს, მაგრამ საზოგადოება არ ივიწყებს თუნდაც კონკრეტულად ვაშაძის გამო. დარწმუნებული ვარ, რომ მისი რეიტინგი დაეცემა. სალომე ზურაბიშვილს დიდი შესაძლობლობა და რესურსი აქვს, რომ მისი რეიტინგი გაზარდოს.
„ნელ-ნელა, სალომე ზურაბიშვილი სიმპათიური სახით გამოჩნდა ქუჩებში, ასე რომ მისი რესურსი ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული. არა მარტო სრულად არ არის გამოყენებული, მხოლოდ ცოტათია გამოყენებული და ძალიან სერიოზული მარათონი გველის, სადაც სალომე ზურაბიშვილი ძალიან სერიოზულ წინსვლას გააკეთებს," - განაცხადა ზურაბ ბიგვავამ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ოქტომბრის თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების" კანდიდატ კახა კალაძესთან მიმართებაში „ედისონის" კვლევა 17.3%-ით შეცდა; კვლევა 34%-ს ვარაუდობდა, მაგრამ საბოლოოდ, კახა კალაძემ მერის არჩევნებში 51.3% მიიღო.