რუსეთის გზების სააგენტომ - "როსავტოდორმა" - გზების მშენებლობის 2019-21 წლების პროექტში ჩეჩნეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობაც შეიტანა, რისთვისაც 2.633 მლრდ რუბლია (დაახლოებით 660 მლნ ლარი) განსაზღვრული. საუბარია ჩეჩნეთის იტუმე-ყალეს რაიონისა და საქართველოს ახმეტის რაიონის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, რომლის მშენებლობაც 20 წლის წინ შეჩერდა.
ამ მშენებლობის განახლებისა და საქართველოსთან პირდაპირი გზით დაკავშირების სურვილის შესახებ განცხადება ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ორიოდე თვის წინ გააკეთა, თუმცა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხზე ჯერჯერობით ფრთხილია. თავად "როსავტოდორის" ხელმძღვანელმა რომან სტავროვოიტმა გუშინ ამ პროექტს პერსპექტიული უწოდა და განაცხადა, რომ მისი უწყება ფედერალური დანიშნულების ობიექტების ნუსხაში ამ ავტომაგისტრალის შეტანის საკითხს განიხილავს, თუმცა მისი მშენებლობა მხოლოდ ამ საკითხზე საქართველოსა და რუსეთს შორის შეთანხმების შემდეგ დაიწყება.
თავის მხრივ, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ამ ახალ გზას მთელი ჩრდილოეთ კავკასიისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
"ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ, როგორც კი ხელმძღვანელობა გვეტყვის, რამდენიმე კილომეტრის გზა გავიყვანოთ საქართველოს მიმართულებით", - განაცხადა გუშინ კადიროვმა სტავროვოიტთან ერთად ჩეჩნეთში ერთ-ერთი ახალი ხიდის საზეიმო გახსნაზე.
რაში სჭირდება რუსეთს კახეთთან დამაკავშირებელი გზა? დათანხმდება თუ არა ამას საქართველოს ხელისუფლება და ეს მშენებლობა ქვეყანას რა საფრთხის წინაშე აყენებს?
ანალიტიკოსების აზრით, რუსეთი რომ არ იყოს საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყანა, მაშინ მსგავსი გზის მშენებლობა მისასალმებელი იქნებოდა, თუმცა ეს გზა საქართველოსათვის არსაით მიმავალია და ჩვენს ქვეყანას არაფერში წაადგება.
ანალიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას ურჩევენ, რომ კადიროვის ნებისმიერ განცხადებას მარტივად ნუ შეხედავენ. მათი აზრით, კადიროვს გარე სამყაროსთან კონტაქტი სჭიდება და ის ამ გზას საქართველოს მიმართულებით ხედავს. მის რაზმებს პუტინის ნებისმიერი დავალების შესრულება შეუძლია, ამიტომაც ჩეჩნეთის პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნისათვის საფრთხის მატარებელია და მას შორს მიმავალი მიზნები ამოძრავებს.
რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ კადიროვი ამ წინადადებაზე საქართველოსაგან უარს მიიღებს.
გენერალი, სამხედრო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთი ნორმალური მეზობელი ქვეყანა რომ იყოს, რომელიც არ გვმტრობს და რომელთანაც შესაძლებელია კეთილმეზობლური ურთიერთობები, გზებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება მისასალმებელი იქნებოდა, რუსეთის შემთხვევაში კი, მათთან ყოველი საკომუნიკაციო საშუალება, ავტომაგისტრალი იქნება, რკინიგზა, მობილური კავშირი თუ "რუსეთიდან გადმოფრენილი ჩიტები", თავის ტკივილია.
გენერლის აზრით, ეს პროექტი, როგორც მინიმუმ, ორი მიზნისათვის სჭირდებათ. პირველი, ესაა ჩრდილოეთ კავკასიის ინფრასტრუქტურის სამხედრო ინტერესებისათვის მოწყობა, რადგანაც რუსეთი აქტიურად ახდენს რეგიონის მილიტარიზაციას, რაც საგზაო თუ სხვა კომუნიკაციების, უფრო ზოგადად - სამხედრო ინფრასტრუქტურის შესაბამის მოწყობას მოითხოვს.
მეორე მიზანი ახალი სადისკუსიო თემის შემოგდებაა. ანალიტიკოსის თქმით, რუსებმა ძალიან კარგად იციან, რომ ამ გზის მშენებლობის განახლებას საქართველოში მწვავე პოლემიკა მოჰყვება.
"კადიროვს ასე მარტივად არ უნდა ვუყურებდეთ. ის ჩეჩნეთში უცვლელ ლიდერად ყალიბდება. ერთი მხრივ, კადიროვი პუტინის ერთგულად აცხადებს თავს და მის სტრატეგიას ახორციელებს. კადიროვის შეიარაღებული რაზმები უპირობოდ ასრულებენ რუსეთის ლიდერის დავალებებს.
"მეორე მხრივ, კადიროვი რუსეთის პრეზიდენტზე გაცილებით ახალგაზრდაა და საკმაოდ შორს იყურება. არ შევიჭრები კონსპირაციულ თეორიებში, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩეჩნეთის ლიდერს შორს მიმავალი მიზნები აქვს. მას სჭირდება კავშირი გარე სამყაროსთან. თუ რისთვის სჭირდება, დავტოვოთ "კადრს მიღმა".
"ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში, 2021 წლისათვის რუსეთი მიიღებს საქართველოსა და კავკასიასთან სამხედრო კომუნიკაციის კიდევ ერთ მარშრუტს. დეტალებში აღარ შევალ, მკითხველისთვის ეს მინიშნებაც საკმარისია.
"ჩვენ დავთანხმდით რუსეთის მიღებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რაც შეცდომა იყო, მით უმეტეს - 2008 წლის ომის შემდეგ. შედეგად რა სარგებელი მივიღეთ? იგივე ეხება აღნიშნული გზის მშენებლობას.
"რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები არაა იმ კონდიციაში, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებაზე ვისაუბროთ მათთან. ასე რომ, თუ რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში მიდგომები და დამოკიდებულება არ შეიცვლება, ჩვენ ამ პროექტზე უარს ვიტყვით. საამისო ნდობა თბილისსა და მოსკოვს შორის არ არსებობს", - აცხადებს სალუქვაძე "რეზონანსთან".
კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ საქართველო ამ გზის მშენებლობას არასდროს დათანხმდება, რადგანაც ის ჩვენს ქვეყანას არაფერში სჭირდება. არეშიძე ამბობს, რომ ითუმ-ყალეს რაიონდიდან გზის მშენებლობა ჯერ კიდევ ჩეჩნეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დუდაევმა წამოიწყო. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ მან 48-კილომეტრიანი გზა გააკეთა და შატილამდე მოხრეშა. მისი თქმით, ეს სწორედ ის გზაა, სადაც 1999 წელს ჩეჩნი ლტოლვილები მიიმწყვდიეს რუსებმა და შატილამდე გადმოიყვანეს, რათა საქართველოს მიმართ გარკვეული პროვოკაციები ყოფილიყო.
არეშიძე ასევე ამბობს, რომ 2006 წელს კრასნოდარში რუსეთის ინფრასტრუქტურული პროექტების გამოფენა გაიმართა, სადაც პრეზენტირებული იყო ჩრდილოეთ კავკასიის განვითარების პერსპექტივა. სწორედ იქ იყო 4 გზაზე საუბარი, რომლებიც საქართველოს მიმართულებით უნდა გაკეთებულიყო. ერთი გზა იყო ყარაჩაეთ-ჩერქეზეთიდან აფხაზეთისკენ, მეორე - ჩრდილოეთის გავლით, კალაკიდან მამისონამდე, მესამე გზა როკის გვირაბის რეაბილიტაცია იყო, შემდეგ კი ითუმ-ყალეს რაიონიდან საქართველოსკენ მომავალი გზაა.
"რუსებისათვის ეს არის როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო გზები. წარმოიდგინეთ ახლა ასეთი ვირტუალური ვითარება - მოხდა საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში, კომუნიკაციის თვალსაზრისით მათ გზები სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება ამას კარგად აანალიზებს და კადიროვის შეთავაზებაზე უარს იტყვის. თავის ტერიტორიაზე შეიძლება, ეს მშენებლობა დაიწყოს, მაგრამ საქართველოში ვერ გააგრძელებენ.
"ფაქტობრივად, დუდაევმა გააკეთა კიდეც, უბრალოდ, მოასფალტებული არ არის. ახლა არ არის გამორიცხული, რომ თავად კადიროვმა აქედან კარგი ფული იშოვოს. იტყვის, გავაკეთებო და ფულს რომ მისცემენ, მერე გადათქვამს - ვეღარ გავაკეთეო", - აცხადებს არეშიძე "რეზონანსთან".