შსს 26 მაისის აქციის დარბევაში მონაწილეებზე ინფორმაციის მოცემას კვლავ აჭიანურებს

შსს 26 მაისის აქციის დარბევაში მონაწილეებზე ინფორმაციის მოცემას კვლავ აჭიანურებს

[ნინო მიქიაშვილი]
შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიმდინარე წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქციის დარბევაში მონაწილე სპეციალური დანიშნულების რაზმებზე ინფორმაციის მოცემას კვლავ აჭიანურებს - შს მინისტრის პირველი მოადგილის, ეკა ზღულაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომელიც 1 ივლისითაა დათარიღებული, 18 ივლისს მივიღე.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე მშვიდობიანი აქციის დარბევის მეორე დღეს, 27 მაისს, შსს-ში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს, ასეთი შინაარსის განცხადებით მივმართე:
„ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და 40-ე მუხლების თანახმად, გთხოვთ, მაცნობოთ 2011 წლის 26 მაისს ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე რომელი სპეცდანიშნულების რაზმები მონაწილეობდნენ მიტინგის დაშლაში“.
ამ უპასუხოდ დატოვებულ განცხადებას მოჰყვა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც ჩემი თხოვნის საფუძველზე მოამზადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ არსებულმა ორგანიზაცია - „მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა“. ამ საჩივრით შს მინისტრისგან, მის უწყებაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისთვის ქმედების განხორციელების დავალება მოვითხოვეთ.
ადმინისტრაციული საჩივარი 13 ივნისს ჩავაბარე. ოთხი დღის შემდეგ შსს-დან 15 ივნისით დათარიღებული დოკუმენტი მივიღე, რომელსაც ხელს აწერს შსს-ს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი, დავით კოხორაშვილი:

„გაცნობებთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიულმა სამმართველომ წარმოებაში მიიღო თქვენი 2011 წლის 13 ივნისის № 622737 ადმინისტრაციული საჩივარი. ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენა დანიშნულია 2011 წლის 27 ივნისს, 12 საათზე (1. თბილისი, გ. გულუას ქ. №10). გთხოვთ, გამოცხადდეთ ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირ მოსმენაზე“.
რა თქმა უნდა, 27 ივნისს, 12 საათზე შსს-ს ძველ შენობაში გამოვცხადდი. თან მახლდა ადვოკატი გიორგი ნარმანია, რომელიც ამავდროულად „მედიის სამართლებრივი დაცვის“ წარმომადგენელია.
საჩივრის განხილვას, რომელიც 10 წუთი გაგრძელდა, შსს-ს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი, დავით კოხორაშვილი უძღვებოდა. შსს-ს საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს უფროსმა, ხათუნა ქველაძემ დაადასტურა ის, რომ ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია ნამდვილად საჯარო იყო და მისი არმოწოდების მიზეზი იმით ახსნა, რომ ინფორმაციის მოგროვება ვერ მოასწრო. პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ჩვენს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციას 3-4 დღეში მოგვაწვდიდა.
მას შემდეგ არაერთხელ დავრეკე - სატელეფონო საუბრისას შსს-ს საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს უფროსი მეუბნებოდა, რომ ინფორმაცია მზად ჰქონდა, მაგრამ ელოდებოდა მინისტრის ბრძანებას.
1 ივლისით დათარიღებული ბრძანება, რომელსაც ხელს შსს მინისტრი არა, მაგრამ მისი პირველი მოადგილე აწერს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, 18 ივლისს ჩამბარდა. ამ დოკუმენტში ასეთი რამ წერია:
„1. მედია-კავშირ ”ობიექტივის” კორესპონდენტის, ნინო მიქიაშვილის 2011 წლის 13 ივნისის №692737 ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. შსს-ს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისგმებელ პირს დაევალოს მედია-კავშირ ”ობიექტივის” კორესპონდენტის, ნინო მიქიაშვილის 2011 წლის 27 მაისის განცხადებაზე ქმედების განხორციელება 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;
3.ბრძანება გაეცნოს დაინტერესებულ პირებს;
4. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის მე-12 კმ. №6), ამ აქტის ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში“.

18 ივლისს, მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდი შსს-ს საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს უფროსთან, ხათუნა ქველაძესთან ქალაქის იმ ნომერზე დარეკვას, რომელიც თავად მოგვცა და გვიტხრა, რომ პირადად მისი ნომერია, მაგრამ ვერ დავუკავშირდი - ტელეფონს არავინ პასუხობდა.