„ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილების ახალი ტალღა დაიწყო; აღნიშნული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პოლიტსაბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი საარჩევნო კამპანიაში მურმან დუმბაძისა და თაკო ჩარკვიანი ჩართვის წინააღმდეგი იყო და სწორედ ამიტომ, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის კამპანიაში ჩართული არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ "აიპრესი" ავრცელებს.
„მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია. ხოლო ზაზა ბიბილაშვილს აქვს იმის გაბედულება, რომ ეს პირადად მითხრას, მაგრამ ასეთი რამ ჩემთვის არ უთქვამს. საერთოდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს გაბედულება," - აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატმა და „ძალა ერთობაშიას" წევრმა მურმან დუმბაძემ „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.
„გაბედულების გარეშე თქვენც გთხოვთ, რომ ადამიანებს პატივი არ სცეთ. გაბედულებაა მთავარი პოლიტიკაში ყოფნის დროს. არა უშავს, მურმან დუმბაძეს არ ირჩევს ზაზა ბიბილაშვილი, ასე რომ, განსაკუთრებული არაფერია," - განაცხადა მურმან დუმბაძემ.
„რეზონანსი" პუბლიცისტსა და გაერთიანებული ოპოზიციის წევრს თაკო ჩარკვიანსაც ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და თავად პოლიტსაბჭოში არც მისულა.
„ჩემ სიცოცხლეში პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა, მხარს ვუჭერ გაერთიანებულ ოპოზიციას და კერძოდ ბატონ ვაშაძეს. არ მაქვს ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით და საერთოდაც, მგონია, რომ სწორი არც არის ეს ინფორმაცია.
„ურთიერთობა მაქვს გრიგოლ ვაშაძესთან და პარტიის სხვა წევრებთან. ზაზა ბიბილაშვილის აზრი არ ვიცი, მაგრამ არა იმიტომ, რომ არ მაინტერესებს, მათთან პოლიტსაბჭოში არც კი მივსულვარ," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად „რეზონანსი" თავად ზაზა ბიბილაშვილს დაუკავშირდა, მაგრამ მან ჩვენთას საუბარი არ ისურვა.
„აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ. დიდი მადლობა," - ზაზა ბიბილაშვილმა.