20-წლიანი ანტრაქტის შემდეგ 9-დან 11 ნოემბრამდე, კომპანია „ნანისა“ და შოუ-ბიზნეს ცენტრის - „ოვაციას“ ხელშეწყობით, თბილისს ალა პუგაჩოვა ეწვევა. რუსული ესტრადის მშვენებას ამჯერად არც თბილისი მონატრებია და არც ქართველი მსმენელი.
მისი კონცერტის მიზანს ადგილობრივი მმართველობის არჩევნებში „მოქალაქეთა კავშირის“ მხარდაჭერა წარმოადგენს. ამის შესახებ „პრაიმ-ნიუსს“ სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების განყოფილების რეფერენტმა დავით ოქიტაშვილმა აცნობა.
ადგილობრივი მმართველობის არჩევნებში „მოქალაქეთა“ გამარჯვება-არგამარჯვების „წყევლაკრულვიან“ საკითხს პუგაჩოვა იმდენად შეუწუხებია, რომ მან მოსკოვის საკონცერტო დარბაზ “როსიაში“ დაგეგმილი კონცერტიც კი გადადო. სამაგიეროდ, „მოქალაქეთა“ გულებს მისი ხმა სპორტის სასახლეში 10 ნოემბერს გამართულ კონცერტზე „ჩასწვდებათ“.
ოქიტაშვილი პუგაჩოვას ვიზიტის დეტალების შესაჯერებლად 24 სექტემბერს მოსკოვში მიემგზავრება. რა დაუჯდებათ „მოქალაქეებს“ რუსეთის ბულბულის თბილისში ამღერება, ჯერჯერობით უცნობია. საფიქრებელია, რომ თბილისურმა ჰონორარმა „როსიისას“ ბევრად გადააჭარბა.
მმართველი პარტიის ქისაში, როგორც ჩანს, უცხოური ვალუტის დეფიციტი ნამდვილად არ არის. პუგაჩოვა თბილისიდან ქართულ ლარებს არ გაიყოლიებს. საკამათო არც ის უნდა იყოს, რომ ჭირვეულობით ცნობილი მომღერალი, რომელიც ბოლო წლებში ფინანსურ შეჭირვებაზე წუწუნებდა, შევარდნაძისა და ლეკიშვილის ხათრით მათ პარტიულ დამქაშებს საქველმოქმედო კონცერტებს არ გაუმართავს.
პუგაჩოვას გარდა, საქართველოს რეგიონებში 10 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე ტურნეს თბილისსა და „მოქალაქეებზე“ უზომოდ შეყვარებული სოსო პავლიაშვილიც ჩაატარებს. უფასო კონცერტები ღია სცენაზე გაიმართება. რამდენად წაადგება „მოქალაქეებს“ ეს აქციები, ძნელი სათქმელია. თინეიჯერები კი ნამდვილად გაიხარებენ.