რომან გოცირიძე: საქართველოში დაბრუნდა შევარდნაძის პერიოდი - მექრთამეობის და კორუფციის

რომან გოცირიძე: საქართველოში დაბრუნდა შევარდნაძის პერიოდი - მექრთამეობის და კორუფციის

ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები აჩვენებს ერთ რამეს, რომ საქართველოში დაბრუნდა შევარდნაძის პერიოდი - მექრთამეობის და კორუფციის, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა სუს-ის მიერ გამოვლენილი სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტს და ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის დაკავებას.

"ზოგადად, საქართველოში არსებობს სისტემური კორუფცია და ესეც ერთ-ერთი გამოვლინებაა. ყველაფერი იწყება თავიდან, ანუ საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები ფაქტობრივად, ხელს აფარებენ დამნაშავეებს და სელექტიურად ხდება გამოვლინება. ზოგ შემთხვევაში ხდება სამართლებრივი დევნა და დაკავებები, ხოლო ზოგ შემთხვევაში - არა. მიუხედავად ასეთი შერჩევითი ქმედებებისა, ყველა ასეთი ნაბიჯი, როცა კორუფცია გამოვლინდება, არის კარგი და თუ ამ მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას, იქნება კარგი. თუმცა ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები აჩვენებს ერთ რამეს, რომ საქართველოში დაბრუნდა შევარდნაძის პერიოდი - მექრთამეობის და კორუფციის", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის" სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია, თავის მხრივ კი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე" შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცეს 20 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.