„სააკაშვილს დამღუპველი ჯაშუშომანია სჭირს“

„სააკაშვილს დამღუპველი ჯაშუშომანია სჭირს“

[მერაბ ბრეგაძე] 

დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეს საერთაშორისო პრესა აქტიურად აშუქებს. რუსულ "კომერსანტ ვლასტისთან" საუბრისას, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ჯაშუშომანია სჭირს. მისივე შეფასებით, ეს არის დამღუპველი პოლიტიკა.

"ეს არის სააკაშვილის ჯაშუშომანია. ის რომ, სააკაშვილი ამ ყველაფერს რუსეთის სპეცსამსახურებს და რუსულ პოლიტიკას უკავშირებს, ლოგიკურად ჯდება იმ პროპაგანდაში, რომელსაც ის ოთხი წელია ეწევა – ის ამბობს: ვინც ჩემი წინააღმდეგია და არ მეთანხმება, ჩემი მტერია და რუსეთს ეხმარება".

ალასანია თლის, რომ ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით საჭიროა დაელოდოს რა ფაქტებს დადებს კონტრდაზვერვა, თუმცა, როგორც დაზვერვის ყოფილ თანამშრომელს, აქვს წინათგრძნობა, რომ ეს არის სიტუაცია, როცა სააკაშვილმა ერთპიროვნულად და ემოციურად მიიღო მათი დაკავების გადაწყვეტილება.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო და რუსეთი მეგობრები არ არიან, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ორივე ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობდნენ, მაგრამ, რაც შეეხება ჯაშუშებს, ალასანია ვერ იხსენებს ვერც ერთ ფაქტს, რომელიც არგუმენტირებული ყოფილიყო: "ამ საქმეებში არ იკითხება, რომ ადამიანებს ხელი მიუწვდებათ საიდუმლო ინფორმაციაზე".

ალასანია "კომერსანტთან" ფოტორეპორტიორების აღიარებით ჩვენებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ის არის, რისიც ნამდვილად არ სჯერა. მისი თქმით, საქართველოში არ არის სამართლიანი მართლმსაჯულება, დაკავებულ ადამიანს არ აქვს განცდა, რომ სიმართლეს სასამართლოში დაადგენს, ამიტომ მიდის საპროცესო გარიგებაზე:

"ჩვენ ჯიბის მართლმსაჯულება გვაქვს, ავტორიტარული რეჟიმი და ადამიანებს არ აქვს საშუალება გააგრძელონ ბრძოლა სამართლებრივად თუ ისინი უკანონოდ არიან დაკავებულები".

თავის მხრივ, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ჟურნალ "აგანიოკთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ არ უკვირს, როდესაც „რუსული სპეცსამსახურები აქტიურად ცდილობენ, იმუშაონ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მით უმეტეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს სამწუხარო რეალობაა“.  

ჟურნალისტ ოლგა ალიონოვას კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ ჯაშუშობაში ფოტორეპორტიორების დადანაშაულება მეტისმეტია და საზოგადოება ამგვარი ისტორიებით დაიღალა, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ ეს ფაქტი მისთვისაც უსიამოვნოა, რადგან ფოტოკორესპონდენტებს პირადად იცნობდა:

"იმ ადამიანებს, რომლებსაც პირადად კარგად ვიცნობდი, ბრალი წაეყენათ და არიან თუ არა ისინი დამნაშავეები, ამას სასამართლო გადაწყვეტს. ორი მათგანი სახელმწიფო მოსამსახურე იყო. აქედან ერთი - პრეზიდენტის უახლოესი ადამიანი, მისი პირადი ფოტოკორესპონდენტი, რომელიც მასთან დიდ დროს ატარებდა. ჩვენ მას ყველა ვიცნობდით, ყოველთვის გქვონდა პირადი ურთიერთობა, ამიტომ ეს ფაქტი ძალიან უსიამოვნოა".

ჟურნალისტის კიდევ ერთი კითხვა ასეთია - არ გეშინიათ, რომ საქართველო წარმოჩინდება ქვეყნად, სადაც სიტყვის თავისუფლება იზღუდება?

გიგა ბოკერია ამბობს, რომ ისინი იყვნენ ფოტორეპორტიორები, რომლებიც ხელისუფლებისთვის მუშაობდნენ. უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, გამორიცხავს საქართველოს ხელისუფლების სურვილს, პოლიტიკური შეხედულებების გამო ვინმე ჯაშუშობაში დაადანაშაულოს:

"ახლა არის რაღაც ახალი თეორია, რომელიც ჩვენს მედიაში განიხილება, რომ მათ გადაიღეს 26 მაისის ღამეს ფოტოები. ძნელია, ამგვარი ჰიპოთეზა სერიოზულად განიხილო. იმ დღეს ათასობით ფოტო გადაიღეს, იქ ათობით ფოტორეპორტიორი მუშაობდა. ამ კონკრეტულ საკითხზეც არ ვაპირებ კამათს, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ჯაშუშური ქსელების შექმნას რუსული რესურსების დიდი ნაწილი ხმარდება".

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი დაკავებულ ქართველ ფოტორეპორტიორებზე თხრობას კიევში, საქართველოს საელჩოსთან მომხდარი ინცინდენტით იწყებს. გამოცემა წერს, რომ, იმ დროს, როდესაც კიევში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ოფისთან რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია იმართებოდა, საელჩოდან გამოსული უცნობი მამაკაცი ერთ-ერთ ფოტოკორესპონდენტს თავს დაესხა.

სტატიის მთავარი ფოტოც საელჩოსთან მომხდარს ასახავს. მასალა აღიარებით ჩვენებებზე საუბრით გრძელდება. The Telegraph-ი აღნიშნავს, რომ რეპორტიორების ჯაშუშობაში დადანაშაულებამ ქართული საზოგადოება განარისხა და დააეჭვა.

გამოცემა წერს, რომ ტრიოს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ფოტოკორესპონდენტის ჩათვლით, ბრალად ედება რუსული დაზვერვისთვის პრეზიდენტის სასახლის გეგმისა და მიხეილ სააკაშვილის მარშრუტის მიწოდება:

"ეს ბოლო შემთხვევაა სავარაუდო რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენისა, მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისთვის ომი მოხდა.

7 ივლისის დაპატიმრებებმა მედია შეაშფოთა და ქართველი ჟურნალისტები ქუჩაში პროტესტისთვის გამოიყვანა. ისინი ამბობენ, რომ არასაკმარისი მტკიცებულება ნახეს იმისთვის, რომ აგენტურულ ქსელში ფოტოკორესპონდენტების ჩართულობაზე სახელისუფლებო ვერსიას მხარი დაუჭირონ".

გამოცემა აღნიშნავს, რომ იუსტიციის სამინისტრომ აბდალაძის აღიარებითი ჩვენებაც გამოაქვეყნა, რომელშიც ფოტორეპორტიორი აღწერს მის დაახლოებას რუსულ დაზვერვასთან, იმ დროიდან, როდესაც 2002 წელს ის ცხინვალში იყო დაკავებული. როგორც The Telegraph-ი წერს, მათთან თანამშრომლობა აბდალაძემ ოჯახის წევრებზე მუქარის გამო დაიწყო.

სტატიაში ნათქვამია, რომ აბდალაძე ყვება, 2007 წელს პარლამენტის პრესცენტრში მუშაობისას როგორ დაუახლოვდა ევროპის პრესფოტო სააგენტოს თანამშრომელ ზურაბ ქურციკიძეს, რომელმაც გაუმხილა, რომ ერთ-ერთი რუსული სააგენტოსთვისაც მუშაობდა:

"კრიტიკოსებისთვის, ისევე, როგორც ქართული მედიის დიდი ნაწილისთვის, ვიდეო ნაკლებდამაჯერებლად გამოიყურება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი დარწმუნებით აცხადებენ, რომ აღიარება პოლიციამ საეჭვო გარემოებებში მოიპოვა. EPA მომხდარით გაოცებულია, "ასოშიეითედ პრესი" კი კომენტარს არ აკეთებს. შსს ამბობს, რომ რუსულ დაზვერვის ორ ჩინოვნიკთან ქურციკიძის კავშირის მტკიცებულებები აქვს. ფოტორეპორტიორი კი ითხოვს, რომ მისი აღიარებითი ჩვენება არ გაასაჯაროონ".

სტატიის დასასრულს The Telegraph-ი აღნიშნავს, რომ დაკავებული ფოტორეპორტიორების ტრიოს 12 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ასევე ბრიტანული Guardian-ი, ფოტორეპორტიორების დაკავებასთან დაკავშირებით ქართული მედიის პროტესტზე წერს. გაზეთის ინფორმაციით, რამდენიმე ქართული გაზეთი და ვებგვერდი ფოტოს გარეშე გამოვიდა:

"ისინი სამი ფოტორეპორტიორის დაკავებას აპროტესტებენ – გიორგი აბდალაძე - "ასოშიეითიდ პრესის" სტრინგერი, ზურაბ ქურციკიძე - ევროპის პრესფოტო სააგენტოს ფოტორეპორტიორი და ირაკლი გედენიძე - პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი".

გამოცემის ინფორმაციით, მათი ჯაშუშური საქმიანობა იმაში გამოიხატებოდა, რომ "გასცემდნენ საიდუმლო დოკუმენტების ფოტოასლებს, პრეზიდენტის მარშრუტს და რუსულ დაზვერვაზე ჰყიდნენ. 12 წლიან პატიმრობას ისინი ვაჟკაცურად ხვდებიან. პოლიტიკური მიმომხილველების, საინფორმაციო სააგენტოებისა და ადვოკატების ცნობით, ისინი აიძულეს, ის დანაშაული ეღიარებინათ, რომელიც არ ჩაუდენიათ. ორმოცამდე მედიასაშუალება ხელს აწერენ ღია წერილს. ისინი მეტ მტკიცებულებას ითხოვენ".

ბრიტანული გამოცემა ყურადღებას ამახვილებს აბდალაძის ციხიდან გამოგზავნილ ღია წერილზე, სადაც დაკავების ვერსიაზეა საუბარი:

"ჩვენი ფოტოები გადის მთელ მსოფლიოში, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავს იწონებს, როგორც დემოკრატიის ჩემპიონი. მან არ გვაპატია, რომ 26 მაისის აქციის დარბევის ფოტოები გავავრცელეთ და მას გამოსახულება გავუფუჭეთ", - აბდალაძის ამ ციტატას აქვეყნებს გაზეთი.

Guardian-ი წერს, რომ ამ განცხადების შემდეგ აბდალაძე აღიარებს ბრალს, რაც მის ადვოკატს საეჭვოდ ეჩვენება. ბესელია გამოცემასთან ყვება, რომ მისი კლინეტი დაშინებული ჩანდა. ადვოკატს უკვირს, როცა საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული აბდალაძე რამდენიმე დღეში აღიარებით ჩვენებას აძლევს.