პატრიარქმა სალომე ზურაბიშვილის საკითხში "ოცნებას" დაუთმო, მაგრამ მარიხუანას კანონზე პოზიცია გაამკაცრა
ხელისუფლებისა და ეკლესიის წარმომადგენლები ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორ მნიშვნელოვან საკითხზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს - მარიხუანას კულტივაციისა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტი და "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
პატრიარქი თავისი ტრადიციული საკვირაო ქადაგებისას გუშინ უკვე ზედიზედ მეორედ შეეხო მარიხუანას საკითხს, თუმცა თუკი ერთი კვირის წინ, ილია მეორის განცხადებიდან გამომდინარე, საპატრიარქოს თეორიულად დასაშვებად მიაჩნდა კანონის მიღება, ამჯერად პატრიარქი შეუვალი იყო.
"ჩვენ ვთხოვეთ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, რომ გაწვეული იყოს ეს კანონი მარიხუანას კულტივაციისა და არ იყოს ეს მიღებული. ჯერჯერობით შეჩერებულია ეს კანონი და იმედია, რომ მომავალშიც არ იქნება მიღებული", - განაცხადა ილია მეორემ.ახლანდელი მდგომარეობით კი, პარლამენტმა მხოლოდ დროებით შეაჩერა კანონპროექტის განხილვა და გაიწვევენ თუ არა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრებმა პატრიარქთან ჯერ "ოცნებისათვის" სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, თუმცა მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ "სწორი კომუნიკაციის" შემთხვევაში კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია, რაც ნიშნავს, რომ პატრიარქის გადარწმუნების მცდელობა "ოცნების" მხრიდან მომავალშიც გაგრძელდება.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, უმაღლეს საეკლესიო პირთა უმრავლესობამ მის მიმართ ტონი მართლაც შეარბილა, თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდა და მის მიმართ უკმაყოფილება აღარ არსებობს.
პატრიარქ ილია ||-ის მოწოდებას, რომ სასულიერო პირებმა თავი შეიკავონ პოლიტიკური შინაარსის განცხადებისა და ამა თუ იმ პოლიტიკოსის არაკორექტულად მოხსენიებისაგან, მათი ნაწილი ემორჩილება და უჯერებს, თუმცა არის ნაწილი, რომელსაც მიაჩნია, რომ სასულიერო პირებს აზრის გამოთქმის ისეთივე უფლება აქვთ, როგორც სხვა მოქალაქეებს. ამიტომაც მოლოდინი, რომ ილია მეორის მოწოდების შემდეგ ეკლესიიდან "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის - სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ კრიტიკული განცხადებები შეწყდებოდა, არ გამართლდა.
პატრიარქის სახელით გავრცელებული მიმართვის შემდეგ ქორეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა, რომ თურმე მან მაშინაც ხუმრობით თქვა, რომ "ზურაბიშვილი მარიხუანას დედოფალი გახდება", ხოლო ახლა, პატრიარქის მოწოდების შემდეგ, რომ შეწყდეს კრიტიკა, ის ეკლესიის მეთაურს უჯერებს.
შენდობა ითხოვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემაც, რომელმაც თქვა, რომ "ჩვენი დაფრანგული ქალბატონი თავისი დაფრანგული აზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას". მეუფე პეტრეს თქმით, სიტყვა "დაფრანგული" სამეგრელოში რაღაც გასასწორებელს ნიშნავს და, ქალბატონი კანდიდატის განცხადებებიდან გამომდინარე, მოეჩვენა, რომ მისი აზროვნება-შეფასებები გასასწორებელია და თუ ამით ვინმეს უნებლიეთ გული ატკინა, შენდობას ითხოვს.
მათგან განსხვავებით, ზურაბიშვილის კრიტიკის შეწყვეტას არ ეთანხმება ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, რომელმაც თქვა, რომ ზურაბიშვილი ყოველდღიურად სასულიერო პირების მისამართით ისეთი ტიპის განცხადებებით გამოდის, რომ ძნელია უპასუხოდ დატოვება. მისი თქმით, სასულიერო პირებს აზრის გამოხატვის ისეთივე უფლება აქვთ, როგორც სხვა მოქალაქეებს.
"მე ვარ პიროვნება, მოქალაქე ვარ და ამ დროს ძნელია, მე გავმიჯნო, ჩემზე არავის ჩამოურთმევია მოქალაქეობრივი უფლება, ამას ხელს უწყობს თვითონ ქალბატონი," - ამბობს ანტონი და დასძენს, რომ ზურაბიშვილი თუ გაპრეზიდენტდება, შეიძლება საქართველოს დატოვებაზეც იფიქროს.
მეუფე ანტონის მსგავსად ბევრი ფიქრობს თუ ცოტა ეკლესიაში, ამის გარკვევა რთულია, თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ კრიტიკული განცხადებები არც მომავალში შეწყდება.
თეოლოგ გოჩა ბარნოვის თქმით, მარტო მეუფე ანტონი არ ფიქრობს ასე. უბრალოდ, მისი ინტერვიუ გავრცელდა და შემდეგაც უნდა ველოდოთ მსგავს განცხადებებს სხვა სასულიერო პირების მხრიდანაც.
"მე არ მომისმენია მეუფე იაკობის განცხადება, რომ უჯერებს პატრიარქს, ეს მისი აზრია, მაგრამ ცოტა ხანში ნახავთ, რომ უარესი განცხადებებით გამოვა.
"მე ვფიქრობ, მღვდელმთავრებისთვის ამგვარი ბრძანების გამოცემა შეურაცხმყოფელია. ყველა მღვდელმთავარს, ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და შეუძლია, საკუთარი აზრი გამოთქვას ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ეს თავისუფლება ადამიანს ღმერთისგან აქვს მიცემული და მას ვერავინ წაართმევს, ვერც პატრიარქი.
"ეკლესია ყოველთვის ერეოდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მახსოვს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიმართ საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება იყო ეკლესიიდან; ასევე, 2012 წლის არჩევნების პერიოდში წინა ხელისუფლების კრიტიკა, როდესაც მეუფე იობი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ მოწოდებებში, უბნიდან უბანშიც კი დადიოდა, მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, რაც მისთვის მაშინ არავის დაუშლია და გაუპროტესტებია.
"ახლა რატომღაც ასეთი ბრძანების გამოცემა და ზოგიერთი მღვდელმთავრის ორაზროვანი განცხადება, როდესაც მეორე დღეს უარყოფენ წინა დღით ნათქვამს, ძალიან ცუდია. ვისაც როგორც უნდა, ისე მოიქცევა, ყველა თავისუფალი უნდა იყოს", - მიიჩნევს ბარნოვი.
თეოლოგის თქმით, ზოგადად, ეკლესიის პოზიციას მრევლზე დიდი გავლენა აქვს და სასულიერო პირები ამ გავლენას არჩევნებზეც იყენებენ.
"სამწუხაროდ, ჩვენ წინა არჩევნებზე ვნახეთ, რომ სასულიერო პირები ამბიონიდან პირდაპირ მოუწოდებდნენ მრევლს, ვისთვის მიეცათ ხმა. ამის უფლება არ აქვთ, თუმცა ხდებოდა. ზოგადად, მრევლისთვის პატრიარქის მოწოდება უფრო წონადია, ვიდრე ეპისკოპოსის," - დასძენს ბარნოვი.
პოლიტოლოგ ვახტან ძაბირაძის განცხადებით, ძალიან რთული ვითარებაა, ზოგადად, ეკლესიაში, ციანიდის სკანდალით დაწყებული და დასრულებული ეკლესიის შიგნით მიმდინარე გარკვეული დაპირისპირებით იმაზე, თუ ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. შესაბამისად, პატრიარქის განცხადებას ნაწილი დაეთანხმება, მაგრამ რაღაც ნაწილი - ალბათ არა.
"განცხადებები უკვე მოვისმინეთ, ცალკეული მღვდელმთავრებისა და, ზოგადად, ეკლესიის პოზიცია მრევლისთვის ცნობილია და ალბათ სწორი იქნება, ეკლესია თუ არ ჩაერთვება პოლიტიკაში იმ დოზით და იმ მეთოდებით, როგორც იყო - ამბიონიდან მოწოდებებით. ადამიანს ვერ დავუშლით, საკუთარი პოზიცია ჰქონდეს, მღვდელმსახურია თუ არა, მაგრამ ამბიონიდან არ უნდა ისმოდეს მოწოდებები," - აღნიშნავს ძაბირაძე.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ წამოსული კრიტიკა ეკლესიიდან არ ყოფილა ინსპირირებული.
"მეუფე იაკობმაც თქვა, რომ ზურაბიშვილის განცხადებამ გააღიზიანა არა მარტო ქრისტიანი მრევლი, არამედ სხვა კონფესიის წარმომადგენლებიც და ათეისტებიც. თავად ზურაბიშვილის განცხადებებმა გამოიწვია საზოგადოებაში ნეგატიური და მძიმე განწყობა და ამას დაემატა ეკლესია. ამიტომ სწორი არ იქნება, ვთქვათ, რომ ეკლესიამ მოახდინა ამის ინსპირირება.
"ეკლესიის პოზიცია მრევლზე გავლენას ახდენს, მაგრამ არ ვიტყოდი, რომ ეს გავლენა იმდენად დიდია, რომ მრევლს შეიძლება თავს მოახვიოს თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, უბრალოდ, თანხვედრა მოხდა და ამან გამოიწვია ამხელა რეზონანსი.
"ვერ ვიტყვი, რომ საპატრიარქოს აქვს იმხელა გავლენა მრევლზე, ხვალ ქუდზე კაცის გამოსვლისკენ მოუწოდოს და 500 ათასი კაცი გამოვა, თუმცა გავლენა აქვს. ამ შემთხვევაში კი აზრების თანხვედრა მოხდა.
"სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ რთულ ვითარებაშია. თუ ვინმე ამის მიზეზს სხვაგან ეძებს, ეს ძალიან ცუდია. როცა მან თქვა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მაშინ უნდა ეფიქრა, რომ მტკივნეულ საკითხს ეხებოდა. ამას კი მისი რამდენიმე განცხადებაც მოჰყვა, გაშიფვრა თუ ასე შემდეგ, ამ ყველაფერმა კი იმუშავა. მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე საკმაოდ ნეგატიურადაა განწყობილი. თუ კიდევ გააგრძელებს მსგავს განცხადებებს, გაუჭირდება.
"როცა ზურაბიშვილს "ოცნებამ" დაუჭირა მხარი, გარანტირებული ჰქონდა მეორე ტურში გასვლა, ახლა კი არ ვიცი, შეძლებს კი, მეორე ტურში გავიდეს, არათუ პირველ ტურში გახდეს პრეზიდენტი,"- ამბობს ძაბირაძე.