ეკა ბესელია - ჩვენებაში არის ბევრი მოგონილი ფაქტი, დავიწყებ ფაქტების ოფიციალურად გადამოწმებას

ეკა ბესელია - ჩვენებაში არის ბევრი მოგონილი ფაქტი, დავიწყებ ფაქტების ოფიციალურად გადამოწმებას

ადვოკატი ეკა ბესელია ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორის, გიორგი აბდალაძის დაკითხვის სრული ჩანაწერის გამოქვეყნებას მოითხოვს. ასევე, ბესელიას განცხადებით, გიორგი აბდალაძეზე ზეწოლა ხორციელდება და ბრალდებული მზადაა, ნებისმიერი რამ დაიბრალოს, რათა პატიმრობიდან გათავისუფლდეს. ამ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" ეკა ბესელიას ესაუბრა:

გიორგი აბდალაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებდა დანაშაულის აღიარებას და ამბობდა, რომ იქიდან შესაძლოა, მკვდარი, მაგრამ მაინც მართალი გამოვიდოდა. თუ გქონდათ მასთან გასაუბრების საშუალება, რა თქვა მან, რატომ მისცა ეს ჩვენება?

– მას შევხვდი ჩვენების მიცემის შემდეგ. პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ როგორც ჩანს, მას სთხოვენ, რომ მე არ ვილაპარაკო იმ გარემოებებზე, რომლებიც ჩემთვის ცნობილი ხდება. მას სთხოვენ, რომ მე გავჩუმდე. არ გამიკვირდება და ალბათ, არც მედიას არ უნდა გაუკვირდეს, თუ მას ამ დღეებში ჩემთან დაკავშირებით აცილება დააწერინეს. ეს მინიშნება მე მისგან მივიღე. მან მითხრა, ნუ მიმატოვებთო. მე ვუთხარი, რომ ვცდილობ, მას დავეხმარო და ამიტომაც, უნდა მიიღოს ის რჩევები, რომლებსაც მე ვაძლევ. თუმცა როგორც ჩანს, უჭირს იმ სიტუაციაში, რომელშიც იმყოფება, იმოქმედოს ისე, როგორც მიგვაჩნია, რომ მისთვის უკეთესია. ფაქტია, რომ მას გუშინ გამართული შეხვედრისას ჩვენთან საუბარი არ შეეძლო. ეს კიდევ უფრო მძიმე შთაბეჭდილებას მიქმნის. ის მინიშნებით, თვალების მოძრაობით ან მიმიკით ცდილობდა, აეხსნა რაღაცეები ან კითხვებზე პასუხი გაეცა. იქ, სადაც ჩვენ ვხვდებით მას, კამერაა დამონტაჟებული და დარწმუნებული ვარ, ჩაწერა მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ეს მანაც იცის და გუშინ, ფაქტობრივად, ვერც ერთ კითხვაზე ხმამაღლა ვერ საუბრობდა. მას ვკითხე, მართალი იყო თუ არა, როცა ეს ჩვენება მისცა გამოძიებას, მან თქვა, რომ ყველაფერს სასამართლო პროცესზე ილაპარაკებს და განხილვის დროს სრულ სიმართლეს იტყვის.

ანუ შესაძლებელია, რომ გიორგი აბდალაძემ სასამართლოზე დღეს გავრცელებული ჩვენებისგან განსხვავებული ჩვენება მისცეს?

– შეიძლება მართლაც განსხვავდებოდეს. გუშინდელი ჩვენება ვერ უძლებს კრიტიკას. მე ბევრი რამის გამო ვიყავი გაოცებული. ჯერ კიდევ 10 წუთით ადრე, მან მითხრა, რომ არ აპირებდა აღიარებითი ჩვენების მიცემას და 10 წუთის შემდეგ დაიწყო ჩვენების მიცემა. დაკითხვის დასაწყისშივე მოხდა კამათი ჩემსა და გამომძიებელს და პროკურორს შორის. ვიდეომასალა. რომელიც გავრცელდა, არის დამონტაჟებული, აჩვენეს მხოლოდ 20 წუთი იმ დროს, როცა დაკითხვა 3 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. მოვითხოვ, რომ გამოქვყნდეს სრული ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ დაკითხვის დასაწყისში გიორგი აბდალაძე არ აღიარებს ბრალს და ამბობს, რომ არ ცნობს თავს დამნაშავედ. მერე ცვლის ის პოზიციას და სამი სხვადასხვა პასუხი გასცა ერთ და იგივე კითხვას, რაც უკვე ნიშნავდა იმას, რომ იგი არ იყო ადეკვატური. მე მას რამდენჯერმე შევაწყვეტინე ჩვენების მიცემა, რამდენჯერმე გავაპროტესტე და ვუთხარი, რომ ბევრი რამ იყო არასწორი და ვცდილობდი, მიმეცა სწორი მიმართულება. მე მას ვკითხე, მიდასტურებდა თუ არა, რომ ერთი დღით ადრე კატეგორიულად გამორიცხავდა ჯაშუშობაში მოანაწილეობას; მიდასტურებდა თუ არა, რომ არ აპირებდა ამის დაბრალებას. ეს ვიდეოკადრებში უნდა იყოს, რადგან სამივე კამერა ამას იწერდა. გიამ პასუხად მითხრა, რომ მიდასტურებდა ამ ყველაფერს. ასევე დამიდასტურა, რომ დაკითხვამდე 10 წუთით ადრე ამბობდა, რომ არ აპირებდა აღიარებითი ჩვენების მიცემას. ეს ყველაფერი კადრებშიც არის და ოქმშიც. სწორედ ამიტომ ვითხოვ, ვიდეომასალა სრულად აჩვენონ და გადმოგვცენ ჩვენც.

კითხვა მაქვს – თუ კონფიდენციალური იყო და მთელი საქმე დახურული იყო, რატომ გაუშვეს ეს დაკითხვის ჩანაწერი? მეორე – რატომ არის ნაჩვენები მხოლოდ 20 წუთი, როცა დაკითხვა 3 საათს გრძელდებოდა. აჩვენონ მთელი ჩანაწერი. თუ ეს ნაციონალურ არხებს არ უნდათ, მომცენ მე და მივაწვდი თავისუფალ მედიას, რომელიც ამ ჩანაწერს დადებს, სადაც თავიდან ბოლომდე ჩანს, დაკითხვა როგორ მიმდინარეობს და სრულიად სხვაგვარი სურათი შეიქმნება. დაკითხვის ოქმზე არის ჩემი საკმაოდ ვრცელი შენიშვნა გაკეთებული. შენიშვნაში მიწერია, რომ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ჩვენება ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად იყო მიღებული.

რამ შეგიქმნათ ამგვარი შთაბეჭდილება?

- პირველ რიგში იმან, რომ დაკითხვამდე ერთი დღით ადრე მას სრულიად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. ასევე, ეს შთაბეჭდილება გააძლიერა იმან, რომ გიორგი აბდალაძემ ღამის 11:00 საათზე მოითხოვა გამომძიებელთან შეხვედრა. მესამეც - მან მითხრა, რომ არ აპირებდა ჩვენების მიცემას. როგორც ჩანს, მას ამ ჩვენებაში ბევრი რამ აქვს შეთხზული და ახლა უკვე მრჩება შთაბეჭდილება, რომ დაიბრალა ის რაც არ ჩაუდენია, რადგან მისგან აღიარებას ითხოვდნენ და რაღაც თავისი ვერსია მოიფიქრა. ეს ჩვენება რომ გადამოწმდეს, დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ არ იქნება სწორი. მაგალითად, მე მას ვკითხე, 2002 წლის რომელ თვეში იყო დაკავებული ცხინვალში, მან თქვა, რომ არ ახსოვდა. იგი იხსენებს ჩაის ჭიქა იდგა იქ თუ ყავის ჭიქა და არ ახსოვს, ზაფხულში მოხდა ეს თუ ზამთარში. დაკითხვის ბოლოს ადვოკატებმა დასვეს კითხვები და აბდალაძემ თქვა, რომ ცუდად არის და არ შეუძლია კითხვებზე პასუხის გაცემა.

და ბოლო მიზეზია თავად გუშინდელი შეხვედრა, რომელმაც ჩემზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. აბდალაძეს შეხვდა სახალხო დამცველი და ვკითხე , რატომ არ უთხრა სახალხო დამცველს, თუ რა მდგომარეობაში იყო. აბდალაძემ მიპასუხა, რომ ტუღუშს ვერაფერს ვერ ეტყოდა. დღეს მას ჩემთანაც გაუჭირდა საუბარი, ადვოკატებს სთხოვდა, რომ არაფერი არ ელაპარაკათ ჩვენებასთან დაკვაშირებით. მე ვკითხე აბდალაძეს, შენ პირადად გეშინია-მეთქი. მან მიპასუხა, "ჩემს გამო არაო". როგორც ჩანს, აბდალაძეს სხვა ადამიანების, შესაძლოა, ოჯახის წევრების გამო აქვს შიში. მე ვუთხარი, რომ ჩემი მონაწილეობა შოუს სახეს იღებს, რომ საქმეში ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ მას დავეხმარო და თუ არ ვილაპარაკებ, ჩემი ყოფნა აზრს დაკარგავს მეთქი. პასუხად მითხრა: "ერთადერთი თხოვნა მაქვს – არ დამტოვოთ და არ მიმატოვოთ".აბდალაძემ მედიასთან დაგვაბარა ძალიან დიდი მადლობა. მან თქვა, ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც თქვენ აკეთებთო. მას არ უთქვამს, რომ შეწყდეს სოლიდარობის აქციები. როგორც ჩანს, მას სთხოვენ პასუხს ჩემი, თუნდაც მასთან დაკავშირებული განცხადებების გამო და დღეს ვუხსნიდი, რომ არ მჯერა, რომ მისი ჯაშუშობა სიმართლეა და არ მინდა, საზოგადოებას შეექმნას ასეთი შთაბეჭდილება. გიორგი აბდალაძემ მითხრა, რომ მზადაა, ყველაფერი დაიბრალოს, ოღონდ იქიდან გამოვიდეს.

გიორგი აბდალაძემ გააკეთა რაიმე მინიშნება მის მიმართ ზეწოლაზე?

– მინიშნება იყო სწორედ ეს და მანიშნა, რომ იქ ვერ ილაპარაკებდა და მისთვის მთავარია, იქიდან გავიდეს. ისიც თქვა, რომ არ იცის, რამდენ ხანს გაუძლებს. აბდალაძემ თქვა, რომ შესაძლოა, ამას ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლოს.

აბდალაძის ნათქვამიდან გამომდინარეობს, რომ შესაძლოა, რაღაც ჩვენების სანაცვლოდ გაათავისუფლონ?

– არ ვიცი. შესაძლოა, მას ჰპირდებიან, რომ გაათავისუფლებენ, მაგრამ მე ვუთხარი, რომ აუცილებელია შედგეს სასამართლო განხილვა. აბდალაძემ არ იცოდა, რომ საპროცესო შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ არსებითი განხილვა არ შედგება და პროცესი სწრაფად დასრულდება. მე მას ავუხსენი, რომ თუ სურს, ჩატარდეს საქმის განხილვა, მაშინ საპროცესო შეთანხმებას არ უნდა დათანხმდეს. შემდეგ თქვა, რომ სასამართლოზე ისაუბრებს ყველაფერზე. გიას ისიც ავუხსენი, რომ საპროცესო შეთანხმება შესაძლოა, მოგვაინებითაც გაფორმდეს. თუმცა, საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ ვურჩიე ვუთხარი, რომ სჯობს შედგეს სასამართლო პროცესი და მოხდეს ამ მტკიცებულებების წარმოდგენა.

ამ აღიარებითი ჩვენების შემდეგ არსებობს საპროცესო შეთანხმების შანსი?

– არ ვიცი, პროკურატურა რა პირობებს შესთავაზებს ან კონკრეტულად ვინ ელაპარაკებოდა მას. ჩვენ დავტოვეთ საპყრობილის დირექტორის სახელზე მიმართვა, რომელშიც ვითხოვ, მომაწოდონ ინფორმაცია, ვინ შეხვდა აბდალაძეს პარასკევს, 15:00 საათის შემდეგ და გადმომცენ ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა.

რა მტკიცებულებები ჰქონდა გამოძიებას აღიარებითი ჩვენებებამდე და არის თი არა ცნობილი ბრალდებულებისთვის ან თქვენთვის რაიმე ისეთი მტკიცებულება, რაც არ გამოქვეყნებულა?

– მე ვითხოვე, რომ მომცენ საქმის ასლები და გამაცნონ ის მასალები, რომლებიც საიდუმლოდ მიიჩნევა. მე როგორც ვიცი, გამოძიებას არანაირი უტყუარი მტკიცებულება არ აქვს. ამიტომაც უნდოდათ მათ ამ აღიარებითი ჩვენების მიღება – თუნდაც, ასეთი აბსურდულის, ასეთი კომიკურის და დაუჯერებელის. მათ ეს სჭირდებათ, რომ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს ადამიანი ჯაშუშობას აღიარებს და ეს მიაწოდონ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს. ჯერ ერთი – ჯაშუში საქართველოს მოქალაქე ვერ იქნება. თუნდაც ამაში ჩანს, როგორ არასწორად მიდის გამოძიება – ან საკითხის კვალიფიკაცია არ იციან, ან იციან და ამას განზრახ აკეთებენ. ამ შემთხვევაში უნდა იყოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების გამჟღავნების ან სამშობლოს ღალატის კვალიფიკაცია.

ფაქტია, რომ უტყუარი მტკიცებულებები არ არსებობს, ეს ჩვენება მორგებულია იმ აბსურდზე, რომელიც არის საქმეში. თავად ბრალდებულები იცნობენ გარკვეულ მტკიცებულებებს, მაგრამ ეს არ არის ბრალდების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები..

ისევ რჩება ვალდებულება ადვოკატების მიმართ, რომ მათ არ გაამჟღავნონ საქმის დეტალები?

– ადვოკატებს არ აქვთ ასეთი ვალდებულება. მათ აქვთ ვალდებულება, რომ მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტები არ გაამჟღავნონ. მთლიანად საქმის საიდუმლოდ შენახვის დავალდებულება კი იყო გამოძიების მიერ ადვოკატებისთვის ხელოვნურად ხელის შეშლა, რომ მედიას არ ჰქონოდა მეტი ინფორმაცია. ადვოკატები დაავალდებულეს ისეთი ვალდებულებებით, რომლებიც არ იყო კანონიერი. მე ეს გავაპროტესტე და ვთქვი, რომ არ ვიღებ ვალდებულებას მთელ საქმეზე და მხოლოდ იმ დოკუმენტებზე არ ვისაუბრებ, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია. ბუნებრივია, ადვოკატებსაც აქვთ გარკვეული პრევენციის და სიფრთხილის მომენტი. იმის მიუხედავად, რომ მათ იციან ამ ვალდებულების უკანონობის შესახებ, იძულებულნი გახდნენ, დამორჩილებოდნენ, რადგან დღეს 120 ადვოკატი ზის ციხეში და ისინი ძალიან კარგად გრძნობენ საფრთხეებს.

ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიებამ უნდა გამოაქვეყნოს ის მასალები, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას არ შეიცავენ?

– დიახ და თუ გამოძიება არ გამოაქვეყნებს, დაცვის მხარეს აქვს ამის მოთხოვნის უფლება.

საინტერესოა, კანონმდებლობის მიხედვით, ასეთი ტიპის საქმეზე მიუწვდება თუ არა ხელი საგარეო საქმეთა მინისტრს? როგორც ცნობილია, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საქმეში უმძიმესი მტკიცებულებები დევს.

– არა, კონკრეტული პროცესის მონაწილეების გარდა, საქმესთან შეხება არც საგარეო საქმეთა მინისტრს უნდა ჰქონდეს და არც სხვა ვინმეს. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვას – კორესპოდენტმა აბდალაძემ როგორ შეძლო კომპიუტერებიდან საიდუმლო დოკუმენტების გადმოწერა? ეს დოკუმენტები ყოველგვარი დაცვის გარეშე იყო განთავსებული? თუ აბდალაძის ჩვენება სწორია, მაშინ ვაშაძე პასუხისგებაში უნდა მიეცეს, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ უზრუნველყოფდა მის უწყებაში საიდუმლო ინფორმაციების დაცვას.

არის თუ არა საქმეში გამოკვეთილი ის პასუხისმგებელი პირი, ვისაც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების დაცვა ევალებოდა?

- არა, მაგრამ ალბათ, გამოკვეთენ. კანონში წერია, რომ ინფორმაციის დაცვა უნდა უზრუნველყონ პრეზიდენტმა, რომელიც ადგენს ნუსხას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ყველა უწყების სპეციალურმა სამსახურმა. საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველ რიგში, მინისტრია პასუხისმგებელი, რომ უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფდეს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების დაცვას. თუ ასე შეიძლებოდა ამ ინფორმაციის მოპოვება, თუ კორესპონდენტი ესწრება ქვეყნის პირველი პირების და საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურ შევხვედრებს, თანაც იმდენ ხანს, რომ სტენოგრამები აკეთოს, სად არის ვაშაძის პასუხისმგებლობა. ეს არის, რაც უნდა დავიჯეროთ?

საბოლოოდ, როგორი თქვენი შთაბეჭდილება – რატომ მისცა აბდალაძემ ეს ჩვენება.

–  როგორც ჩანს, აბდალაძისგან ითხოვდნენ აღიარებით ჩვენებას. მზად იყვნენ, რაღაც აღიარებითი ჩვენება მიეღოთ, სადაც აბდალაძე იტყოდა, რომ თავს დამნაშავედ სცნობდა და თანმშრომლობდა სპეცსამსახურებთან და თუნდაც, ზღაპრები ელაპარაკა. მათ მიიღეს ზღაპრები და უნდათ, ეს საზოგადოებას მიასაღონ. აბდალაძემ ზეწოლას ვერ გაუძლო, მოიგონა რაღაც ვერსია, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

მოვითხოვ ყველა ფაქტის გადამოწმებას. ოფიციალურმა დოკუმენტმა უნდა დაადასტუროს, იყო თუ არა გიორგი აბდალაძე 2002 წელს ცხინვალში დაკავებული. რადგან ეჭვი გამიჩნდა, რომ მის ჩვენებაში არის ბევრი მოგონილი ფაქტი, დავიწყებ ამ ფაქტების ოფიციალურად გადამოწმებას.