"საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ჟურნალისტებსაც მისწვდა"

უსიამოვნო და სამარცხვინო ინციდენტზე, რომელიც გუშინ უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან მოხდა, თბილისში ოფიციალური პირები კომენტარს გუშინ მთელი დღის მანძილზე არ აკეთებდნენ. ამავე დროს კიეველმა სამართალდამცველებმა საქმის შესწავლა დაიწყეს.

"რეზონანსი" მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებოდა საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესცენტრს, თუმცა უშედეგოდ. პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ქავთარაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაგვამისამართა. 

მოგვიანებით, უკრაინაში საქართველოს ელჩმა გრიგოლ ქათამაძემ დაადასტურა, რომ ადამიანი, რომელმაც ფოტოკორესპონდენტი გალახა, საელჩოს თანამშრომელია, თანაც კომენდანტი.ამის შემდეგ საელჩომ სხვა განცხადება გაავრცელა. კერძოდ, თითქოს აქციის მონაწილეებსა და ფოტორეპორტიორს ფიზიკური შეურცხყოფა არა კომენდანტმა, არამედ საელჩოში შრომითი კონტრაქტის საფუძველზე მომუშავე დაცვის თანამშრომელმა მიაყენა, რომელიც უკვე გათავისუფლებულიაო.
ამასთანავე, საელჩო უკრაინაში სინანულს გამოთქვამს მომხდარი ინციდენტის გამო და ბოდიშს უხდის აქციის მონაწილეებს, ჟურნალისტებსა და უკრაინის საზოგადოებას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მოძრაობა "ფემენის" ორგანიზებით კიევში საქართველოს საელჩოს წინ ჯაშუშობაში ბრალდებული ქართველი ფოტოკორესპოდენტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. რამდენიმე სიმპათიური უკრაინელი გოგონა აქციაზე - "ფოტონადირობა" - მხოლოდ ქვედა საცვლის ამარა გამოვიდა, ხელში ეჭირათ ბუტაფორიული ფოტოაპარატები და პლაკატები გადახაზული ფოტოაპარატის გამოსახულებით - "არ არის ფოტო - არ არის დემოკრატია". აქტივისტი გოგონები საქართველოს ხელისუფლებისაგან სამი ბრალდებული ფოტოკორესპოდენტის წინასწარი პატიმრობიდან განთავისუფლებას მოითხოვდნენ.

აქცია საელჩოდან გამოსულმა უცნობმა ჩაშალა, რომელმაც გოგონებს რამდენჯერმე უხეშად უბიძგა და მერე იქ მდგარი ერთ-ერთი ფოტოკორესპონდენტი პირდაპირი მნიშვნელობით გალახა - ურტყამდა როგორც ხელებით, ასევე ფეხებითაც.

"აქციის მსვლობისას საელჩოდან გამოვიდა მამაკაცი, მას თავისი ვინაობა არ დაუსახელებია, დაიწყო აქციის დაშლა, მუშტებით დაერია აქტივისტებს, შემდეგ თავისი მოზღვავებული ენერგია ჟურნალისტებზე გადაიტანა," - იუწყება "ფემენის" პრესცენტრი. " - ცემა დაუწყო ფოტოგრაფებს და ოპერატორებს, ცდილობდა აპარატურის დამტვრევას და მოითხოვდა, შეეწყვიტათ გადაღება. იგი ფიზიკურად გაუსწორდა ყოველკვირეულ გამოცემა "კომენტარის" (ფოტო) ჟურნალისტს, ალექსანდრ იამკოვოის, რომელიც ამჟამად (სავარაუდოდ) ტვინის შერყევით საავადმყოფოში იმყოფება (მოგვიანებით გაირკვა, რომ დაზარალებულს მხოლოდ მცირედი დაზიანებები აღენიშნებოდა - რედ.).

"ფემენის" აქტივისტები შეუერთდნენ საერთაშორისო ჟურნალისტურ კამპანიას, რათა ყოველმხრივ და ობიქტურად იქნას გამოძიებული ქართველი ფოტოგრაფების საქმე (ისინი ბრალდებული არიან ჯაშუშობაში რუსეთის სასარგებლოდ) და მოითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებასაგან ამ სამი ბრალდებული ფოტოგრაფის წინასაწრი პატიმრობიდან გათავისუფლებას. "ფემენი" თვლის, რომ "უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლის ძალადობრივმა ქმედებამ დაადასტურა საერთაშორისო საზოგადოების ეჭვები ოფიციალური თბილისის მედიაფობიასთან დაკავშირებით."

მათი აზრით, "უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე აქტივისტებზე და ჟურნალისტებზე ხელის აღმართვით დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა მოახდინეს საერთო დემოკრატიული პრინციპების: სიტყვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების" უპატივცემულობის დემონსტრირება. ზემოაღნიშნული ფაქტები კიდევ ერთხელ იწვევს მათ შეშფოთებას, თუ რა ბედი ელით საქართველოში დაკავებულ ჟურნალისტებს," - აცხადებენ მოძრაობის პრესცენტრში.

უკრაინაში საქართველოს ელჩი გრიგოლ ქათამაძე ადასტურებს, რომ კიევში საქართველოს საელჩოს წინ მომხდარი ინციდენტის მონაწილე საელჩოს თანანმშრომელია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქათამაძემ განუცხადა, ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქეა და ის საელჩოს კომენდანტის ფუნქციას ასრულებდა.

"16 ივლისიდან შვებულებაში ვარ, ამჟამად უკრაინაში არ ვიმყოფები და ამ ინციდენტის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ ინციდენტში მონაწილე საელჩოში ხელშეკრულებით მომუშავეა და საელჩოს კომენდანტის ფუნქციას ასრულებდა. არ ვიცი, რას წერს უკრაინული პრესა, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ," - აცხადებს ელჩი.

უკრაინული ინტერნეტგამოცემები კი წერენ, რომ "საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ჟურნალისტებსაც მისწვდა."
როგორც უკრაინული საინფორმაციო სააგენტო "უანიანი" იუწყება, გუშინვე კიევის შეჩენკოს რაიონის სამართალდამცველებმა საქმის შესწავლა დაიწყეს.
გამოცემა "კომენტარები", სადაც დაზარალებული რეპორტიორი მუშაობს, იმედონებს, რომ საქმის შესწავლა იქნება სწრაფი და მიუკერძოებელი. "არ გვინდა, რომ ვინმემ მომხდარი პოლიტიკურ ან გეოპოლიტიკური მიზნებით გამოიყენოს," - აცხადებენ გამოცემაში.
(გამოყენებულია
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაცია)