ბოლშევიკური ტერორი საქართველოში

ბოლშევიკური ტერორი საქართველოში

გორი.

24 იანვრიდან დაიწყო მასიური დაპატიმრება მთელს მაზრაში. ჩეკელები ხალხს აწიოკებენ. სატუსაღოში ადგილი აღარ არის და პატიმრებს კერძო სახლებში ათავსებენ.

ზესტაფონი.

სოფელ ჭალატყეში ასეთ საზიზღარ მოვლენას ჰქონდა ადგილი: შობის მეორე დღეს აგაბო მერკვილაძეს, რომელიც სტუმრობიდან ბრუნდებოდა რამდენიმე მეზობელთან ერთად, სახლის წინ ჩასაფრებული დაუხვდა მაზრის ჩეკის თავმჯდომარე მუდრი და თანაშემწე ჯიქიძე ჩეკისტების თანხლებით, რომელთაც შეეკითხნენ მოსულებს ვინაობა და როცა მერკვილაძემ უპასუხა თუ ვინ არის, უსიტყვოთ მოკლეს.

მეორე დღეს ჩეკაში დაიბარეს ზესტაფონის ექიმები და მუქარით მოსთხოვეს, რომ ოქმში აღენიშნათ, თითქო მოკლულს ტყვია ზურგში ქონოდეს მოხვედრილი, რომ ის გაიქცა და სხვა.

მაგრამ ექიმებმა ერთხმად დაადასტურეს, რომ მერკვილაძეს წინიდან აქვს ტყვია მოხვედრილი და გაქცევაც არ შეეძლო. ამას ადასტურებს ყველა.

გურია.

შემაძრწუნებელი ამბავი ხდება გურიაში. ზაკჩეკის რწმუნებული ჯალათი ობოლაძე წვავს სოფლებს და ხოცავს ხალხს. სოფელ ჯურუყვეთში ახალ წელიწადს დასწვეს სამი ოჯახი.

ხალხი შიშველ-ტიტველი გარეთ გამოყარეს. 15 წლის გიმნაზიელი მანწკავა ცეცხლში ჩააგდეს და ისე დახვრიტეს. ამავე სოფელში ხეზე მიაკრეს ერთი დევნილის ძმა და მერე დახვრიტეს.

სადგურ ნატანებში ობოლაძე ულვაშებში სწვდა რკინიგზის დარაჯს და მიაქიჩ-მოაქიჩავა, - არ მომწონს შენი ულვაშებიო და მერე დაატყვევა.

ხალხს ჯერ არ მოსწრებია ასეთი ველურობა!