„ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს - „ევროპულმა საქართველომ“ ამ კითხვას პასუხი ვერ გასცა“

„ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს - „ევროპულმა საქართველომ“ ამ კითხვას პასუხი ვერ გასცა“

მთავარი კითხვას პასუხი, რომლისთვისაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნა, კვლავ ღია რჩება. საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლა და ნათქვამია, რომ თანამდებობის პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა გადაცდომებს.

რაც შეეხება მთავარ კითხვას, როგორც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ გამოიკვლია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ბრალი წაუყენონ მ.კ-ს, დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობაზე.

„ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა იყოს დადგენილი მისი ბრალეულობა, რაც არის სასამართლოს კომპეტენცია“,- განაცხადა კაპანაძემ.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, კომისიის მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ მ.კ. დავით სარალიძეს ცარიელ ხელს არ ურტყამდა, მას კონკრეტული ნივთი ეჭირა, რომელიც ცივი იარაღი იყო და, რომელსაც სხვადასხვა ჩვენების მიხედვით, შეიძლება ჰქონოდა პირი ან არ ჰქონოდა. ამ კონტექსტში კაპანაძემ ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ თავად პროკურატურის მტკიცებით, მ.კ. დავით სარალიძეს ხელს გაშველების მიზნით ურტყამდა.

„ევროპული საქართველოს“ დასკვნას დროის დაკარგვად აღიქვამს უმრავლესობა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, საზოგადოებას აინტერესებდა ერთი მთავარი რამ - ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა ზაზა სარალიძის შვილს, დავით სარალიძეს, თუმცა „ევროპულმა საქართველომ“ ამ კითხვას პასუხი ვერ გასცა.

როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, რეალურად, კომისიის შექმნის მიზანი გახლდათ არა სამართალდამცავი ორგანოების გადაცდომის, არამედ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა.

„როდესაც მთავარ პრეტენზიას უყენებდით სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მათ ვერ გამოავლინეს სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებლი, აღმოჩნდა, რომ თურმე ობიექტური გარემოებები არსებობდა, რის გამოც თქვენ ვერ დაადგინეთ ეს. როგორც გამოძიებამ ვერ დაადგინა, ასევე თქვენც ვერ დაადგინეთ. ეს კითხვა დაისვა ათჯერ და ათჯერვე თავი აარიდა სერგი კაპანაძემ პასუხის გაცემა“,- განაცხადა კობახიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებულ პარლამენტის დადგენილების პროექტში კი ნათქვამია, რომ როგორც კომისიამ დაადგინა, არ არის ჩატარებული ან დაგვიანებით არის ჩატარებული ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის:

ა) მირზა სუბელიანის, მისი არასრულწლოვანი შვილის - ა. ს.-ს და ცოლის არასრულწლოვანი დის შვილის - მ. კ.-ს მიმართ არ ჩატარებულა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები (მაგალითად: არ გამოიკითხა მირზა სუბელიანი, არ გაიჩხრიკა არასრულწლოვანი მ. კ.-ს ბინა და არ მოხდა მისი ტანსაცმლის ამოღება).

ბ) საქმესთან შემხებლობაში მყოფი ზოგიერთი პირის ბინა არ იქნა გაჩხრეკილი და არ იქნა ამოღებული მათი ტანსაცმელი.

გ. არ ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები დ. ღ.-ს მიმართ.

დ) არ გამოიკითხა ან დაგვიანებით გამოიკითხა საქმესთან დაკავშირებით შესაძლო ინფორმაციის მქონე ზოგიერთი პირი.

ე) გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილი არ იქნა ამოღებული ან დაგვიანებით იქნა ამოღებული. ამასთან, არ მოხდა ყველა პირის იდენტიფიცირება, ვინც ჩანაწერებშია აღბეჭდილი.

ვ) არ განხორციელდა კონფლიქტში მონაწილე და მათთან დაკავშირებული ზოგიერთი პირის სატელეფონო საუბრების მოსმენა-მიყურადება. ასევე, არ იქნა ამოღებული ჩხუბის გარკვეულ მონაწილეთა ტელეფონები და კომპიუტერები.

ზ) კითხვის ნიშნებს ბადებს გამომძიებლის ზოგიერთი მოქმედება. თვალსაჩინოებისათვის გამოდგება ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, სადაც გამომძიებელი მირზა სუბელიანს უცნობ პირად მოიხსენიებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამის შემდეგ მოხდა აღნიშნული პირის იდენტიფიცირება, მირზა სუბელიანი პასუხისგებაშია მიცემული და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა კი აღნიშნა, რომ გამოძიებას ჰყავდა 2 მკვლელობაში ეჭვმიტანილი. პირველმა ინსტანციის სასამართლომ განიხილა საქმე. ერთ შემთხვევაში გამამართლებელი გადაწყვეტილება იყო, მეორე შემთხვევაში მკვლელობის მცდელობა. მაგრამ ეს პროცესი არ დასრულებულა, სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს საქმე, შესაძლოა, უზენაეს სასამართლოშიც გასაჩივრდეს. ანუ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ ვიცით.

გარდა ამისა, პროკურატურა ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მისი გამოძიების მიხედვით არსებობს 2 ბრალდებული მკვლელობაში.

„კითხვა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, იმიტომ, რომ მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ კითხვაზე საერთოდ აარიდეთ თითქოს პასუხის გაცემას თავი... იმ ორი ბრალდებულის მიმართ, თქვენი გამოძიების შედეგად, რაიმე ისეთი გამოიკვეთა ან გამოვლინდა, რომ შესაძლოა თქვენ მიიჩნიოთ რომ არასწორად იყო ბრალდება წაყენებული? ან გამოიკვეთა ვინმე მესამე პირის მიმართ რაიმე ისეთი მტკიცებულებები, რომელიც იძლეოდა იმის საფუძველს, რომ გვეფიქრა, შესაძლო მესამე პირიც უნდა ყოფილიყო ამ შემთხვევაში ბრალდებული“? - განაცხადა გიორგი კახიანმა.

საგამოძიებო კომისიის დასკვნის მოსმენისას უმრავლესობის დეპუტატ ზაზა პაპუაშვილსა და უმცირესობის წევრებს შორის ხმაურიანი დაპირისპირებაც მოხდა, სავარაუდოდ, დასკნის გამოქვეყნებას გაგრძელებაც მოჰყვება, თუმცა საინტერესოა, კვლავ შეეცდება თუ არა ოპოზიცია ამ საქმით პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჯერ კიდევ აქვს შანსი, საქმის ობიექტური გამოძიების ხელშეწყობით სახე შეინარჩუნოს და, თუკი თანამდებობრივ გადაცდომებს მართლაც ჰქონდა ადგილი, დამნაშავეებისთვის ხელის დაფარების პრაქტიკა მემკვიდრეობით არ გადმოიყოლოს წინა ხელისუფლებისგან.