გრიფი

გრიფი "საიდუმლო" – უნივერსალური იარაღი ხელისუფლების ხელში

[გერა მამულაშვილი]

ფოტორეპორტიორების საქმე კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ქართულმა მედიამ სოლიდარობის მორიგი აქცია მოაწყო. „აღიარებითი ჩვენების“ მიუხედავად, ჟურნალისტებს დაკავებულების უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარებათ. 

„უკვე ერთი კვირაა, ქართული საზოგადოება ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორების საქმის პერიპეტიებს ადევნებს თვალს. საქმის ძიება კარგად ნაცნობი სცენარით მიდის. სამივე დაკავებულმა ბრალის აღიარების ჩვენება მისცა. სავარაუდოდ, სასამართლო პროცესამდე, რომელიც სექტემბერში გაიმართება, ეს პროგრამა მინიმუმია, რის წარმოდგენასაც შსს საზოგადოებისთვის აპირებს. კიდევ შეიძლება გიორგი აბდალაძისა და ზურაბ ქურციკიძის აღიარებები ვიხილოთ ტელევიზიით, ეს არის და ეს.

ასეთი რა ღირებულება აქვს გამოძიებისათვის აღიარებით ჩვენებებს, რომლის მოპოვებასაც უპირველესად, ყველანაირი ხერხის გამოყენებით ცდილობენ პროკურატურის თანამშრომლები“, – წერს „ინტერპრესნიუსი“.  

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტები განმარტავენ, რომ ბრალის აღიარება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეჭვმიტანილი დამნაშავედ იყოს ცნობილი. ამისთვის საჭიროა კიდევ დამატებით მტკიცებულებათა ერთობლიობა. ეს საერთაშორისო ნორმაა და ევროპის ქვეყნებშიც ასე ხდება, ხოლო რამდენად სარწმუნოდ ჩათვლის სასამართლო წარმოდგენილ დამატებით მტკიცებულებებს, ეს მოსამართლეების გადასაწყვეტია.

„ფოტორეპორტიორების დაკავებამ ქართული საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ძლიერი პროტესტი გამოიწვია. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს საპატიმროებში გაბატონებული უკანონობისა და ძალადობის ფონზე, ამ თვითაღიარებებისა აღარავის სჯერა. საზოგადოებამ ეს ეტაპი უკვე გაიარა. არც მოწმე პოლიციელების ჩვენებას და ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას ირწმუნებს საზოგადოების უმრავლესობა.

შესაძლოა, საზოგადოებაში არსებული უნდობლობის ხარისხი გაითვალისწინა ხელისუფლებამ, როდესაც თავის ,,საფირმო" აღიარებებსა და ფარულ ჩანაწერებს დაამატა ,,ბრალდების მტკიცებულებები", რომლებსაც დაადო გრიფი ,,საიდუმლო" და არავის აჩვენებს. ლოგიკურად ჩნდება ეჭვი, რომ ეს დაფარული მტკიცებულებები ვერაფერსაც ვერ ამტკიცებს.

რა დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ ყოველივე ამის შემდეგ. პირველი ის, რომ ხელისუფლებას უჭირს, მხოლოდ აღიარებითი ჩვენება და ფარული ჩანაწერები აღარ კმარა ხალხის ციხეში ჩასასმელად. ეს საზოგადოების მცირე გამარჯვებადაც შეიძლება ჩაითვალოს.

და მეორე - თუ ბრალდების გასაიდუმლოების ხერხმა გაჭრა და საზოგადოებამ ვერ მიაღწია მტკიცებულებებზე გრიფის ახსნას, ხელისუფლების ხელში მოექცევა ისეთი უნივერსალური იარაღი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი მოქალაქის დაკავებას შეძლებს, თანაც ისე, რომ მიზეზსაც ვერავინ გაიგებს. ისე, როგორც ეს ხდებოდა გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში“, – აღნიშნავს სააგენტო.

ამ თემაზე, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ვესაუბრებით:

ვახტანგ ხმალაძე: საქართველოს კონსტიტუცია სიტყვა–სიტყვით ამბობს, რომ როგორც ბრალის წაყენება, ასავე სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს შეიძლება დაეფუძნოს. შეუძლებელია უტყუარი იყოს აღიარებითი ჩვენება, თუ ის არ არის დადასტურებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც ერთობლიობაში კონკრეტულ რაღაცას უტყუარად აქცევენ. სხვანაირად, აღიარებითი ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად ვერანაირად იქცევა.

მსოფლიოში უამრავი მაგალითი და პრეცენდენტი არსებობს, როდესაც ადამიანს ისეთი რამ უღიარებია, რაც არ ჩაუდენია. ასეთი ადამიანები გაუსამართლებიათ კიდეც. შემდგომ, რაღაც დროის გასვლის შემდეგ აღმოჩენილა რომ, ეს აღიარებითი ჩვენება ტყუილი იყო; დამნაშავე სხვა ყოფილა. 

გარდა ამისა, არსებობს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთ ევროპას და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს ეხება; ამ სახელმწიფოებში სასამართლოს განაჩენები სწორედ აღიარებით ჩვენებებს ემყარებოდა. სტრასბურგის სასამართლოს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ ეს ჩვენებები არ შეიძლებოდა განხილულიყო როგორც უტყუარი მტკიცებულება, როგორც საფუძველი განაჩენის გამოტანისთვის.

სხვათაშორის, ამასვე ამბობს ჩვენი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიც. საზოგადოებას კი თავს ახვევენ, რომ რადგან დაკავებულმა ადამიანებმა აღიარეს, ეს არის ფაქტი და ისინი დასასაჯელები არიან. სამართლის თვალსაზრისით, ეს არის ტყუილი. ცდილობენ  სამართლებრივად გაუნათლებელ საზოგადოებაში შექმნან შთაბეჭდილება, უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი, რომ რომ ეს ადამიანები დამნაშავენი არიან.

ეს არის უკანონობა იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია. ასევე ადგილი აქვს სახელმწიფოს მხრიდან ირიბ ზემოქმედებას როგორც გამოძიებაზე, ასევე სასამართლოზე, რომელიც შემდგომ უნდა გაიმართოს. ეს ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა, რამაც თავისი უსამართლო, უკანონო შედეგი შეიძლება გამოიღოს. არაფრით შეიძლება ასეთი რამის კეთება.

თქვენი დაკვირვებით, ჩანს თუ არა ფოტორეპორტიორების საქმეში რაიმე სახის „უტყუარი მტკიცებულება?“

– მსგავსი ვერაფერი დავინახე. გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებმა აღიარეს, რომ იყო დანაშაული. მედიის რამდენიმე წარმომადგენელი შს მინისტს შეხვდა. მინისტრს უთქვამს, რომ მთელი საქმის დაახლოებით ათი პროცენტი არისო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი.

ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა საქმეში რაიმე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალა. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, გარდა სიტყვიერი განცხადებისა. არავინ არაფერი ვიცით იმ 90 პროცენტის თაობაზეც, რომელიც მინისტრის თქმით, სახელმწიფო საიდუმლოება არ არის. ადვოკატებს ხელი მოაწერინეს, რომ არაფერი თქვან იმაზე, რაც ხდება. თან უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ საიდუმლო გრიფი მთელ საქმეს ადევს.

შს მინისტრი გვეუბნება, რონ ასე არ არის. ამ შემთხვევაში, ადვოკატების ნათქვამი უნდა ვირწმუნოთ, რადგან ხელი მოაწერეს, რომ არაფერს გაამხელენ.

საზოგადოების წევრებს რანაირად შეგვიძლია შევაფასოთ ხელისუფლების ქმედების კანონიერება და სამართლიანობა, თუ არანაირი სარწმუნო მონაცემი არ გვაქვს იმის თაობაზე, რისგან შედგება ეს ბრალდება. ასეთ დროს, ჩემთვის წინა პლანზე უდანაშაულობის პრეზუმფციის აღიარებული პრინციპია; სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება.

რამდენად საჭიროებდა ეს საქმე საიდუმლო გრიფის დადებას?

– კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ პირდაპირ ამბობს, რა საკითხებს შეიძლება დაედოს გრიფი საიდუმლო. ესეც კატეგორიებად იყოფა; რადგან ყველა სახელმწიფო საიდუმლოებას თავისი ხანდაზმულობის ვადა გააჩნია. როდესაც ეს ვადა გადის, თავიდან თუ არ მოხდა გასაიდუმლოება, საქმე უკვე ღიად ითვლება.

როდესაც ჩვენ არ ვიცით, რეალურად რაზეა საუბარი, ვერც იმას ვიტყვით, რამდენად კანონიერად დაედო საქმეს სახელმწოფი საიდუმლოების გრიფი; თუ საერთოდ შეიძლებოდა ამის გამოყენება.

როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში, ასევე ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში შეგიძლიათ ნახოთ საკითხების გრძელი ჩამონათვალი, რომელთაც არ შეიძლება დაედოთ არათუ სახელმწიფო საიდუმლოების, არამედ პირადი, კომერციული, პროფესიული საიდუმლოების გრიფი. თუ არ გვეცოდინება რა საკითხზეა საუბარი, ვერ ვისაუბრებთ გრიფის დადების მიზანშეწონილებაზე; თუ საერთოდ არის იგი საქმეზე გამოყენებული.

ამიტომ კატეგორიული მოთხოვნაა ხელისუფლებისადმი, რომ გახსნან ეს საკითხი; დაანახონ საზოგადოებას, რონ კანონიერად იქცევიან. თუ ამას არ გააკეთებენ, ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება უკანონოდ მოქმედებს. ამ ეჭვს სრული საფუძველი აქვს. თუ ასე არ არის, მაშინ საქმეს საიდუმლოების ბურუსში რატომ ხვევენ და მალავენ?