შაბათს პროკურატურამ დაკავებული ფოტორეპორტიორის, გია აბდალაძის აღიარებითი ჩვენება მოიპოვა, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ აღიარებების გარეშე შსს-მ და პროკურატურამ საზოგადოებას ვერ წარუდგინეს ვერც ერთი მეტ-ნაკლებად სარწმუნო პირდაპირი მტკიცებულება.
იყო თუ არა გია აბდალაძე ფსიქოლოგიური თუ რაიმე მედიკამენტის ზემოქმედების ქვეშ, რა შეიძლება, გვაჩვენოს დღეს ნაციონალური არხებით ხელისუფლებამ და რა მოხდა გლდანის ციხეში, ამის შესახებ "მთელი კვირა" დაკავებულის ადვოკატს, ეკა ბესელიას ესაუბრა.
"მთელი კვირა": ქალბატონო ეკა, რა მოხდა შაბათს გლდანის ციხეში? ვისი ინიციატივით მოხდა თქვენი შეხვედრა გიორგი აბდალაძესთან?
ეკა ბესელია:გასულ ხუთშაბათს "კავკასიის" პირდაპირ ეთერში ვიყავი, როდესაც მივიღე გამომძიებლისაგან შეტყობინება, რომ მეორე დღეს, დილის 11 საათზე დაგეგმილი იყო საპყრობილეში შესვლა, სადაც თავად გიორგი აბდალაძე გამომძიებელთან ითხოვდა შეხვედრას ადვოკატებთან ერთად. მე დავურეკე გამომძიებელს და ვკითხე, თუ რა ხდებოდა. მან მითხრა, არ ვიცი, ამ შეხვედრის ინიციატორი არის თავად გიორგი აბდალაძეო.
თან მითხრა, თავად ბრალდებული ითხოვს შეხვედრასო და მთხოვა მეც მივსულიყავი. ბუნებრივია, ეს არ იქნებოდა შემთხვევითი, ამას წინ უძღოდა ის, რომ მე წინა პარასკევს ვინახულე გიორგი აბდალაძე. გლდანის ციხეში მისულს შემექმნა პრობლემა აბდალაძესთან შესვლასთან დაკავშირებით. დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ციხის ადმინისტრაცია ცდილობდა, დავერწმუნებინე, თითქოს აბდალაძე უარს ამბობდა ჩემთან შეხვედრაზე. ეს აღმოჩნდა ტყუილი, როგორც ვივარაუდე. ანუ ეს იყო უკვე პირველი მცდელობა ჩემი ამ საქმიდან ჩამოცილების.
ამ დროისათვის აბდალაძესთან ფსიქოლოგიური დამუშავების პროცესი, უკვე როგორც ჩანს, დაწყებული იყო. ეს იყო პირველი ნაბიჯი, თუ ვერ გადავლახავდი ამ ბარიერს შესვლასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, გაცილებით უფრო იოლი იყო გამოძიებისთვის, მოეგვარებინათ ის პროცედურები, რომელიც მიზნად ისახავდა აღიარებითი ჩვენების მიღებას. ახლა მე წინა მოვლენებზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ მოხდა იმ ჩვენების მიღება. თან გავიხსენოთ ისიც, რომ რამდენიმე დღის წინათ მე გავაკეთე განცხადება, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა აბდალაძეზე, როცა მას შიმშილობა შეაწყვეტინა ციხის ადმინისტრაციამ. ეს იყო პირველი განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით და, ბუნებრივია, ამანაც გამოიწვია ვნებათაღელვა.
პარასკევს, როგორც უკვე მოგიყევით, მე არ დავნებდი ციხის ადმინისტრაციას და მაინც შევხვდი გიორგი აბდალაძეს. ის შეხვედრის დროს კატეგორიულად გამორიცხავდა ბრალის აღიარებას. თუმცა ის იყო უკვე ძალიან შეფიქრიანებული იმის გამო, რომ აღიარებითი ჩვენება ორმა დაკავებულმა მისცა. ის წუხდა, რომ შესაძლებელია მას დაბრალებოდა ყველაფერი. მიუხედავად ამისა, როდესაც მან მოისმინა ჩემი მოსაზრება პირადად და მე მას ვუთხარი, რომ რადგან ის უდანაშაულოდ მიიჩნევდა თავს, არ უნდა დაებრალებინა დანაშაული, არ უნდა ეღიარებინა ის, რაც მას არ ჩაუდენია. მე მას ვუთხარი, რომ მას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა როგორც ჩვენგან პირადად, დიდი მხარდაჭერა აქვს ქართველი მედიის წარმომადგენლების მხრიდან და რომ ყოველდღიურად ეწყობა სოლიდარობის აქციები. ვუთხარი, რომ საერთაშორისო მედია და ორგანიზაციები თვალყურს ადევნებენ ამ საქმეს და რომ არის მათი საქმის მიმართ უდიდესი ინტერესი. მე ვთხოვე მას, მხნედ ყოფილიყო.
"მ. კ": ყველაფერი ეს რომ უთხარით, მან რა გითხრათ?
ე. ბ: მან მითხრა, იქნებ, ყოველდღე შემოვიდეს ადვოკატი, რომ არ დავრჩე მარტო ციხეშიო. ანუ, მას გარკვეული საფრთხეები ჰქონდა იქ ყოფნის გამო. ბუნებრივია, ყველა მინიშნება, ყველა ფრთხილი საუბარი მეტყველებდა იმაზე, რომ ის იქ უსაფრთხოდ არ იყო. ალბათ, იცით, რომ იქ ყველაფერი კამერებით კონტროლდება და არა მარტო კამერებით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საუბარი იწერება.
როცა შაბათს, 11 საათზე გლდანის ციხეში მივედი, გამომძიებელმა და პროკურორმა თითქოს არაფერი არ იცოდნენ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი იყო ფარსი და ეს მაშინვე გაირკვა, როდესაც კი ჩვენ შევედით საპყრობილეში. ერთ-ერთ ოთახში შევედით და იქ არ შემოიყვანეს გიორგი აბდალაძე. იქ იყო მობილიზებული სამი ოპერატორი თავისი კამერებით. ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ ყველაფერი წინასწარ იყო მომზადებული, მათ უკვე იცოდნენ, ანუ პროკურორმაც და გამომძიებელმაც, რომ აბდალაძე აპირებდა ჩვენების მიცემას და ეს იყო უკვე შეთანხმებული.
მე აბდალაძე რომ მოვიკითხე, როგორა ხართ-თქო, ცოტა დაბნეული მეჩვენა. მან თქვა, მას აქვს სურვილი, რომ მისცეს ჩვენება. დაიწყო პირდაპირ ამ ტექსტით - მე მინდა გამოძიებას მივცე დღეს ჩვენება. ეს იყო მოულოდნელი ჩემთვის, მე მოვითხოვე, რომ ჩვენების მიცემამდე ის მარტო დარჩენილიყო ადვოკატებთან. ვუთხარი მას, მინდა, დაგელაპარაკოთ თქვენ, იქნებ, გირჩიოთ, როგორ ჯობია, მერე უკვე გვიან იქნება კონსულტაცია, როდესაც ჩვენებას მისცემთ-მეთქი. ამიტომ მე მას ვთხოვე, ცოტა ხნით დარჩენილიყო ჩვენთან და უბრალოდ წინასწარ გაევლო კონსულტაციები. პროკურორს და გამომძიებელს ეს, რა თქმა უნდა, არ მოეწონათ, მაგრამ ისინი იძულებულები იყვნენ, დაეტოვებინათ ოთახი, რადგან ეს იყო აბსოლუტურად კანონიერი მოთხოვნა. როდესაც ის მარტო დარჩა ჩვენთან, მე მას ვკითხე, რა ჩვენების მიცემას აპირებდა. გიორგი აბდალაძეს არ სურდა, ჩვენთვის ეთქვა, რას აპირებდა იგი. ის იყო იმდენად მომართული იმაზე, თითქოს დავალება უნდა შეესრულებინა და ეს უნდა გაეკეთებინა მაშინ, როცა იქ იქნებოდა გამომძიებელი და პროკურორი.
"მ. კ": ანუ არ გითხრათ, რას აპირებდა?
ე. ბ: არა, არ თქვა, რომ აპირებდა აღიარებითი ჩვენების მიცემას. უფრო მეტიც, როდესაც მე პირდაპირ ვკითხე, რას აპირებ - მეთქი, უნდა აღიარო წარდგენილი ბრალდება? მან მითხრა, არ ვაპირებო. მე მინდა, რომ თქვენ დაესწროთ ჩემს ჩვენებას და მოუსმინოთ, რასაც ვიტყვიო. მე მოვიფიქრე, რაც უნდა ვთქვა და მინდა, რომ დაესწროთო. მერე მოითხოვა, შემოვიდეს პროკურორი და გამომძიებელიო. მისი ეს ქცევები, ბუნებრივია, არ იყო ჩვეულებრივი და ნორმალური. ესეც რაღაც ძალიან ამოვარდნილი იყო კონტექსტიდან. ამის შემდეგ შემოვიდნენ გამომძიებელი და პროკურორი. მათ უთხრეს აბდალაძეს, თქვენს ჩვენებას ჩვენ ჩავიწერთ ვიდეოსაშუალებებითო. აბდალაძემ მათ უთხრა, არ არის პრობლემაო. მე ესეც გავაპროტესტე და ვთქვი, რომ არ არის საჭირო ამ ჩვენების ვიდეოკამერებზე ჩაწერა. ვუთხარი კიდევაც აბდალაძეს, იქნებ, უარი ეთქვა გადაღებაზე, მაგრამ გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში იღებს ბრალდებული. მან თქვა, იყოს კამერები, პირიქით, უკეთესიაო. სამი ოპერატორი ვიდეოკამერით იღებდა აბდალაძის აღიარებით ჩვენებას, რომელიც სამ საათზე მეტი გრძელდებოდა. რამდენჯერმე შეწყდა ჩვენების მიცემა ჩემი ინიციატივით. მე რამდენჯერმე ჩავერიე დაკითხვის დროს და როდესაც ვნახე, რომ ის კიდევ უფრო იმძიმებდა ბრალდებას, იმ თვალსაზრისით, რომ მას აქვს პირველი ნაწილი ჯაშუშობის წარდგენილი და რაღაც თავისი ჩვენებით, რომელის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადაღებულ კადრებს ეხებოდა, მე ვუთხარი მას, რომ ასეთი განმარტებების მიცემით, მას შეიძლება დაუმძიმდეს ბრალდება და მეორე ნაწილზე გადავიდეს.
ვუთხარი, ვალდებული ვარ, გაგაფრთხილოთ, თქვენ როგორ აკეთებთ ამას, თქვენ შეიძლება დაიმძიმოთ თქვენი მდგომარეობა-მეთქი. ის ერთი კი შეყოვნდა, მაგრამ მაინც გააგრძელა ჩვენების მიცემა. მე რამდენჯერმე მომივიდა პროკურორთან კამათი, ბუნებრივია, ის ითხოვდა, რომ არ ჩავრეულიყავი. მაგრამ მე მას ავუხსენი, რომ მე იქ ვიყავი მხოლოდ იმიტომ, რომ მონიტორინგს ვახორციელებდი, ვიცავდი აბდალაძის უფლებებს, რომ მას მივხმარებოდი, რომ სწორად წარემართა თავისი დაცვის ტაქტიკა.
"მ .კ": ქალბატონო ეკა, კონკრეტულად რას აღიარებს გიორგი აბდალაძე და როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ, რამდენად არის ეს აღიარება მტკიცებულებებით გაჯერებული?
ე. ბ: რას აღიარებს და ჯაშუშობას. იცით, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აბდალაძეს ჰქონდა წინასწარ შეთავაზებული ტექსტი. ის ამ ტექსტით საუბრობდა. როგორც ჩანს, მასთან შედგა შეთანხმება, რა უნდა ეთქვა და როგორ. თავიდან მან თქვა, რომ არ აღიარებს ბრალდებას, მერე თქვა - ნაწილობრივ და მერე თქვა, რომ აღიარებს. სამი სხვადასხვა პასუხი გასცა აბდალაძემ ერთ კითხვაზე. ამასაც მოჰყვა ჩემი კამათი პროკურორთან. ამის შემდეგ, როდესაც მან უკვე თხრობა დაასრულა, იყო უკვე კითხვები. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა მისთვის კითხვების დასმის. მე მას ვკითხე, რაც ოქმში უნდა ჩაეწერათ და ჩაიწერა კიდევაც, რომ გუშინ, რომ პარასკევს ის უარყოფდა წარდგენილ ბრალდებას, კატეგორიულად გამორიცხავდა და არ აპირებდა აღიარებას. მან თქვა, რომ დიახ, მე თქვენ ეს გითხარით.
მე ასევე ვკითხე, თქვენ მიდასტურებთ თუ არა, რომ მე თქვენ დღეს დაკითხვამდეც გამიმეორეთ, რომ არ აპირებთ აღიარებითი ჩვენების მიცემას და მან თქვა, დიახ, გიდასტურებთო. მაშინ რატომ დამალეთ, რომ თქვენ აღიარებითი ჩვენების მიცემას აპირებდით-მეთქი. მან თქვა, შემეშინდა, რომ თქვენ არ წასულიყავით და არ დაგეტოვებინეთ აქ მარტოო. მე ზუსტად ამიტომ არ მივეცი ჩემს თავს უფლება, დამეტოვებინა დაკითხვის პროცესი. მიუხედავად იმისა, დავინახე, რომ ის აშკარად არაბუნებრივად იქცეოდა, თან არ დავტოვე დაკითხვის პროცესი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მე მას მივხმარებოდი. მე შევძელი, რომ ოქმში ჩემი ხელით ჩამეწერა დაახლოებით ნახევარგვერდიანი შენიშვნა, სადაც ვწერ, რომ აბდალაძე არის ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, ის არ იძლევა ჩვენებას თავისუფალი ნების პირობებში, მე გავაკეთე შენიშვნა, რა უზუსტობაც იყო დაკითხვის დროს და ეს შენიშვნა დაადასტურა სამმა ადვოკატმა. ამას აქვს უდიდესი ძალა.
ხვალ რომ გიორგი აბდალაძემ თქვას, რომ ის მართლაც იმყოფებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, ან რა ტიპის ზემოქმედება მოხდა მასზე, მას ეს შენიშვნები, რომელიც მე ოქმში ჩავწერე, მიეხმარება, რომ გაბათილდეს ის ჩვენება და მან დაამტკიცოს, რომ ის ჩვენება არ იყო თავისუფალი ნების პირობებში მიცემული. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მე იქ დავრჩი დაკითხვის ბოლომდე, როცა მე აბდალაძეს ვუთხარი, თუ რატომ აკეთებდა ამას, მან მითხრა, რომ ყველაფერი იქნებ დამთავრდეს და ყველაფერი მერე, ალბათ, უკეთესად იქნება. მითხრა, რომ ახლა ვერაფერს მომიყვებოდა.
ადვოკატები მას უსვამდნენ კითხვებს და მან თქვა, რომ არ შეუძლია მას პასუხის გაცემა, რომ თავი სტკივა, გადაიღალა და უნდა, რომ წავიდეს. დამშვიდობების დროს მითხრა, იქნებ, შემდეგ, როცა შეძლებთ ნახვას, მე დაგელაპარაკებით და გეტყვით, რა მოხდაო. არ ვიცი, ის რამდენად შეძლებს, იყოს გულახდილი და გულწრფელი იმ პირობებში, სადაც ის იმყოფება. მაგრამ ფაქტია, რომ ის რაღაცას მალავდა, ვერ ამბობდა, რა ხდება მის თავს და იყო ძალიან წინააღმდეგობრივი, გაორებული. თუმცა აშკარად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ასრულებდა რაღაც შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ეს ჩვენება მას უნდა მიეცა.
"მ. კ": ქალბატონო ეკა, მომავალში როგორ აპირებთ გიორგი აბდალაძის უფლებების დაცვას?
ე. ბ: ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ამის შემდეგ აბდალაძე რა პოზიციას დაიჭერს. როგორც ჩანს, იმდენად დიდი ინტერესი იყო, რომ ეს აღიარებითი ჩვენებები მიეღოთ, იმისთვის, რომ საპროცესო შეთანხმებები გაფორმდეს ამ საქმეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო განხილვა არ შედგება და სასამართლო განხილვის გარეშე დამთავრდება ამ საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოტანა. ზუსტად ამიტომ უნდოდათ, აღიარებითი ჩვენება მიეღოთ. უნდოდათ იმიტომ, რომ ამით ჩაცხრეს ის სოლიდარობის აქციები და ის ვნებათაღელვა, რომელიც ამ საქმეს მოჰყვა. ამ საქმის მიმართ ინტერესი იყო ძალიან დიდი და, შესაბამისად, გამოყენებული იქნებოდა ყველა ფორმა და მეთოდი, რომ ეს აღიარებითი ჩვენება ყოფილიყო მიღებული.
"მ. კ": თქვენ როდესაც აბდალაძეს უთხარით, რომ მათ აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჟურნალისტებისაგან და ყოველდღიურად იმართება მათი მხარდამჭერი, სოლიდარობის აქციები, რა თქვა?
ე. ბ: ის პარასკევის ჩათვლით ითხოვდა, რომ სოლიდარობის აქციები გაგრძელებულიყო. მე პარასკევსაც მთხოვა მან, რომ მხარდაჭერა არ შეწყვეტილიყო, მან თქვა, ჩვენ აქ დავიკარგებით, თუ გარედან შეწყდება ჩვენი მხარდაჭერაო. ამას ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. აი, პარასკევს რა მოხდა ჩვენი წამოსვლის მერე ღამის 11 საათამდე, ეს არის მნიშვნელოვანი და გამოსაკვლევი. ამიტომ ვამბობ, რომ ჩემს თავს არ მივეცი უფლება, წამოვსულიყავი. პროფესიული მოვალეობა უნდა მომეხადა ბოლომდე, რომ ღმერთის წინაშე ვყოფილიყავი მართალი და საზოგადოების წინაშეც, რომელიც ასე იბრძვის ამ სიმართლის დასადგენად. მე კვლავ ვეცდები, გავარკვიო, თუ ეს შესაძლებელი გახდა, რა მოხდა, თუმცა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია აბდალაძის პოზიცია. ის თუ არ გამოგვყვა ჩვენ ამ ბრძოლაში, ძალიან ძნელი იქნება, გავიგოთ, სინამდვილეში რა მოხდა.
მან უნდა ისაუბროს ამ თემებზე. მესმის, რომ მას უჭირს იქ, იმ პირობებში, როცა ყველაფერი ისმინება და მერე მარტო რჩება პირისპირ იმ სისასტიკის წინაშე, რომლის მომსწრეც არაერთი ადამიანი გამხდარა, მაგრამ გამოსავალი არის სწორედ ის, რომ ისაუბროს, იქ რეალურად რა ხდება. როგორც კი ის დამალავს ზეწოლის ფაქტებს, ბუნებრივია, ის უფრო დაუცველი დარჩება. დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერის პირობებში მას დიდი შანსი ჰქონდა და აქვს კიდევაც, როგორმე შეძლოს და სიმართლე ილაპარაკოს. მე ვიტოვებ იმედს, რომ რაც შაბათს გიორგი აბდალაძემ ილაპარაკა ჩვენების დროს, ის არ არის რეალური.
"მ. კ": თქვენ თვლით, რომ სოლიდარობის აქციები უნდა გაგრძელდეს?
ე. ბ: მე უკვე გითხარით, ეს დამოკიდებულია გიორგი აბდალაძეზე. მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ვერავინ ვერ მიიღებს მის გარეშე გადაწყვეტილებას. თუ მან თქვა, რომ უნდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ბუნებრივია, დაცვამ შეიძლება ურჩიოს, რომ ეს არ გააკეთოს, მაგრამ ადვოკატი ვერ მიიღებს მის მაგივრად გადაწყვეტილებას. მას აქვს შესაძლებლობა, რეალური დაცვა მიიღოს. მას ჰყავს ადვოკატები, რომლებიც კვალიფიციურად იცავენ მას, მან ეს უნდა გამოიყენოს. თუ ის იტყვის, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება უნდა და ამას დათანხმდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესი და საქმის არსებითი განხილვა აღარ ჩატარდება. მე იმედი მაქვს, რომ ის შეძლებს, გააანალიზოს ყველაფერი, რაც მოხდა და გაირკვევა ყველა გარემოება.
მე მგონია, რომ ეს სოლიდარობის აქციები უნდა გაგრძელდეს. იმიტომ, რომ აქ ლაპარაკია მედიის დაცვაზე, ლაპარაკია - ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის დაცვაზე. ჟურნალისტებმა უნდა გააგრძელონ თავიანთი უფლებების დაცვა, ეს არის უმნიშვნელოვანესი.