ექსპერტი რამაზ საყვარელიძე სასულიერო პირებისადმი ილია მეორის მიმართვას აფასებს. მისთვის გაუგებარია, „რატომ ეძებენ შეთქმულების თეორიებს პატრიარქის განცხადებაში“.
„გადახედეთ მსოფლიოს, არც ერთ ქვეყანაში რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სადაც საეკლესიო მმართველობაა, პოლიტიკაში რელიგიის ჩართულობა არ იგრძნობა. გაყოფილია საერო და საეკლესიო მმართველობა. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ ეძებენ შეთქმულების თეორიებს პატრიარქის განცხადებაში. ვინც ამას აკეთებს, ის პატრიარქის წინააღმდეგ გამოდის“, – განუცხადა რამაზ საყვარელიძემ 2020NEWS-ს.
ექსპერტის ასეთი შეფასება სოციალურ ქსელში საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის კომენტარებს მოჰყვა, სადაც ისინი საქართველოს ისტორიიდან პოლიტიკაში ეკლესიის ჩართულობის ფაქტებს იხსენებდნენ.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სასულიერო პირებს, მოძღვრებსა და მღვდელმთავრებს მოუწოდებს, პოლიტიკური შინაარსის განცხადებებისგან თავი შეიკავონ და ჩრდილს ნუ აყენებენ ეკლესიასა და საკუთარ თავს. ამასთან დაკავშირებით პატრიარქის მოწოდება საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და, ამასთან, საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს. მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან. მათ ასევე შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური, ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს“, – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.