(იბეჭდება შემოკლებით)
უკვე დიდი ხანია, რაც ალანა გაგლოევა სკანდალური ისტორიებისა და ჭორების ობიექტი აღარ ხდება და მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პრესმდივნის ფუნქციებს აღარ ასრულებს და მხოლოდ, სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული კულტურული და საზოგადოებრივი საკითხების მოგვარება აბარია, ძირითადად კადრს მიღმა უწევს ყოფნა – ალანას ცხოვრების ასეთი სტილი ძალიან მოსწონს. არც იმითაა უკმაყოფილო, რომ სხვა ცნობილმა ქალებმა „ჩაანაცვლეს“ და იმასაც აღიარებს, თუ როგორ გაუჭირდა საკუთარი როლის აღქმა ოცი წლის ასაკში.
ალანა, ბოლო პერიოდში თითქმის აღარ ჩანხარ, რა ხდება, სამსახური ხომ არ შეიცვალე?
- არა, სამსახური არ შემიცვლია, კვლავ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვმუშაობ. მე ვხელმძღვანელობ სამუშაო ჯგუფს, რომელიც სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ კულტურულ და საზოგადოებრივ საკითხებს აგვარებს. არსადაც არ „დავკარგულვარ“ – გარდა იმისა, რომ ვმუშაობ, ასევე ვაგრძელებ სწავლას. ჩავაბარე მაგისტრატურაში, „ჯიპაში“ ჟურნალისტიკასა და მედიამენეჯმენტს ვეუფლები. ადრე უცხო ენების ინსტიტუტში ვსწავლობდი, მერე შევისვენე. გადავწყვიტე, უფრო მეტი მეფიქრა და ისე ჩამებარებინა მაგისტრატურაში. ბოლოს არჩევანი მაინც ჟურნალისტიკაზე გავაკეთე. მე ჟურნალისტობამ უფრო მომხიბლა, ვიდრე ჩინოვნიკურმა სამსახურმა. ჟურნალისტიკას ბევრი ისეთი ხიბლი აქვს, რაც სახელმწიფო მოხელის სამსახურს გამორიცხულია, რომ ჰქონდეს. ჩინოვნიკობა არ არის ბოლომდე ჩემი საქმე, 20 წლის ვიყავი, როცა ადმინისტრაციაში დავიწყე მუშაობა. მაშინ ყველაფერზე სხვანაირად ვფიქრობდი, ნამდვილად ვერ ვხვდებოდი, რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრებოდა, საერთოდ სად ვიყავი, რომელ განზომილებაში მოვხვდი. ვფიქრობდი, რომ რადგან ეს სამსახური შემომთავაზეს, ეს ნიშნავს, რომ მაგარი ვარ-მეთქი. თუმცა, არც სამუშაო კაბინეტი მქონდა და რამდენიმე თვე ერთ-ერთ დეპარტამენტში ვიყავი შეხიზნული. (იცინის) მერე მომცეს ერთი პაწაწკინტელა ოთახი კიბის თავზე. ერთი სული მქონდა ხოლმე, დროზე დამთავრებულიყო სამუშაო დღე და მეგობრებთან ერთად გასართობად წავსულიყავი. მე აღარ მქონდა იმდენი თავისუფალი დრო, ჩემს მეგობრებს რომ ჰქონდათ, რის გამოც მათი ძალიან მშურდა.
ის, რომ მუდმივად ჩანდი პრეზიდენტის გვერდით, არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ საკუთარი მდგომარეობა შეგეფასებინა?
- ერთი წელი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ჩემი სამსახური არ იყო სათამაშო ადგილი. იცით, რაშია საქმე? 20 წლის გოგონას, უჭირს რეალობის აღქმა. თან მე არ ვყოფილვარ განსაკუთრებით მიზანდასახული და საქმეზე ორიენტირებული. არ მივეკუთვნებოდი იმ ახალგაზრდების რიცხვს, ვინც კარიერაზე ფიქრობს. მე მქონდა ჩემი ცხოვრება, სხვაგან დავფრინავდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ასეთ სამსახურში დავიწყებდი მუშაობას. ტელევიზია, კიდევ უფრო ახლოს იყო ჩემს შინაგან სამყაროსთან... ვოცნებობდი, ოდესმე პოპულარული გავმხდარიყავი, თუმცა ვფიქრობდი, რომ ჩემს ცხოვრებას მაინც ხელოვნებას, მუსიკას ან კინოს დავუკავშირებდი. იმ შემოთავაზებამ, რაც პრეზიდენტისგან მივიღე, მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. თავიდან მსიამოვნებდა, როცა ქუჩაში მცნობდნენ და თვალს მაყოლებდნენ. მერე ეს აუტანელი გახდა, სულ მინდოდა, რომ სადღაც ჩავმძვრალიყავი და დავმალულიყავი. მერე წამოვიდა ჭორების ნაკადი. თავიდან ამას ტრაგედიად არ აღვიქვამდი. თუმცა მერე და მერე ამან ისეთი სახე მიიღო, ნევროზი დამემართა. ჭკუიდან გადავყავდი იმ ხმებს.
შენ გაბრალებდნენ რომანებს ამ ქვეყნის ცნობილ ჩინოვნიკებთან, იმასაც ამბობდნენ, რომ შენ ბავშვიც კი გააჩინე.
- როგორც მე ვიცი, ერთი კი არა რამდენიმე ბავშვი გავაჩინე. არ ვიცი, როგორ უნდა დამეწყო იმისი ახსნა, რომ ეს იყო ტყუილი. მე საკმაოდ იოლად ვიმატებ წონაში, ალბათ, ესეც იყო იმისი მიზეზი, რომ ჩემი გასუქება ფეხმძიმობას დააბრალეს. იმ პერიოდში ძალიან ბევრჯერ გამოვდიოდი ტელევიზიით, თანაც ისეთი ფორმატი გვქონდა, რომ მთელი ტანით ვჩანდი. ასე რომ, დაკვირვებული თვალით თუ შემომხედავდით, მიხვდებოდით, რომ ფეხმძიმედ არ ვიყავი. ძალიან მაღიზიანებდა ხმები, რომლებიც ჩემს რომანებს ეხებოდა. ერთხელ ერთ ცნობილ გუბერნატორსაც კი მიმათხოვეს, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი. მას პირველად ამ ჭორის გავრცელებიდან რამდენიმე თვეში შევხვდი და ცოტა არ იყოს, შემცბარი და შეშინებულიც კი მიყურებდა. ამ ჭორებმა, რაღაც პერიოდში ძალიან ამრია და გამირთულა ცხოვრება.
ერთ მხარეს იყო ჭორები, მეორე მხარეს კი უზრუნველი ცხოვრება, რომელზეც უარს არ იტყოდი.
- მეორე მხარეს მართლაც ბევრი რამ იდგა, მაგრამ მატერიალურად არც ადრე მაკლდა რამე. 16 წლის ვიყავი, როცა მუშაობა დავიწყე, მქონდა საკმაოდ კარგი ხელფასი, მერე, ტელევიზიაში ორჯერ იმაზე ნაკლებ ხელფასს მიხდიდნენ, ვიდრე ძველ სამსახურში. რა თქმა უნდა, ადმინისტრაციაში მუშაობის პერიოდში ჩემს ცხოვრებაში ამ მხრივაც ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა არც ისე ვყოფილვარ, რასაც ჩემზე ამბობდნენ. ის, რომ თითქოს აშენებული მქონდა სამსართულიანი სახლები და აგარაკები, ჩემთვის სასაცილო იყო. მე მართლაც ვიყიდე გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში სახლი, რომელიც ეზოსთან ერთად 600 კვადრატული მეტრია. ნებისმიერ ადამიანს დავპატიჟებ ამ სახლში და საკუთარი თვალით დარწმუნდება, რომ ეს არაა განსაკუთრებული სახლი. დიდხანს ვეძებდი იმ ქონებას, რომლის მფლობელობასაც მაბრალებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ვიპოვე. ის სახლიც, მხოლოდ იმიტომ შევიძინე, რომ სოფელი არ გვაქვს და მე და ჩემს ოჯახს, გვინდოდა, სადმე დასასვენებელი ადგილი გვეპოვა. დეიდაშვილებზეც ვიზრუნე ამით. საბედნიეროდ, ეს ჭორაობა წარსულში დარჩა. ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა – დადგა დრო, როდესაც სხვა ქალბატონებმა „ჩამანაცვლეს“. მე აღარ ვიყავი მოდური და მათზე დაიწყო საზოგადოებამ ჭორაობა. ძალიან თანავუგრძნობ მათ, თუმცა ვაღიარებ, რომ მაინც მადლიერი ვარ მათი.
ამ ყველაფერმა თაყვანისმცემლები ხომ არ დაგიფრთხო? ოჯახს რატომ არ ქმნი, შეყვარებული არ ხარ?
- შეყვარებული ვიყავი, თან ძალიან მიყვარდა. ჩვენი ურთიერთობა ვერ აეწყო და დასრულდა. ეს სწორედ ამ ბოლო წლებში მოხდა, თუმცა ის ადამიანი ცნობილი სახე არ ყოფილა. იყვნენ ისეთი მამაკაცებიც, რომლებიც დაფრთხნენ იმ ყველაფრის გამო, რაც ჩემ ირგვლივ ხდებოდა, თუმცა ასეთებზე არც ვნანობ – მამაკაცი, რომელსაც ქალის მდგომარეობის ეშინია, უნდა წავიდეს „ორბიტიდან“. მე ჯერ ოცდახუთი წლისაც არ ვარ, ასე რომ, არც ვფიქრობ, ოჯახის შექმნაზე. ბებიაჩემი სულ ამბობდა: გოგომ უმაღლესი სასწავლებელი უნდა დაამთავროს და მერე გათხოვდესო. მეც ვასრულებ ბებიას სურვილს. ამას გარდა, ჯერ არ გამოჩენილა ისეთი ადამიანი, ვისაც ცხოვრებას მივუძღვნი. ჯერ მინდა, რომ ჩემი თავისუფლებით დავტკბე, მერე კი გააზრებულად გადავდგა ეს ნაბიჯი, რომ ერთ წელიწადში უკან არ „გამოვთხოვდე“. არსებობენ ჩემ ირგვლივ ვიღაც-ვიღაცეები, თუმცა ჯერ არაფერზე ვფიქრობ. მათ კი მარტო ფლირტი არ მოსწონთ. მე ჯერ სერიოზული ურთიერთობები არ მინდა. აქ, რატომღაც ყველაფრის გასერიოზულება უყვართ, მაგრამ მე გათხოვება მართლა არ მინდა. სიმართლე გითხრათ, მარტოც მშვენივრად ვგრძნობ თავს.