"ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ როგორმე წააგოს"

"ქართული ოცნების" მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა, თუკი იგი, უბრალოდ, არ ილაპარაკებდა და არჩევნებამდე საქართველოში დროს არ დაჰყოფდა", - აღნიშნულ საკითხზე "რეზონანსს" პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

"სალომე ზურაბიშვილს, როგორც სახელისუფლებო კანდიდატს, გამარჯვების ბევრად მეტი შანსი ჰქონდა, თუ ის 27 ოქტომბრამდე ქვეყნიდან წავიდოდა და 27 ოქტომბრის ღამეს ჩამოვიდოდა, ე.ი. ხმას არ ამოიღებდა საერთოდ.

"ზურაბიშვილის კამპანია თავიდან ბოლომდე თავისი ანტიკამპანიაა, ანუ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ, მიუხედავად რესურსების აშკარა უპირატესობისა, როგორმე წააგოს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

წინასაარჩევნო პიარკამპანიასა და საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგთან დაკავშირებით "რეზონანსი" პოლიტოლოგებს გაესაუბრა. გია ხუხაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატების პირადი რეიტინგი 10%-ს არ აღემატება და მათ შორის - არც სალომე ზურაბიშვილისა, მაგრამ, რეალურად, მისი რეიტინგის შენარჩუნებაში "ქართული ოცნების" რესურსები იხარჯება.

"არც ერთი პრეზიდენტობის კანდიდატის პირადი რეიტინგი არ შეადგენს ორნიშნა ციფრს, ყველა არის 10%-ზე ნაკლები, მათ შორის - ზურაბიშვილის რეიტინგიც. იგი ათეულში ვერ შევიდოდა, მასში ხელისუფლების რესურსები რომ არ იყოს."ეს არ არის კანდიდატების ბრძოლა, რომ კანდიდატები შევაფასოთ, მით უმეტეს - სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. ეს არის რესურსების ბრძოლა", - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ამ ყველაფრის ფონზე, ამომრჩეველი ან სახლში დარჩენას გადაწყვეტს, ან მისი ინტერესებიდან გამომდინარე "გაიყიდება", ამ შემთხვევაში კი "მყიდველი" ხელისუფლება იქნება.

"გამომდინარე იქიდან, რომ ამომრჩეველი დაშორებულია პოლიტიკურ ელიტას, არავინ არ მოსწონს, ის ან სახლში დარჩება, ან გაიყიდება რაღაც ინტერესისა და სარგებლის მიღების მიზნით.

"ამომრჩევლისათვის ამ სარგებლის მიცემა, უპირატესი მდგომარეობით, ხელისუფლებას შეუძლია. არ არის მთავარი ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ასეთი ან ისეთია, აქ მთავარი ნეგატიური არჩევნებია. ამიტომაც, აქ პარტიული რესურსების ბრძოლაა და არა - კანდიდატებისა.

"ხალხს დიდი ხანია მობეზრდა ვიღაცების რიტორიკა და ა.შ. "ზურაბიშვილისა და "ქართული ოცნების" მთავარი პრობლემა დღეს ვაშაძე და "ნაციონალური მოძრაობა" კი არ არის, მთავარ პრობლემას თავად "ქართული ოცნება" წარმოადგენს.

"თუკი "ოცნება" წააგებს, ეს თავისი თავის უბედურებით მოხდება - საკუთარი ადმინისტრაციული და ორგანიზაციული რესურსების არასწორი და არაეფექტური გამოყენებითა და შეცდომების ხარჯზე. "ქართულ ოცნებას" ვიღაც კი არ მოუგებს, მას იმ ბევრი სისულელით შეუძლია წაგება, რასაც, ფაქტია, არ აკლებენ", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს "ჯოჯოხეთის მოწყობას" ჰპირდება. იმ შემთხვევაში, თუკი მან არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, ბაქრაძისა და ვაშაძის ალტერნატივა რჩება.

"ზურაბიშვილს ყველაზე მეტად უპირისპირდებიან "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო". თუკი უგულავას ფრაზას გავიმეორებთ, რომ ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ იმისთვის, რათა არჩევნებზე უარი თქვას, თუკი ასეც მოხდა და ზურაბიშვილმა ჯოჯოხეთად მიიღოს ის, რაც ხდება, მაგრამ მეეჭვება, რომ ასე მოხდეს, რჩებიან ვაშაძე და ბაქრაძე და მიზანი მიღწეული იქნება. ამ პროცესში პოლიტიკური ინტერსის დანახვა მარტივია", - აცხადებს საყვარელიძე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილის ირგვლივ შავი პიარია აგორებული, მისი რეიტინგი მაინც მაღალია, რაც "ქართული ოცნების" მხარდაჭერიდან გამომდინარეობს და თუკი ამომრჩეველი "ნაციონალურ მოძრაობასა" და სალომე ზურაბიშვილს შორის არჩევანის წინაშე დადგა, საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.

"შავი პიარია აგორებული იმისათვის, რომ ზურაბიშვილმა ან თვითონ თქვას უარი, ან ამომრჩეველთა ხმები დააკლდეს. ზურაბიშვილის რეიტინგი მაინც მაღალი იქნება, რადგან ეს რეიტინგი "ქართული ოცნების" რეიტინგზე იქნება დამყარებული.

"თუკი ზურაბიშვილის რეიტინგმა დაიწია, პირველ ადგილზე ვაშაძე გადის. "ნაციონალურ მოძრაობას" რეიტინგის შემდგომი საფეხური აქვს დაკავებული.

"თუკი ისიც დასუსტდა, ბაქრაძე რჩება. ამ ყველაფრის ფონზე შესაძლოა, მიიღონ მეორე ტური, სადაც ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" დაუპირისპირდებიან, მაგრამ თუკი ამომრჩეველმა პოლიტიკურ შედეგებზე იფიქრა, ზურაბიშვილს მისცემს ხმას", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.