ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის მტკიცებით, ის მკვლელობის მომენტში გამრეკელაშვილისგან თავს იცავდა.
ბრალდებულს მისი ბრალდების საქმესთან დაკავშირებით ახალი პოზიცია აქვს და დამამძიმებელი გარემოებების გარდა, არც განზრახ მკვლელობის ნაწილს აღიარებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა, თეიმურაზ მაგრაქველიძემ განუცხადა, ბრალდებული ამბობს, რომ თავდაპირველად თამარ გამრეკელაშვილმა გაიწია ბაქრაძისკენ დანით, თუმცა ბრალდებულმა მოკლულს დანა წაართვა, მკვლელობა კი ხელჩართული ჩხუბის დროს ჩაიდინა. ვეფხია ბაქრაძის ადვოკატის თქმით, დანაშაული მოკლულისა და მისი დედის მიერაა პროვოცირებული.
"დანაშაულის ჩადენისას არც განზრახვა არ ყოფილა და არც სისასტიკე. რაც მოხდა მოკლულის დედის დამსახურებაა. ფულს ართმევდა მუდმივად ვეფხია ბაქრაძეს დედამისი, ასევე ღალატობდა... მთავარი დამნაშავე არის დედა-შვილი. კაცი წყობიდან გამოიყვანეს და შეუქმნეს პირობები, რომ ასე მომხდარიყო", - განაცხადა თეიმურაზ მაგრაქველიძემ.
რაც შეეხება მკვლელობის ეპიზოდს, ადვოკატის მტკიცებით, დანაშაული მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ არ მომხდარა.
"ბავშვები ცალკე ოთახში გაიყვანა. გამორიცხულია მკვლელობის მომენტში ბავშვები იქ ყოფილიყვნენ. რაც შეეხება დანას, მან წინა დღეს აიტანა სახლში დანა, რადგან რაღაცისთვის სჭირდებოდა. ეს დანა აიღო თავდაპირველად იმ გოგომ. რომ მიემართებოდა მისკენ, ვეფხია ბაქრაძემ წაართვა მას ეს დანა. ამის შემდეგ ამბობს, რომ ჩხუბით და ძიძგილაობით აღმოჩნდნენ სააბაზანოსთან და ამის შემდეგ რა მოხდა, აღარ მახსოვსო. გონზე რომ მოვედი, მერე წავედი სახლიდანო", - აღნიშნა ბრალდებულის ადვოკატმა.
თეიმურაზ მაგრაქველიძის ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძეს აღიარებითი ჩვენება ზეწოლით და ძალადობით მიაცემინეს.
"ცემა-ტყეპით რა დააწერინეს, კაცმა არ იცის. ის ახალ ჩვენებას მისცემს სასამართლოს და იტყვის სიმართლეს, რაც იყო", - განაცხადა მაგრაქველიძემ და აქვე დასძინა, რომ სასამართლოში დაცვის მხარე დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს.