ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც ესპანეთში დააკავეს

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც ესპანეთში დააკავეს

ესპანეთში ე.წ. „ქართული მაფიის“ წინააღმდეგ რეიდები გრძელდება. როგორც ესპანური მედია წერს, სპეცოპერაციის შედეგად, კატალონიის პოლიციამ „ქართული მაფიის" 15 წევრი დააკავა. მათ შორი არის 53 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი, რომლსაც ესპანური მედია ევროპის ერთ-ერთ გავლენიან ქურდად მოიხსენიებს. თუმცა მის ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებენ.

„რეზონანს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ესპანეთიდან დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ელოდებიან. მათთვისაც მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ვინ არიან დაკავებული ქართველები და ე.წ. გავლენიანი კანონიერი ქურდი.

ესპანური მედიის ცნობით, მაფიის ხელმძღვანელი მითითებებს საფრანგეთის ციხიდან იღებდა, სადაც ე.წ. გავლენიანი ქართველი ქურდები არიან დაკავებულები. შესაბამისად, მედიაში ვრცელდება ვერსიები, რომ დაკავებული პირები კახა შუშანაშვილის დაჯგუფების წევრები შეიძლება იყვნენ, რომლებიც მის მიერ იმართებოდნენ.

კახა შუშანაშვილი 2015 წელს დააკავეს და ის საფრანგეთის ციხეში იმყოფება, ხოლო მისი მეორე ძმა ლაშა შუშანაშვილი 2017 წელს სალონიკში საბერძნეთში დააკავეს და მას საფრანგეთში ექსტრადირება ელის.

რაც შეეხება საქართველოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში 2011 წლიდან არის საქმე ლაშა და კახაბერ შუშანაშვილების მიმართ. მათ ბრალად ედებათ „კანონიერი ქურდობისა" და გამოძალვის ჩადენა. ძმების მიმართ საქმის განხილვა მათ დაუსწრებლად მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი კახა შუშანაშვილი შავ სიაში შეიყვანა.

გუშინ ესპანეთში დაკავებულ ქართველებს ბრალად ედებათ ბარსელონასა და ქალაქის შემოგარენში ათეულობით ბინისა და სახლის გაქურდვა. გამომძიებლების ინფორმაციით, დაკავებული პირები ორი კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან.

ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ამოღებულია 130 000 ევრო, 2 კილოგრამი ოქროს ნაკეთობები, ელექტროტექნიკა და ბინის გაქურდვისთვის საჭირო ხელსაწყოები.

ესპანური პრესის ცნობით, კრიმინალური ჯგუფების წევრები ყოველთვის ერთნაირი ტაქტიკით მოქმედებდნენ. კერძოდ, პირველ ეტაპზე არჩევდნენ სახლებს, შემდეგ კარებზე სპეციალურ ნიშნებს ტოვებდნენ, რათა გაეგოთ, არიან თუ არა სახლში მეპატრონეები.

დაკავებულებს სულ 22 დანაშაულში ედებათ ბრალი. თუმცა, კატალონიის პოლიციაში აცხადებენ, რომ მათ ბრალი შესაძლოა კიდევ დაუმძიმდეთ. პოლიცია ასევე განაგრძობს დაპატიმრებული პირების თანამზრახველების ძებნას.

სპეცოპერაცია ტარდებოდა ბარსელონაში, ასევე ქალქ ოსპიტალეტ-დე-ლობრეგეტში, სან-ადრიან-დე-ბესოსში და სანტა-კოლომა-დე-გრამაენტში. როგორც ცნობილი გახდა, დაკავების ოპერაცია აპრილიდან იგეგმებოდა, როდესაც პოლიციამ დაადგინა, რომ კატალონიასა და ესპანეთის სხვა რეგიონებში ორი დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებს.

დაჯგუფების ლიდერის სახელი საგამოძიებო ინტერესების გამო არ ვრცელდება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ დამნაშავე 53 წლისაა, ნასამართლევია და სასჯელი რუსეთში მოიხადა. ქართული მარეც სწორედ ესპანეთიდან ელის ვინ არის დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდი.