ევროკავშირისგან გამწარებული კობა სუბელიანი 25 მილიონ დოლარს ეძებს. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის გამოისობით მთავრობას 23 მილიონი ევრო ხელიდან ეცლება, ამ დროს კი სუბელიანი ბიუჯეტს დამატებით 25 მილიონს კიდევ სთხოვს. რას მოუტანს ასეთი ალოგიკური ქმედებები მინისტრს, ძნელი გამოსაცნობი ან უნდა იყოს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი “მინისტრის სავარძლის შენარჩუნებისა” და დევნილთა დახმარებისათვის 25 მლნ დოლარის ოდენობის სესხს ითხოვს.
მინისტრმა ”დაშვებული შეცდომების გამოსწორების მიზნით” დახმარებისათვის უცხოურ ორგანიზაციებს მიმართა, 25 მლნ დოლარის სესხის სახით გამოყოფა სთხოვა და მოტივად დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებული ადგილების გარემონტება და მათი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება დაასახელა. სუბელიანმა ამ მოთხოვნით მმართველ გუნდსაც მიმართა და ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა მოითხოვა, რაზეც ”დასაბუთებული” უარი მიიღო - ხაზინა ცარიელია!
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ადასტურებს, რომ სუბელიანი 25 მლნ დოლარს ეძებს და აკონკრეტებს, რომ მინისტრს აღნიშნული თანხა წეროვანში ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი ფართების გასარემონტებლად სჭირდება.
”ვიცი, რომ სწორედ 25 მლნ-ზეა საუბარი, თუმცა ბიუჯეტში შესაბამისი თანხები არ მოიძებნება, რის გამოც სუბელიანი სესხს დონორი ორგანიზაციებიდან ითხოვს. წეროვანში ნამდვილად მძიმე და შემაშფოთებელი მდგომარეობაა, ყველა სახლს სერიოზული დეფექტი აქვს და მინისტრიც სწორედ ამ მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს.
ნაკლებად მგონია, რომ თავის დროზე ამ ყოვლად უვარგისი სახლების აშენებაში ბრალი პირადად მას მიუძღოდეს, რადგან ფირმები, რომლებიც ამ სახლებს აშენებდნენ, “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერი სამშენებლო კომპანიები არიან, რომლებიც მმართველ პარტიას არჩევნებზე აქტიურად აფინანსებენ. მათ შორის, საუბარია მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის სამშენებლო კომპანიაზეც”, - განაცხადა ზაქარეიშვილმა სააგენტო “პირველთან” საუბრისას. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი სუბელიანი თანხების მოძიებას შეძლებს, ამ თანხების მყარი კონტროლი უნდა განხორციელდეს, რათა უპასუხისმგებლო კომპანიების მიერ იგივე შეცდომები არ იქნას დაშვებული და “პოლიტიკური კუდები” ერთხელ და სამუდამოდ მოისპოს.
აღსანიშნავია, რომ პრემიერის აპარატის მტკიცების მიუხედავად, რომ მთავრობაში უახლოეს ხანებში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, პრესაში ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის შესაძლო გადაყენების თაობაზე ინფორმაციები თითქმის არ წყდება.
როგორც ამბობენ, სუბელიანის შემცვლელად მთავრობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ზაზა გოროზიას კანდიდატურას განიხილავენ, თუმცა ჩაიბარებს თუ არა გოროზია მსგავსი პრობლემებით სავსე უწყებას, ჯერჯერობით უცნობია.
არადა, 25 მილიონის მძებნელი სუბელიანის გამო შეგვიჩერა ეკროკავშირმა 23 მილიონი ევროს ტრანში, რომელიც საქართველოსთვის განსაზღვრული 4 მლრდ-იანი დახმარების ფარგლებში უნდა გადმორიცხულიყო.
საქმე ისაა, რომ კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან დევნილების მასობრივი გამოსახლების პრობლემის მოსაგვარებლად რესპუბლიკურმა პარტიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მათ შორის ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელს პერ ეკლუნდს მიმართა და გარკვეული მასალებიც წარუდგინა.
ეკლუნდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან შეხვედრა მოითხოვა და გილაურს მკაცრი გაფრთხილება მისცა იმის შესახებ, რომ თუ დევნილების მიმართ მსგავსი პოლიტიკა გაგრძელდება, საქართველომ, შესაძლოა, ევროკავშირისგან მორიგი, 23 მლნ ევროს ტრანში ვეღარ მიიღოს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლტოლვილთა სამინისტრომ დევნილების გასახლების პროცესი სწორედ საქმეში დიპლომატების ჩარევის შემდეგ შეაჩერა.
თუმცა თავად დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი აცხადებს, რომ პროცესი კვლავ გრძელდება და სამინისტროსთან მოშიმშილე დევნილები რეგიონში ჩასახლებაზე დაითანხმეს.
სუბელიანის ინფორმაციით, შიმშილობის აქციაში მონაწილე დევნილებს სოფელ ფოცხოვში, სენაკში, აბაშასა და ფოთში ჩაასახლებენ.
”დევნილებთან მოლაპარაკებების შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ მათ უზრუნველვყოფთ ყველა საცხოვრებელი პირობით, რის შემდეგაც ისინი დაგვთანხმდნენ რეგიონებში ჩასახლებაზე და შიმშილობის აქცია შეწყვიტეს. აღნიშნული პირები უკვე გადავიყვანეთ რეგიონებში”, - აღნიშნა სუბელიანმა.