მიმართვა

მიმართვა

დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებებს, საქართველოს ხელისუფლებას, საზოგადოებას…

უკვე კვირაზე მეტია, არ წყდება ჟურნალისტების საპროტესტო აქციები.

ქართველი ფოტორეპორტიორები - გია აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე - კვლავ პატიმრობაში რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი ბრალის დამადასტურებელი  ფაქტობრივი მტკიცებულებები წარმოდგენილი დღემდე არ ყოფილა.

საეჭვო ვითარებაში, იძულებით მიღებული აღიარებები ვერ გვარწმუნებენ ფოტორეპორტიორების ჯაშუშობაში.

ამ ადამიანების ღამეულმა დაკავებებმა, მათ მიმართ განხორციელებულმა საპროცესო ქმედებებმა, საქმის მასალების გასაიდუმლოებამ, ჟურნალისტების საპროტესტო აქციებისა და შეკითხვების მიმართ ხელისუფლების ცინიკურმა დამოკიდებულებამ და სატელევიზიო ინსინუაციებმა, დამოუკიდებელი მედიის და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ჩვენ მომხდარს აღვიქვამთ, როგორც შურისძიებას და დევნას სიმართლის ასახვისათვის, რაც ხელისუფლების მიერ დემოკრატიულ განვითარებაზე ფაქტობრივად უარის თქმას ნიშნავს.

მიგვაჩნია, რომ ასეთი ქმედებები, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება პირველ რიგში პრეზიდენტს და ძალოვანი უწყებების პირველ პირებს, ლახავს ჩვენი, როგორც მედიის წარმომადგენლების უფლებებს, და უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებებს, არ მოადუნონ ყურადღება ამ საქმესთან დაკავშირებით.

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეების წერილობითი შუამდგომლობა და თავდებით გაათავისუფლოს გია აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე საჯარო გახადონ საქმის მასალები. შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა მათი პროფესიული საქმიანობის გამო.

ასოციაციები, გაზეთები, ჟურნალები, სააგენტოები:

 საქართველოს პრესის ასოციაცია, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, საქართველოს რეგიონალ მაუწყებელ ასოციაცია, ასავალ-დასავალი, ახალი თაობა, კვირის პალიტრა, რეზონანსი, ალია, ქრონიკა, ვერსია, ოლიმპი, საქართველოს რესპუბლიკა, დრონი, ფაინენშელ, მესენჯერი, ნეტგაზეთი, ყველა სიახლე, ლელო, სარკე, თბილისელები, რეიტინგი, გზა, ლიბერალი, გურია ნიუსი, ბათუმელები, კახეთის საინფორმაციო ცენტრი, მცხეთა-თიანეთის საინფორმაციო ცენტრი, თავისუფალი სიტყვა, მთავარი თემა სამეგრელოში, ქართლის ხმა, ჩემი ხარაგაული, ალიონი, ლანჩხუთი პლუსი, რუსთავის ამბები, ახალი გაზეთი, სამხრეთის კარიბჭე, ჰო და არა, ინტერპრესნიუსი, პირველი, ჯი-ეიჩ-ენი, მედიანიუსი, მედია.ჯე, პრესაგე.ტვ  

ხელმოწერები გრძელდება