საარჩევნო მარათონის ზიგზაგები და მოსალოდნელი მოულოდნელობა, იყო თუ არა სხვა ალტერნატივა, რამ მოხიბლა "ქართული ოცნება", რას და რატომ დაყაბულდა მმართველი პარტია?
წილი ნაყარია! მთავარი პოლიტიკური ასპარეზობის მონაწილეთა მაისურები დაინომრა. ამ ეტაპზე სახელმწიფოს მეთაურობის „სულ რაღაც“ 46 მსურველია! იმედია მკითხველი სარკაზმს გაგებით მოეკიდება, არცთუ შორეულ წარსულს გაიხსენებს და დარწმუნდება, რომ ეს რიცხვი შეიძლებოდა გაცილებით „შთამბეჭდავი“ ყოფილიყო. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჯერ უცნობია დანომრილთაგან რამდენი შერჩება საარჩევნო მარათონს, ამ დროისთვის კი ორი უკვე გამოაკლდა და დარჩა 44.
კანონმდებლობის თანახმად, კანდიდატად რეგისტრაციის მსურველებმა საარჩევნო ადმინისტრაციაში მხარდამჭერთა ხელმოწერები 18 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ. რეგისტრაცია 28 სექტემბერს დასრულდება და საბოლოოდ სწორედ მაშინ გაირკვევა „სამეფო ტახტისთვის“ მებრძოლთა სასტარტო პოზიციები... საარჩევნო პროცედურები დროებით დავივიწყოთ და ყურადღება მომავალი ბატალიების სხვა ასპექტებზე გავამახვილოთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ, რომ „ისტორიული“ მნიშვნელობის საკონსტიტუციო ცვლილებებით სახელმწიფოს მეთაურის უფლებები და მოვალეობები შეიკვეცა. მმართველობის შერეული მოდელი ჩაანაცვლა საპარლამენტო რესპუბლიკამ, სადაც პრეზიდენტი სიმბოლური ფიგურაა და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მეთაურის სტატუსს ინარჩუნებს, მას გავლენა ვერ ექნება ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე. უსაფუძვლოა მოლოდინი, რომ სახელმწიფოს მორიგი მეთაური არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს მოაგვარებს. „ფრთამოკვეცილ“ რიგით მეხუთე პრეზიდენტს კვლავაც მისი უდიდებულესობა ელექტორატი აირჩევს, ხოლო სახელმწიფოს ყველა მომდევნო მეთაურის შერჩევის პატივი „ხმოსანთა კოლეგიას“ ერგება. ბრძოლას გაერიდა მოქმედი პრეზიდენტი და ლოგიკურია კითხვა – გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება ვის წისქვილზე ასხამს წყალს. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, პრეზიდენტის ეს ნაბიჯი მმართველ გუნდს წაადგება...
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: „არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობა ელექტორატს წაართმევდა არა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, არამედ მმართველი პარტიის რჩეულს. პრეზიდენტის მონაწილეობა გაზრდიდა მეორე ტურის რისკებს, ამიტომაც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებში მისი არმონაწილეობა „ქართული ოცნების“ ინტერესებშია...“
მმართველი პარტიის წარმომადგენელი პრეზიდენტობის სავარძლისთვის არ იბრძვის და, როგორც ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, „ქართული ოცნების“ გუნდი „სამაგალითო დემოკრატიისთვის“ მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს.
ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს არჩევანი განაპირობა მმართველი პარტიის სურვილმა აკონტროლოს, მართალია, კონკრეტულ შინაარსს გამოცლილი, მაგრამ საყოველთაო არჩევნების შედეგად სახელმწიფოს მეთაურად გამწესებული პირი, რომელსაც მაინც შეუძლია მმართველ გუნდს სერიოზული პოლიტიკური პრობლემები შეუქმნას...
ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე: „ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების – IRI-სა და NDI-ს ბოლო კვლევებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი საგრძნობლად დაეცა. საზოგადოების ნაწილი არ ენდობა კვლევის შედეგებს, მაგრამ მას ყველა ანგარიშს უწევს. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი წარმოაჩენდა მმართველი პარტიის რეიტინგის ვარდნას. ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა და კომპანიამ საკუთარი კანდიდატი არ წარადგინეს და ეს ნაბიჯი დემოკრატიის ინტერესებით ახსნეს, რაც, ცხადია, ასე არ არის. იყო მეორე ფაქტორიც – „ქართულმა ოცნებამ“ ვერ იპოვა რეიტინგული კანდიდატი, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით უპირობოდ ისარგებლებდა...“
მომავალ ბატალიებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა საზოგადოებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა საინტერესოა, რამ განაპირობა მეოცნებეთა გადაწყვეტილება...
გია ხუხაშვილი: „საპრეზიდენტო კანდიდატების „მენიუს“ თუ გადავხედავთ, ადვილად დავრწმუნდებით, რომ ისეთი არავინ ჩანს, ვინც „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვებას ააცილებდა. ამიტომაც გახდა მმართველი გუნდი იძულებული, აქტიურად გამოიყენოს თავისი რესურსი სწორედ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. თავისთავად ეს გადაწყვეტილება უხარისხოა, ვინაიდან სალომე ზურაბიშვილის „დამოუკიდებელ კანდიდატად“ წარმოჩენა ტრაგიკომუკურია. წლების განმავლობაში მმართველი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული აქტივისტი იყო. ჩვენ საზოგადოებას ეს ახსოვს და გაუგებარია, რატომ ჰგონია „ქართულ ოცნებას“, რომ ხალხს ამნეზია დაემართა. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის ინსტიტუტი დაასუსტა და მათთვის ის მნიშვნელოვანი აღარ არის, მზად არიან იგი დათმონ კიდეც, მათ აქვთ იმის შიში, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა არ დაიკავოს...“
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საბოლოო გადაწყვეტილება კანდიდატის პიროვნულმა თვისებებმა განაპირობა...
ვაჟა ბერიძე: „სალომე ზურაბიშვილს აქვს ბევრი ღირსება, ის პროფესიონალი პოლიტიკოსია, რაც ასე აკლია ქართულ რეალობას, ქალბატონია, უკომრომისო ადამიანია, არ არის პოლიტიკური თინეიჯერი. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ელიტები სალომე ზურაბიშვილის პიროვნებას არაერთგვაროვნად აღიქვამენ, გამარჯვების შემთხვევაში, ვფიქრობ, ის საინტერესო პრეზიდენტი იქნება... ყველა სანდო და ნაკლებად სანდო კვლევის თანახმად, სათანადო ანალიზის შემდეგ ცხადი ხდება, რომ გამარჯვების მეტი შანსი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს აქვს. ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი პირველ ტურში ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ მეორე ტურში უდავოდ ფავორიტი იქნება. მეორე ადგილზე რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გავა, ესეც უდავოა. დემოკრატიისთვის კარგი არ არის, რომ მთავარი ფავორიტები ბიძინა ვანიშვილის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილის მიერ მხარდაჭერილი გრიგოლ ვაშაძე არიან, მაგრამ ეს უბრალოდ ფაქტობრივი რეალობაა...“
სტატიის დასასრულ, ჩემეულ ხედვასაც გაგიზიარებთ. დამოუკიდებელი კანდიდატი არ ნიშნავს ოპოზიციურს, ხოლო ოპოზიციური არ ნიშნავს დამოუკიდებელს. ზოგადად კი, კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ პრეზიდენტი არც ოპოზიციური უნდა იყოს და არც სახელისუფლებო. ასეთია პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური ბუნება. ელექტორატის არჩევანი მოგვცემს პასუხს კითხვაზე – როგორ ესმის საზოგადოებას სახელმწიფოს მეთაურის ახალი როლი და ფუნქცია...