კაზაკებმა აფხაზებს ქართველებთან ომის დროს მასობრივი დეზერტირობის ფაქტები შეახსენეს

კაზაკებმა აფხაზებს ქართველებთან ომის დროს მასობრივი დეზერტირობის ფაქტები შეახსენეს

30 სექტემბერს სოხუმში დანიშნული „გამარჯვების აღლუმი" ეთნიკურ აფხაზებსა და ყუბანელ კაზაკებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. აფხაზთა ნაწილი ამ აღლუმში კაზაკების მონაწილეობას აფხაზი ერის შეურაცხყოფად მიიჩნევს. ამით შეურაცხყოფილმა კაზაკებმა კი 1992-93 წლების ომში ეთნიკური აფხაზების მასობრივი დეზერტირობა გაიხსენეს და მიანიშნეს, რომ ქართველებთან ომი აფხაზებმა სწორედ „მოხალისეებისა" და მათ შორის კაზაკების დახმარებით მოიგეს.

30 სექტემბერს აფხაზეთის ომის დასრულებიდან 25 წელი სრულდება და ამასთან დაკავშრებით სოხუმში სამხედრო აღლუმი გაიმართება. თუმცა, აფხაზურ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია იმან, რომ ეთნიკური აფხაზების გარდა აღლუმში მონაწილეობა უნდა მიიღონ ყუბანის კაზაკების სამხედრო შენაერთებმა, რასაც აფხაზთა ერთი ნაწილი მკვეთრად უარყოფითად აფასებს.

მათ ინტერნეტით საგანგებო მიმართვაც გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ ყუბანელი კაზაკების თავიანთი წინაპრების ტრადიციების გამგრძელებლები არიან, რომლებმაც XVIII-XIX საუკუნეებში ძალისმიერი მეთოდებით გაატარეს კავკასიაში რუსეთის იმპერიის დამპყრობლური პოლიტიკა და არაერთი აფხაზის სიცოცხლეც კი შეიწირეს.

ამის საპასუხოდ ყუბანის კაზაკური არიმიის სოხუმის სპეციალური კაზაკური განყოფილების მმართველმა რომან რაბაიამ განაცხადა, რომ ყველაფრის მიუხედავად კაზაკები 30 სექტემბერს აღლუმში მონაწილეობას მაინც მიიღებენ.

აფხაზეთის შავი ზღვის კაზაკთა ჯარის ლიდერი ვადიმ მირონენკო აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი პროვოკაოტრები, რომელთაც არ აქვთ მთელი აფხაზი ერის სახელით საუბრის უფლება:

„იქამდე, სანამ სხვაზე ისაუბრებენ, გაიხსენონ ყველა დეზერტირი, რომელთა მაგივრად მოხალისეები დაიხოცნენ, მათ შორის კაზაკებიც. აფხაზეთი არ არის კაზაკთა მხარე და ის, რაც მე-18 და მე-19 საუკენეებში ხდებოდა - საშინელებაა, მაგრამ 1992 წელს კაზაკებმა სისხლით გამოისყიდეს თავიანთი წინაპრების ცოდვები", - განაცხადა მირონენკომ „კავკაზსკი უზელთან" საუბრისას.

ცნობილი აფხაზი ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი მიიჩნევს, რომ ხალხის აგრესია აფხაზეთში შექმნილი კრიზისითაა გამოწვეული. მისი თქმით, ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი შემთხვევა მსგავსი აბსურდული კამპანიების აგორებისა:

„მაშინ რა საჭირო იყო კოლონისტი იმპერიის შთამომავლისგან საკუთარი დამოუკიდებლობის აღიარების მიღება? ყურადღების გამახვილება მინდა ასევე იმაზე, რომ სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტობის დროს, რომელსაც მრჩეველიც კი ჰყავდა კაზაკებთან კავშირის საქმეებში და ახლო ურთიერთობა ჰქონდა ყუბანელებთან, განსაკუთრებით კაზაკებთან, მსგავსი პეტიციებით გამოსვლა არავის უფიქრია. იმიტომ, რომ ხალხი იყო დანაყრებული და კმაყოფილი თავისი ცხოვრებით. ახლა კი ასე არაა", - განაცხადა კრივენიუკმა.