„დიდი საპროტესტო მუხტია ეკლესიაშიც, მრევლშიც“ – ეკლესია დიდი აქციებისთვის ემზადება

„დიდი საპროტესტო მუხტია ეკლესიაშიც, მრევლშიც“ – ეკლესია დიდი აქციებისთვის ემზადება

შესაძლოა, სულ მალე სასულიერო პირების ორგანიზებით მასშტაბური აქციები დაიწყოს, საპატრიარქოდან უკვე ისმის განცხადებები, რომ მრევლი მათგან აქციებს და დიდ ბრძოლას დაჟინებით ითხოვს. „ასე არ გავჩერდებით", „დიდი საპროტესტო მუხტია ეკლესიაშიც, მრევლშიც", „ეკლესია დაგიპირისპირდებათ", „ნახავენ ჩვენს ძალას", „საქართველო „ბარიგების" ქვეყანა არასდროს გახდება... - ასეთი განცხადებები ისმის სასულიერო პირების მხრიდან და იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მარიხუანას ბიზნესის ლეგალიზაციას დაუშვებს, მრევლის მობილიზება და აქციები იქნება.

ითქვა, რომ საპატრიარქოში აქტიურად მიმდინარეობს შიდა განხილვები, კონკრეტულად რა გზას უნდა დაადგნენ, რომ მარიხუანას კულტივაციის დაშვებაზე კანონპროექტი არ დამტკიცდეს.

მარიხუანას მოხმარების და კულტივაციის შესახებ შს სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე შევიდა და ის ოფიციალურად ორშაბათს დარეგისტრირდება. ამიტომაც სასულიერო პირები აცხადებენ, რომ დრო ცოტა აქვთ და მათ ხელთ არსებული ყველა ხერხითა და საშუალებით უნდა მოახერხონ კანონპროექტის შეჩერება.

როგორც „რეზონანსთან" საუბრისას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, ჯერ ეკლესიიდან იქნება ხმამაღალი და ხშირი კრიტიკული განცხადებები, ასევე პარლამენტის ძალიან ბევრი დეპუტატი არის მრევლი და მათი დარწმუნება მოხდება, რომ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ, ხოლო ბოლოს, თუ საჭირო გახდება, ანუ თუ პირველი მოსმენისას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, გამორიცხული არ არის, ბერიც და მრევლიც ქუჩაში გამოვიდნენ.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „ეკლესია და მრევლი შეშფოთებულია, ძალიან ნეგატიური განწყობა და დამოკიდებულებაა ამ მოვლენისადმი, რასაც ახლა ვხედავთ. ჩვენთვის ორივე პრობლემაა, მოხმარების ლეგალიზაციაც და კანაფის კულტივაცია ექსპორტის მიზნით. წინასწარ ვერ გეტყვით რა იქნება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, გვეგულება ძალიან გონიერი და გულისხმიერი ადამიანები ხელისუფლებაში, პარლამენტში, იქამდე არ მივა საქმე, რომ ეს კანონი მიიღონ. საპროტესტო მუხტი არის ძალიან დიდი სამღვდელოებაშიც, მრევლშიც. ეკლესია შეშფოთებულია. ასევე ვნახეთ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის კორექტული და შესაბამისი განცხადება. ვფიქრობ, რომ სხვა კონფესიებიც გააკეთებენ მსგავს განცხადებებს. ასე რომ, ძალიან ცოტა ხალხი რჩება, ვის ინტერესშიც არის, რომ კანაფის გაყიდვით იშოვოს ფული. განწყობა არის ძალიან ცუდი.

"დრო და დრო ისმის, რომ ამ კანონის მიღება უკვე გადაწყვეტილია, დაგვნებდით, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვსო. დაახლოებით ასე ვკითხულობთ ყოველგვარ ასეთ განცხადებას. ეკლესია კი ამას ვერ შეეგუება ვერაფრით. ვერაფრით ვერ შეეგუება იმ ხალხს, ვინც ამას შეუწყობს ხელს. თქვენ განსაზღვრეთ, საით წავა ეს ყველაფერი".

დეკანოზის თქმით, ეკლესიას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, კონკრეტულად როგორ იმოქმედებს, ამაზე აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს.

„ზუსტად ვერ გეტყვით კანონპროექტის პირველი განხილვისას იქნება თუ არა ჩვენი აქცია. მივყვეთ მოვლენებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი პარლამენტის წვერი იმავდროულად მრევლია, მათ აქვთ ურთიერთობა ეპისკოპოსებთან, მღვდლებთან, პატრიარქთან. მე არ მგონია, რომ ეკლესიის ხმა ასე ჩაიკარგოს პარლამენტში,"- მიიჩნევს ჯაღმაიძე.

შეკითხვაზე, რა გზას დაადგება საპატრიარქო, მათი პროტესტის მიუხედავად თუკი პარლამენტმა კანონი მაინც მიიღო და ამგვარი გამოცდილება ეკლესიას უკვე აქვს, როდესაც წლების წინ საპატრიარქოსთვის ასვე მიუღებელი იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი, ჯაღმაიძე ამბობს, რომ „ეკლესიას ძალა აქვს".

„ყველა ადამიანს, ყველა ხელისუფლებას, ყველა იდეას აქვს თავისი სიცოცხლისუნარიანობის რაღაც გარკვეული რესურსი და ამ რესურსს გზადაგზა თანდათან კარგავენ, ავტორიტეტს გზადაგზა ხარჯავენ. მაშინ ეს ხელისუფლება ახალი მოსული იყო და ყველა რაღაც დიდი მოლოდინებით უყურებდა მომავალს მათ ხელში. თუმცა დრო გადის და განწყობა იცვლება. ეკლესიას კი ძალა აქვს," - დასძენს ანდრია ჯაღმაიძე.

ეკლესია რომ გაჩერებას არ აპირებს, ამის შესახებ გადაცემა „რეაქციაში" ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმაც ისაუბრა.

"იუმორში ვიტყვი სანთლების რევოლუციას. დავანთებთ სანთლებს, შევევედრებით უფალს და უფალი გვიჩვენებს", - განაცხადა მეუფე ანტონმა.

ყველაზე ხისტი და ხმაურიანი განცხადებით კი პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი გამოირჩევა. მეუფე იაკობის ერთგვარი მუქარანარევი განცხადებით, ეკლესია გარკვეული პროცესების დროს დუმდა, მაგრამ არ დასუსტებულა: "თუ ვინმეს აინტერესებს ჩვენი ძალა, არავის არ ვემუქრები, ნახავენ აუცილებლად".

მეუფე იაკობის თქმით, „არის რაღაცა, რასაც არ დათმობენ" და კონკრეტული ნაბიჯებიც იქნება. რა კონკრეტულ ნაბიჯებს გულისხმობდა მეუფე, ეს არ განუმარტავს. თქვა, რომ ეს იყო არა მუქარა, არამედ პირველი რეაქცია მულოდნელ ამბავზე და ეკლესია რევოლუცია არ შეუწყობს ხელს, მაგრამ სასულიერო პირებს მრევლი მოსვენებას არ აძლევს, ამიტომ ეკლესიამ გადაწყეტილება უნდა მიიღოს.

"ერთი რომ ჩვენ ვართ შეშფოთებული და ამას ემატება ხალხის შეშფოთება. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ როგორ მოვიქცეთ. ვიცით, რომ მთავრობაც გვისმენს, გვაქვს ურთიერთობა... ასე არ გავჩერდებით, რაღაც ჩვენს სიტყვას ვიტყვით. თქვენ გინდათ, ჩვენგან წამოვიდეს, რომ რევოლუციას გავაკეთებთ. მე იუმორით ვიტყვი, რომ სანთლების რევოლუცია იქნება. დავანთებთ სანთლებს, შევევედრებით უფალს და მერე უფალი გვიჩვენებს. სანთლების რევოლუცია ეს არის ვედრება და გაძლიერებული ლოცვა. მე მჯერა, სადაც ორი და სამია, იქ უფალია. ორი და სამი კი არა, აღშფოთებული ხალხი რომ დავდგეთ ერთად ლოცვაში, მე ვიცი რა მოხდება და როგორ იქნება. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ღრმა სულიერი დატვირთვით,"- განაცხადა მეუფე ანტონმა.