საუკუნის ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლის მოლოდინში - სირიის ბედი იდლიბში გადაწყდება

საუკუნის ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლის მოლოდინში - სირიის ბედი იდლიბში გადაწყდება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სირიის პროვინცია იდლიბში მიმდინარე სრულმასშტაბიანი კონფლიქტი, შესაძლოა, საუკუნის ყველაზე მძიმე ჰუმანიტარულ კატასტროფაში გადაიზარდოს.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ იდლიბში მიმდინარე მოვლენები, მართლაც ყველაზე საშინელ ჰუმანიტარულ კატასტროფაში გადაიზარდა სირიის ომის ისტორიაში. ბრძოლა იდლიბისთვის მიიღებს ძალიან სერიოზულ და მძიმე სახეს, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე მხარეს შორის იქნება გადამწყვეტი ბრძოლა.

სამმილიონიან პროვინციაში მიმდინარე კონფლიქტს, შესაძლოა, რომ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწიროს, რომელსაც წასასვლელი არსად აქვს და ამ დრომდე იდლიბში რჩება.

გაერო-ს ჰუმანიტარული საკითხების სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენლის იენს ლარკეს განცხადებით, სირიის მოქმედ ხელისუფლებასთან საუბრისას ნათელი გახდა, რომ ქვეყნის მთავრობა აპირებს ამ რეგიონზე საკუთარი კონტროლის აღგენას და დაჟინებით მოითხოვს კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტას.

"ვთვლით, რომ ეს მოვლენა შესაძლოა გადაიზარდოს XXI-ე საუკუნის ყველაზე მძინე ჰუმანიტარულ კრიზისში, რადგან, როგორც ჩანს, სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მიდის. ეს არის საშინელი სიტუაცია. ეს არის შეჯიბრი დროზე. ეს არის შეჯიბრი, რომელშიც ვცდილობთ, რომ მოვემზადოთ ყველაზე მძიმე სცენარისთვის და, ამავდროულად, ვეცადოთ, რომ ეს სცენარი არ განხორციელდეს", - განაცხადა ლარკემ.

გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ იდლიბში "საუბარია არა სამხედრო, არამედ ანტიტერორისტულ ოპერაციაზე." მანვე აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ სირიის ოპოზიცია ქიმიური თავდასხმისთვის ემზადება, მაგრამ მან მტკიცებულებები არ გამოაქვეყნა.

ასევე, ნებენზიამ ჰუამნიტარულ ორგანიზაცია "თეთრ ჩაფხუტებს" ბრალი დასდო ტერორისტებთან კავშირში, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიზერ ნოიერტმა 11 სექტემბერს ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გადაჭრით უარჰყო.

"რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ასადისა და მისი რეჟიმის გამარჯვების შემთხვევაში დიქტატორი, ფაქტობრივად, მთელ ქვეყანაში დაამყარებს საკუთარ კონტროლს.

"იდლიბის ოპერაცია,რომელიც რუსეთმა, ირანმა და სირიამ განახორციელა, ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფაა, რაც კი ყოფილა სირიის ომის მსვლელობისას. იდლიბში დაახლოებით 4 მლნ მშვიდობიანი მოსახლებაა, ეს არის, ფაქტობრივად, ერთადერთი თავშესაფარი ოპოზიციის, სირიის თავისუფალი არმიისა და სხვა დაჯგუფებებისთვის.

"ბრძოლა იდლიბისათვის მიიღებს საკმაოდ სერიოზულ სახეს, რადგან ასადის რეჟიმის მომხრე ძალებსა და ზომიერ ოპოზიციურ ძალებს შორის იქნება გადამწყვეტი ბრძოლა-ბრძოლა არსებობისათვის.

"თუ ასადის რეჟიმი დაამარცხებს და განდევნის ოპოზიციის ძალებს, ფაქტობრივად, მისი რეჟიმი 95%-ით დაიბრუნებს კონტროლს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და გამოვა გამაჯვებული ამ შვიდწლიან ომში. თუ დაიწყება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ორივე მხარე გამოიყენებს მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, მათ შორის, მასობრივი განადგურების იარაღის ელემენტებსაც.

"რა თქმა უნდა, ასადის რეჟიმს უფრო მეტი რაოდენობით აქვს, მაგრამ იმის თქმა, რომ ქიმიური იარაღი მხოლოდ მისი რეჟიმის მომხრეებს აქვს, არასწორი იქნება-მეორე მხარესაც აქვს შეიარაღების ანალოგიური კომპონენტები. იყო საუბარი იმაზე, რომ ბაშარ ასადი აპირებდა ქიმიური იარაღის გამოყენებას იმისათვის, რომ ეფექტურად დაამთავროს თავისი კამპანია.

"ასეთი ვითარების ფონზე შეიძლება იმის თქმა, რომ, სავარაუდოდ, ეს იქნება ხანგრძლივი ბრძოლა, მეორეც ერთი, ეს გამოიწვევს კატასტროფას - 3 მლნ ლტოლვილი შეიძლება გამოიქცეს და აღმოჩნდეს თურქეთში და უმძიმეს სიტუაციას შეუქნის მასა და ევროპას", - ამბობს მაისაია.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ განაპირობა ის, რომ დღეს ბაშარ ასადის რეჟიმს ქიმიური იარაღი გააჩნია და უკვე არაერთხელ გამოიყენა კიდეც ის.

"შესაძლოა, მეორე მხარესაც ჰქონდეს ქიმიური იარაღის მარაგი, მაგრამ ძირითადად ქიმიური იარაღი აქვს ასადის რეჟიმს. მართალია მას არ უნდა ჰქონოდა ამ სახის იარაღი, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსულმა მხარემ არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები და აღმოჩნდა, რომ ასადის რეჟიმს დღეს აქვს ქიმიური იარაღი და არაერთხელ გამოიყენა კიდეც ის.

"რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას "თეთრი ჩაფხუტებისა" და ტერორისტების კონტაქტთან დაკავშირებით, ჩვენ ვიცით რუსული პროპაგანდა დღეს როგორ მუშაობს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაფერია, ეს არის რუსეთი საინფორმაციო, პროპაგანდისტული ომის ერთერთი მნიშვნელოვანი ეტაპი.

"მათ, რა თქმა უნდა, არავითარი მტკიცებულება არ აქვთ იმისა, რომ ეს მართლაც მოხდა, ესეთი ფაქტი ნაკლებად შესაძლებელია, რომ მომხდარიყო. ასადი ცდილობს, რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიბრუნოს კონტროლი ამ ტერიტორიებზე ისევე, როგორ დანარჩენ რეგიონებში გააკეთა, მაშასადამე, გასაკვირი არაა, რომ რუსეთი მორიგ საინფორმაციო ომს ასეთი მიდგომებით ახორციელებს.", - დასძინა ვახტანგ მაისაიამ.