აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ე.წ. პრემიერმინისტრი გენადი გაგულია, 71 წლის ასაკში, 8 სექტემბერს საღამოს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერფაქსმა" გაავრცელა „პრეზიდენტის" ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
„რესპუბლიკის" მინისტრთა კაბინეტის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დიანა ზანთარიამ განაცხადა, რომ გაგულია, აფხაზეთის „რესპუბლიკის" ე.წ. პრეზიდენტთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სირიიდან დაბრუნდა, სადაც „სახელმწიფო ვიზიტით" იყო ჩასული.
სოჩის აეროპორტიდან სეპარატისტულ რესპუბლიკაში დაბრუნებისას, გუდაუთის რაიონში, მანქანას, რომელშიც „პრემიერმინისტრი" იყო, შეეჯახა სხვა მანქანა, რომელმაც ავტოსაგზაო წესები დაარღვია და დარტყმის შედეგად გაგულია შეიწირა.
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მიიჩნევს, რომ, სავარაუდოდ, ზახარჩენკოს აფეთქება, მოლდოვეთის პრეზიდენტის ავარია და გაგულიას სიკვდილი შემთხვევითი არაა და მათ შორის რაღაც კავშირი არსებობს.
პოლიტიკური ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი კი განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სხვა, დამატებითი გარემოება არ გამოჩნდება გაგულიას დაღუპვის საქმეში, გაუმართლებელი იქნება იმის თქმა,რომ ეს მართლა გამიზნული და დაგეგმილი მკვლელობა იყო.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყაზბეგ მახაშევმა განაცხადა, რომ 1996 წელს დაბადებული ხაჯარატ ტარსმანი, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო. ამჟამად, მის წინააღმდეგ სისხლის სამართილ საქმეა აღძრული და ბრალად ედება ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფს ავტოსაგზაო წესების დარღვევა, რამაც ადამიანი იმსხვერპლა.
სეპარატისტული რესპუბლიკის „პრეზიდენტი" ხაჯიმბა ამბობს, რომ თვითონ იყო ამ ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველი და ეს ნამდვილად არ იყო ტერაქტი.
„რეზონანსთან" საუბრისას ვახტანგ მაისაიამ აღნიშნა, რომ სეპარატისტული რესპუბლიკის „პრემიერმინისტრი" გენადი გაგულია პოსტის დატოვებას და ოპოზიციაში გადასვლას გეგმავდა.
„როგორც ვიცი, გაგულია აპირებდა გადაგომას, იმიტომ, რომ ის არ ეთანხმებოდა ხაჯიმბას სხვადასხვა პოლიტიკურ ნაბიჯებს. საინტერესო მომენტია ასევე ისიც, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ასევე ავტოავარიაში მოჰყვა მოლდოვეთის პრეზიდენტი დოდონი. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება ამ ორი შემთხვევის დაკავშირება, მაგრამ დოდონი აპირებდა დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ე.წ. ხელმძღვანელობასთან შეხვედრას.
"პრინციპში, ეს ნაკლებად შედიოდა კრემლის ინტერესებში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. დნესტრისპირეთის ე.წ. შეიარაღებულა ძალებმა დაიწყეს მასობრივი სამხედრო წვრთნები - 4 000 ადამიანის მეშვეობით. ფაქტობრივად, მათ მოლდოვას დაუფიქსირეს, რომ განწყობილები არიან მილიტარისტულად", - ამბობს მაისაია.
პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სხვა გარემოებების აღმოჩენამდე რთული იქნება იმის მტკიცება, რომ გაგულია გამიზნულად მოკლეს.
„მჯერა, რომ ეს იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, რადგან ამის სხვა საფუძველი არ არსებობს. უნდა აღინიშნოს, რომ გაგულია არ იყო პოლიტიკური ფიგურა, ის იყო სამეურნეო ადამიანი. იქ ხაჯიმბაც იყო და თუ ტერაქტი იქნებოდა დაგეგმილი, ის ხაჯიმბას წინააღმდეგ იქნებოდა. გაგულიას სიკვდილი არაფერს არ ცვლის ამ წუთში აფხაზეთში.
„ის იყო სამეურნეო ტიპის პრემიერმინისტრი, მას არ ჰქონდა არანაირი პოლიტიკური დატვირთვა და სწორედ ამიტომ იყო შერჩეული თავის დროზე ამ თანამდებობაზე. თუ ახალი გარემოებები არ გაჩნდა, იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც არსებობს, შემიძლია იმის თქმა, რომ ეს არი ყო ტერაქტი", - თქვა ზაქარეიშვილმა.
სამხედრო ექსპერტი მაისაია თვლის, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, შესაძლოა, საერთოდ არ იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ყველაფრის ტენდენცია თვალსაჩინოა.
„ზახარჩენკო, დოდონი და გაგულია - ყველა ეს მომენტი შემთხვევითი არ უნდა იყოს. მითუმეტეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცენტრალურ ადგილად იქ, სადაც არც თუ ისე ავარიასაშიში ტერიტორია იყო. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, როგორ დაიღუპა სერგეი ბაღაფში, რომელიც უცებ, გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა ბარვიხას სანატორიუმში, ასევე იმავე ბარვიხაში გარდაიცვალა იური შეკოჩიხინი, რომელიც პუტინის პირდაპირი მტერი იყო და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის მოწამლული იყო ისეთივე ნივთიერებით, როგორიტაც მოიწამლნენ ლიტვიენკო და სკრიპალები ანუ რუსეთის სპეცსამსახურებს პირველად არ დაუწყიათ რადიაქტიული ნივთიერებებით ხალხის მოწამვლა.
„გაგულიას შემთხვევაში ავტოავარიის მოწყობა დიდ პრობლემას არ წარმოადგენა, იმის გათვალისწინებით, რომ იყო გარკვეული უთანხმოებები ხაჯიმბასა და გაგულიას შორის საკმაოდ სერიოზულ კომპონენტებთან მიმართებით.
"დღეს. მოგეხსენებათ, აფხაზეთის მთელი „ოპოზიციური ჯგუფი" არის მიმართული არამარტო ხაჯიმბას, არამედ რუსეთის მიერ წარმოებული პოლიტიკის წინააღმდეგაც. ბუნებრივია, თუ გაგულია გადავიდოდა და ოპოზიციურ ბანაკს მიუერთდებოდა, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა არასასურველი სცენარი კრემლის მესვეურთათვის.
„გაგულიას გადასვლა სერიოზული განხეთქილების ნიშანი იქნებოდა, მითუმეტეს, როგორც ჩანს, ახლოვდება მორიგი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და, რა თქმა უნდა, კრემლი მობილიზებულია და ცდილობს, აფხაზეთში მოივიდეს ის ძალა რომელიც მოსკოვის ინტერესებს გაატარებს და მისი მონამორჩილი იქნება", - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ზახარჩენკოს აფეთქებასა და ახლა გაგულიას ავტოავარიაში მოხვედრას, ამ ორ ფაქტს შორის ზაქარეიშვილი კავშირს ვერ ხედავს.
„გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ, მგონია, რომ ეს სხვადასხვა მოვლენებია-გაგულიას სიკვდილი და ზახარჩენკოზე თავდასხმა. დღეს ხელთარსებული ინფორმაციით, მე ვერ ვხედავ ამ მოვლენებს შორის კავშირს. ამ წუთში მე გამოვრიცხავ ამ მოვლენებს შორის რაიმე კავშირს იქამდე, სანამ დამატებით ახალი ინფორმაცია არ გამოჩნდება და არ შეცვლის სურათს", - თვლის ზაქარეიშვილი.