BBC - რა არის ცნობილი მოსკოველ ანდრეი ტიურინზე, რომელიც საქართველომ აშშ-ს გადასცა

BBC - რა არის ცნობილი მოსკოველ ანდრეი ტიურინზე, რომელიც საქართველომ აშშ-ს გადასცა

პარასკევს ნიუ იორკის აეროპორტში დაეშვა ავიალაინერი, რომელითაც საქართველოდან აშშ-ში ჩაიყვანეს რუსი ანდრეი ტიურინი. მას ბრალად ისტორიული მასშტაბის ჰაკერულ თავდასხმაში ედება ბრალი.

35 წლის მოსკოველი 8 სექტემბერსვე ნიუ იორკის სამხრეთის ოლქის ფედერალურ სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მან მოსამართლეს უთხრა, რომ დანაშაულს არ აღიარებს. შედეგ ტიურინი მანჰეტენის ციხეში მოათავსეს. ტიურინის ადვოკატმა, ფლორიან მიდელმა პრესასთან კომენტარზე უარი განაცხადა.
ტიურინი სასამართლოს წინაშე 25 სექტემბერს წარდგება.

როგორც „ბლუმბერგი“ იუწყება, საქართველოსგან ტიურინის ექსტრადირებას, აშშ-სთან ერთად, რუსეთის ფედერაციაც ითხოვდა.

ბრალდება

მოსკოველი ტიურინი იმავე საქმის ფიგურანტია, რომელზე ბრალიც წარდგენილი აქვს ისრაელელ გარი შალონს, იგივე გარი შალელაშვილს, იგივე გაბრიელს, იგივე ფილიპ მუსეს, იგივე კრისტიფერ ენჰეიმს. ასევე ამერიკელ ჯოშუა აარონს, იგივე მაიკ შილდსს, რომელიც აშშ-ში, რუსეთსა და ისრაელში ცხოვრობდა და ისრაელელი ზევ ორენშტეინს, იგივე ავივ შტაინს, იგივე ჯონ ავერს.

პროკურატურა დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაურად შალონს მიიჩნევს. რაც შეეხება ჯოშუა აარონს, ის 2015 წელს დააკავეს ისრაელში და აშშ-ს გადასცეს. აარონმა მიმალვა მოახერხა, თუმცა შემდეგ გამოჩნდა და ბრალი აღიარა.

სამივე ბრალდებული სასამართლოს ელოდება და როგორც „ბლუმბერგი“ წერს, გამოძიებასთან თანამშრომლობენ. როგორც BBC წერს, საქმეში ძალიან ბევრი გასაიდუმლოებული დოკუმენტია.

წელს ივლისში დააკავეს ამავე საქმის მეოთხე ფიგურანტი, ამერიკელი ენტონი მურჯიო. მას, შალონთან ერთად, ფლორიდაში მდებარე ბიტკოინების არალეგალური საფონდო ბირჟის ხელმძღვანელობაში ადანაშაულებენ. სწორედ ამ ბირჟის მეშვეობით ათეთრებდნენ ფულს ბრალდებულები.

მურჯიოს 66 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამავე ბირჟასთან დაკავშირებულ საქმეზე შარშან გაასამართლეს რუსი იური ლებედევი, რომელიც რუსეთში დაიბადა, უკრაინაში იზრდებოდა და შემდეგ აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. მას 16 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ლებედევი სამი შვილის მამაა და ისიც, რომ ის მხოლოდ დავალებებს ასრულებდა.

როგორც ირკვევა, შალონს ბევრი თანამზრახველი ჰყავდა. თუმცა ყველაზე იდუმალი მაინც მოსკოველი ტიურინია, რომელიც ჯგუფში მთავარი ჰაკერის ფუნქციას ასრულებდა. პროკურატურის ცნობით, ტიურინმა, შალონის ბრძანებით, 12 ამერიკული ფინანსური დაწესებულების კომპიუტერულ ქსელში შეაღწია. ამ კომპანიის სახელწოდებები საქმეში გასაიდუმლოებულია.

დაზარალებულები

მედიამ რამდენიმე კომპანიისა და ფინანსური დაწესებულების გაშიფრვა შეძლო. კერძოდ, მათ შორის არის Scottrade Financial Services Inc., Dow Jones-ი და E-Trade Financial Services Corp.

ერთ-ერთი დაზარალებული კომპანია G2 Web Services LLC-ა, რომელიც ე.წ. სპამს ებრძვის და ძირითადად იმ ბანკების გამოვლენას ცდილობს, რომლებიც სპამერებს პროდუქციის გაყიდვასა და ამ ოპერაციების „გათეთრებაში“ ეხმარება.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ შალონი და მისი დაჯგუფების წევრები G2 Web Services LLC-ის საქმიანობას აკვირდებოდნენ და მისი თანამშრომლების მიმოწერას კითხულობდნენ, რათა დანაშაულებრივი ქმედებები დაემალათ.

კიდევ ერთი დაზარალებული ცნობილი JPMorgan Chase-ია. აშშ-ის პროკურატურის ცნობით, უმსხვილესი ამერიკული ბანკი არსებობის ისტორიაში ყველაზე მასირებული ჰაკერული შეტევის მსხვერპლი გახდა. გამოძიების ცნობით, ტიურინის თავდასხმის შედეგად, ბოროტმოქმედებს ხელში 83 მილიონი ადამიანი პირადი მონაცემები ჩაუვარდათ.

სულ კი, გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა ამერიკული ფინანსური დაწესებულებების 100 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემების დასაკუთრება შეძლო. ბრალდებულები ამ ინფორმაციას ფასიან ქაღალდებთან ფინანსური მანიპულაციებისთვის იყენებდნენ.

თაღლითები იაფად ყიდულობდნენ აქციებს და შემდეგ მოტყუებით ზრდიდნენ მათ ღირებულებას. ამ საქმისთვის კი ისინი მოპარულ პირად მონაცემებს იყენებდნენ. კერძოდ, ბრალდებულები ურეკავდნენ ინვესტორებს და იმ კომპანიებს აქებდნენ, რომელთა აქციებიც მანამდე იაფად იყიდეს. შედეგად, ფასიანი ქაღალდების ღირებულება იზრდებოდა. ამ სქემით თაღლითებმა მილიონობით დოლარი გამოიმუშავეს, ხოლო ინვესტორები წაგებაში დარჩნენ.

ტიურინს ბრალად წაყენებული აქვს კომპიუტერული დანაშაულის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა, რაც მხოლოდ ხუთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა ბრალდებაში არის ისეთი პუნქტებიც, რის გამოც მან ციხეში შესაძლოა, 30 წელიც კი გაატაროს.

რუსი ჰაკერი, შალონთან ერთად, ბრალდებულია არალეგალური სათამაშო ბიზნესის წარმოებაშიც. გამოძიების ცნობით, ბრალდებულები 10-ზე მეტ ონლაინ კაზინოს ფლობდნენ. ამასთან ერთად, პროკურატურის ცნობით, ტიურინი თავს დაესხა კონკურენტი კაზინოების კომპიუტერულ ქსელებს და მათი მომხმარებლების მონაცემებიც ჩაიგდო ხელში.

გამოძიება ამტკიცებს, რომ დაკავებულები სარგებლობდნენ დაახლოებთ 200 გაყალბებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით. მათ შორის 30-ზე მეტი ყალბი ამერიკული და კიდევ 16 ქვეყნის პასპორტია. ფულის გათეთრება კი 75 საბანკო ანგარიშის მეშვეობით ხდებოდა. გამოძიების მიხედვით, დამნაშავეები ამ სქემებით 2012 წლიდან 2015 წლის ივლისამდე მოქმედებდნენ. ტიურინი სარგებლობდა სერვერებით ეგვიპტეში, სამხრეთ აფრიკაში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში.