ჯოზეფ უეილიმ, მეტსახელად ყვითელმა გადამგდებმა (ასე მას ყვითელი ჰალსტუხისა და ცხვირსახოცის ტარების გამო შეარქვეს), ზუსტად 100 წელი იცოცხლა. თავისი აქტიური ცხოვრების განმავლობაში კი უამრავი მდიდარი ადამიანის მოტყუება მოახერხა. მისი მსხვერპლი თვით იტალიის დიქტატორი ბენიტო მუსოლინიც კი გახლდათ.
თაღლითი ჯოზეფ უეილი საკუთარ თავს ფინანსისტ რობინ ჰუდად თვლიდა, რომელიც იმათ აცუცურაკებდა, რომლებიც არც წმინდა სულის პატრონები იყვნენ და ფულიც სხვადასხვა ეშმაკობით ჰქონდათ ნაშოვნი. მან თავისი მსოფლმხედველობაც კი შეიმუშავა და ციხეში მოხვედრილ ცნობილ განგსტერებს უმტკიცებდა, რომ მათზე კეთილშობილი და მოხერხებული კრიმინალი იყო.
“რობინ ჰუდის” რომანტიკული ცხოვრება 1976 წელს მათხოვრების თავშესაფარში დასრულდა. ის ჩიკაგოს გარეუბნის საძმო სასაფლაოზე განისვენებს. მის ცხოვრებაზე რამდენიმე წიგნია დაწერილი და სამი ფილმია გადაღებული.
გარდასახვის დიდოსტატი
ჯოზეფ უეილის ბიოგრაფიაში ერთადერთი ნათელი პერიოდი ისაა, როცა კაფეში ბარმენად მუშაობდა. მალე მიხვდა, რომ ხელფასზე მუშაობა მისი საქმე არ იყო. ცრუ კომივოიაჟერობა დაიწყო და ჩიკაგოს გარეუბნებში “ყველაზე ეფექტურ” ჭიის წამალს ყიდდა, რომელსაც თვითონ ამზადებდა გამოხდილი წყლის, მუხის ქერქის, ნაყენისა და ლიქიორის ნარევით.
მალე უეილმა უპატრონო ძაღლების მეშვეობით თაღლითობის ახალი სქემა მოიგონა, რომლითაც კვირაში 2-დან 5 ათასამდე დოლარს შოულობდა, რაც იმ პერიოდში საკმაოდ დიდი ფული იყო.
წარმოდგენა იმით იწყებოდა, რომ დენდივით გამოწყობილი ჯოზეფი ცნობილ ბარში შედიოდა ძაღლთან ერთად, რომელსაც სხვადასხვა მედლები ეკეთა. ბარმენს უყვებოდა ამ ძაღლის დამსახურებების შესახებ და ამატებდა, რომ ის მისი ახალგარდაცვლილი ცოლისგან დარჩა და ძალიან ძვირფასი იყო მისთვის.
ცოტა ხანში აფერისტს ახსენდებოდა, რომ ბანკში იყო შესასვლელი და ბარმენს 10 დოლარს უტოვებდა, რათა ძაღლისთვის მიეხედა, ვიდრე ბანკიდან დაბრუნდებოდა. მისი წასვლიდან რამდენიმე წუთში ამ ბარში მისივე თანამზრახველი, კიდევ ერთი დენდი შეიხედავდა, რომელსაც ეს ძაღლი ძალიან მოეწონებოდა და ბარმენს 300 დოლარს შესთავაზებდა მის სანაცვლოდ. წინასწარ 50 დოლარს და სავიზიტო ბარათს უტოვებდა, სადაც მოგონილი მისამართი და ტელეფონი ეწერა, კიდევ 250 დოლარის მიცემას ჰპირდებოდა, თუ ამ ძაღლს პირდაპირ სახლში მიუყვანდა და ბარს ტოვებდა.
დაბრუნებული ძაღლის პატრონი ტრაგიკული სახით ამცნობდა ბარმენს, რომ სულ ცოტა ხნის წინ ბანკში უთხრეს, რომ ის გაკოტრდა. ბარმენი 200 დოლარს სთავაზობდა ძაღლში და გულში უხაროდა, რომ სულ მალე 100 დოლარი მისი იქნებოდა, რაზეც “მოულოდნელი უბედურებით” გულგატეხილი ძაღლის მეპატრონე თანხმდებოდა – ართმევდა ბარმენს 200 დოლარს და ბარს ტოვებდა.
რა თქმა უნდა, ძაღლის ახალი მეპატრონის სავიზიტო ბარათი ყალბი იყო და გამოდიოდა, რომ ბარმენი ქუჩის ძაღლს 150 დოლარად ყიდულობდა. ასეთი თაღლითობით ჯოზეფი კომპანიონთან ერთად კვირაში რამდენიმე ათასს შოულობდა, ძაღლებით კი მათ ჩიკაგოს ცხოველების თავშესაფარი ამარაგებდა მცირე თანხის საფასურად.
ჯოზეფის თაღლითობის პიკი ფიქტიურ ბანკსა და ნავთობის საბადოს უკავშირდება. ამბობენ, ამ აფერაზე მას გაზეთის განცხადებამ უბიძგა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩიკაგოს ერთ-ერთი დიდი ბანკი ხურავს თავის ფილიალს და შენობას აქირავებს.
ჯოზეფმა ფილიალი იქირავა და თითქმის უნაკლო სცენარი მოიფიქრა. მიაგნო ერთ კანადელ მილიონერს, რომელიც ნავთობით მდიდარი საბადოების შესყიდვით იყო დაინტერესებული, დაუკავშირდა მას, ბანკირის მფლობელობაში არსებული საიდუმლო მიწის ნაკვეთი შესთავაზა, რომელზეც ნავთობით მდიდარი საბადო იყო და მასში ნახევარი მილიონი მოითხოვა (რაც მისი საბაზრო ღირებულების მხოლოდ მეოთხედს შეადგენდა). დაბალი ფასი კი იმით ახსნა, რომ ბანკირს ნაღდი ფული სჭირდებოდა, რათა გაყიდვიდან გადასახადები არ გადაეხადა.
დანიშნულ დღეს იჯარით აღებული ყოფილი ბანკის შენობა ნამდვილი ბანკივით მოაწყვეს. შენობის სახურავზე ბანკის ფირნიში ჯერ კიდევ არ იყო მოხსნილი და აეროპორტში ჩამოფრენილი კანადელი მდიდრული მანქანით პირდაპირ “მოქმედ ბანკში” მიიყვანეს. ბანკის მმართველის როლი თვითონ ჯოზეფმა განასახიერა და იმდენად ხელგაშლილი აღმოჩნდა, რომ გაცხადებულ ფასს კიდევ 100 ათასი დაუკლო.
გახარებულმა კანადელმა ფული სასწრაფოდ ჩაუთვალა, მიწის ნაკვეთის საბუთები გამოართვა, სადაც ნავთობი არასდროს ყოფილა (ჯოზეფმა ეს მიწა 1000 დოლარად შეიძინა) და ისევ აეროპორტისკენ გაეშურა.
მთელი ეს კომედია ერთი დღით დაქირავებული შტატით ჯოზეფს 50 ათასი დაუჯდა, სამაგიეროდ, იმ დროისთვის ასტრონომიული თანხა – 350 ათასი დოლარი ჩაიჯიბა.
დაახლოებით ასეთივე სცენარით იმოქმედა ჯოზეფ უეილიმ ევროპაშიც. იქაურებს თავი მდიდარ მენავთობედ გააცნო. მოახერხა, შეხვედროდა იმ დროის ფაშისტური იტალიის მმართველ ბენიტო მუსოლინის და მას კოლორადოს შტატში არარსებული ნავთობის საბადო 2 მილიონად მიჰყიდა. როცა ტყუილი გამჟღავნდა, ჯოზეფი უკვე ამერიკაში იყო და ამ ფულს ხელგაშლილად ხარჯავდა.
ცნობილ თაღლითს ფორტუნა კიდევ კარგახანს სწყალობდა, მაგრამ რამდენიმე წელში დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს, სადაც 10 წელი გაატარა. ციხიდან გამოსულს სულ სხვა ცხოვრება დახვდა. მაინც სცადა, პატარა აფერა ჩაეტარებინა, მაგრამ უკვე არაფერი გამოსდიოდა. ის დაჩაჩანაკდა, გაღატაკდა, ფეხებიც აღარ ემორჩილებოდა და ინვალიდის ეტლით უწევდა გადაადგილება.
ნიჭიერი თაღლითის ბოლო ნავსაყუდელი ქველმოქმედებით დაფინანსებული ღარიბთა თავშესაფარი გახდა, სადაც 100 წლამდე იცოცხლა.
იუბილეზე ჟურნალისტებმა მიაკითხეს და კითხვაზე, ადგომა რომ შეგეძლოს, ვინმეს მოტყუებას ხომ არ შეეცდებოდიო, თვალებანთებულმა უპასუხა: ,,მე ამაზე ვოცნებობ, როგორც მშიერი ძაღლი ხორციან ძვალზე!”.