სამთო კურორტებზე უცხოელმა ტურისტებმა იმატა, ადგილობრივებმა - იკლო

სამთო კურორტებზე უცხოელმა ტურისტებმა იმატა, ადგილობრივებმა - იკლო

[რეზონანსი]

სამთო კურორტებს წლეულს უცხოელი დამსვენებლები მრავლად ჰყავს. იქ, სადაც ოდნავ მაინც მოწესრიგებული ტურისტული ინფრასტრუქტურაა, უცხოელი ტურისტები ხშირად დადიან. თუმცა, ეს ადგილობრივი კლიმატის უნიკალურობის დამსახურება უფროა, რითაც ბუნებამ საქართველოს ტერიტორიები უხვად დააჯილდოვა.

სამთო კურორტების მკვიდრი მოსახლეობა ამბობს, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით გაიზარდა, თუმცა იკლო ადგილობრივი ტურისტების რიცხვმა. მოსახლეობის უმრავლესობა უსახსრობის გამო დასვენებას ვერ ახერხებს, ხოლო ვისაც შესაძლებლობა აქვს, საზღვაო კურორტებზე არჩევს დასვენებას.

ტურისტები განსაკუთრებით გააქტიურდნენ მთიან საქართველოში, განსაკუთრებით ყაზბეგში. დამსვენებლებს აქ უფრო კერძო სექტორი იზიდავთ. ამიტომ ოჯახებში ან საოჯახო ტიპის სასტუმროებში ისვენებენ.

წელსაც სტუმრებს შორის ყველაზე მეტ აქტიურობას უკრაინელები და ბალტიისპირელი ტურისტები იჩენენ. ადგილობრივების თქმით, ამ ბოლო დროს ევროპელებიც გააქტიურდნენ. განსაკუთრებით ფრანგები, ჩეხები და გერმანელები. მათ აქ მთის ხალხის ტრადიცია და ლამაზი ბუნება იზიდავთ.

რაც შეეხება ფასებს, ყაზბეგში მომსახურების საფასური არ გაზრდილა და წელსაც 25-დან 40 ლარამდეა. ოჯახები საკურორტო სეზონს უფრო მომზადებულები შეხვდნენ, თუმცა ყოფითი პრობლემები მაინც აქვთ.

„2 კვირის განმავლობაში არ გვქონდა წყალი, რამაც სტუმრებში და ჩვენშიც დისკომფორტი გამოიწვია. წყლის მიწოდება მხოლოდ დღეს აღდგა. უცხოელები მაისიდან გააქტიურდნენ. პირადად ჩემმა ოჯახმა უკვე რამდენიმე ადამიანს უმასპინძლა. ახალი ჯგუფები სისტემატურად ჩამოდიან.

მომსახურების საფასური, უცხოელების შემთხვევაში, 35-40ლარია. ადგილობრივ ტურისტებს უფრო იაფად, 25-30 ლარის ფარგლებში ვემსახურებით, თუმცა მათი რაოდენობა წლეულს ძალიან ცოტაა. შარშან ამ დროს აქ გაცილებით მეტი ქართველი ისვენებდა. ახლა უცხოელები ბევრად სჭარბობენ. ვცდილობთ, ყველას ღირსეულად დავხვდეთ, მაგრამ სრულ კომფორტამდე მაინც ბევრი გვიკლია, ელემენტარულად, გაზი არ არის (ზაფხულობით ითიშება), წყლის მიწოდება მთელი 2 კვირით შეწყდა, რამაც ყველას დისკომფორტი შეგვიქმნა.

უცხოელები ასეთი პირობების მიუხედავად, ვიზიტებს არ წყვეტენ. აქ მათ ჩვენი ტრადიცია იზიდავთ, აქტიურად კონტაქტობენ ადგილობრივებთან, ხალხის წეს-ჩვეულებებს აკვირდებიან. ყველაზე მეტი უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან არის. თუმცა, აქტიურობით ამ ხალხებს დიდად არ ჩამორჩებიან ფრანგები, ჩეხები, გერმანელები, რუსები და ებრაელები. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ქართველი ისვენებს, შესაძლოა, აგვისტოში უფრო გააქტიურდნენ“, -ამბობს თინა ქავთარაშვილი, დაბა სტეფაწმინდის მკვიდრი.

დამსვენებლების სიმცირე შეიმჩნევა შოვში, საირმესა და სქურში. ამ მხრივ ბორჯომსა და ლიკანში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ამ აქ ადგილობრივ დამსვენებლებს მეზობელი აზერბაიჯანელი და სომეხი ტურისტები სჭარბობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში სასიკეთო ცვლილებებია, სამთო კურორტების უმეტესობა წლევანდელ სეზონსაც მოუწყობელი ხვდება. ხშირ შემთხვევაში ტურისტული ადგილები განადგურებამდეა მისული. როდესაც მთავრობის მთელი გულისყური საზღვაო კურორტებზეა მიმართული, ქვეყნის მთიან ნაწილში ტურიზმი, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის ანაბარადაა. მოუვლელია ისეთი კურორტები, როგორიცაა ბახმარო, სურამი, შოვი, საირმე, სქური, ლაშიჭალა და სხვა, სადაც ტურისტებს ძალიან ცუდ გარემოში უწევთ დასვენება. სასტუმროებს ამ ადგილებში იშვიათად შეხვდებით, სადაც არის, იქაც იმდენად მაღალი ფასებია, რომ მათ გადახდას დამსვენებლების უმეტესობა ვერ ახერხებს. ამიტომ, ოჯახებში არჩევენ დასვენებას, სადაც ფასი სასტუმროებზე დაბალია.

ბუნებითა და შესანიშნავი ჰავით განთქმული სურამი უყურადღებოდაა მიგდებული. კურორტში დაბინძურებულია ტყეები, შენობები და ქუჩები მოუვლელია. მომსახურების დაბალი ხარისხია კაფეებსა და სხვადასხვა გასართობ ცენტრებში. სამაგიეროდ, მაღალია ფასები, რაც ბოლო დროს ქართული კურორტების საერთო ტენდენციაა.

იშვიათად შეიძლება შეხვდეთ სურამში ოჯახს, რომელსაც დამსვენეველი არ ჰყავს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, საკურორტო სეზონზე ბინის გაქირავება მათი დიდი ნაწილისთვის ერთადერთი შემოსავალია, რითაც თავის რჩენა მომდევნო სეზონამდე უწევთ.

„სურამში დასვენება, საშუალოდ, 300-500 ლარის ფარგლებში ღირს, საცხოვრებელ პირობებს გააჩნია. კეთილმოწყობილ ოჯახებში დამსვენებლები 800 ლარსაც იხდიან. მეგონა, შარშანდელთან შედარებით, წლეულს მდგომარეობა შეიცვლებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, ხელისუფლებამ აქაურობა რატომღაც კვლავ უყურადღებოდ დატოვა.

რაც ყველაზე მეტად არის სავალალო, მოუვლელი და დანაგვიანებულია ტყე. ამისთვის არც ადგილობრივი გამგეობა ზრუნავს და არც მთავრობა. სწორედ თავისი ლამაზი ბუნების წყალობით ჰყავს სურამს დამსვენებლები და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება“, - ამბობს ლუიზა გელაშვილი, სურამის მკვიდრი.

ხალხმრავლობა შეინიშნება ბახმაროშიც, რომელიც უნიკალური კურორტია თავისი ჰავითა და შესანიშნავი წყლით, მაგრამ ისიც კეთილმოუწყობელია. ერთადერთი გზა გაკეთდა, სხვა მხრივ აქაურობას მზრუნველი ხელი არ დასტყობია. არც წყალია და არც შუქი, ძალიან ცუდი მდგომარეობაა.

„არ შეიძლება ამ ადგილის ასე უპატრონოდ მიგდება, ხელისუფლებამ ამ ადგილების შენარჩუნებისთვის რაღაც უნდა იღონოს“, - ამბობს ნინო გულია, დამსვენებელი.

ანალოგიურ მდგომარეობაშია სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონში კურორტი სქური. ადგილობრივები იხსენებენ, რომ კომუნისტების ეპოქაში ეს ადგილი ძალიან პოპულარული იყო და ბევრ სტუმარსაც მასპინძლობდა.

„სქური ცნობილია უიშვიათესი სამკურნალო წყლებით. სამწუხაროდ, აქაურობა ძალიან მოუვლელია. ამ ადგილის შესანიშნაობითა და გამორჩეულობით თავს ვიწონებდით, მაგრამ ახლა ცოტა დარჩა თავმოსაწონი, კურორტს ძალიან უჭირს. დამსვენებლების ინტერესიც ნაკლებადაა, ძირითადად, ნათესავები ან ნაცნობები გვსტუმრობენ, უცხოელებიც არიან, მაგრამ იშვიათად“, -ამბობს წალენჯიხელი ნაირა კვარაცხელია.

ამ კურორტებისგან განსხვავებით, კარგი მდგომარეობაა, ბორჯომსა და ლიკანში, სადაც მომსახურების ფასი თვეში საშუალოდ 1500-2000 ლარს აღწევს.

„ბევრი დამსვენებელია, თუმცა მათ შორის ქართველებს ნაკლებად შეხვდებით. სტუმრების უმრავლესობა აზერბაიჯანელია ან სომეხი. ძალიან კარგია, როცა სხვა ერების წარმომადგენლები ინტერესდებიან საქართველოს კურორტებით, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ, დასანანია, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ ტერიტორიაზეც ვერ ახერხებს დასვენებას. ხალხს ძალიან უჭირს.

რაც შეეხება დასვენების საფასურს, 10 დღეში 400 ლარი გადავიხადე. კომფორტის შემთხვევაში, დასვენება 2000 ლარიც ღირს. ბორჯომი ძალიან მოვლილია, ლიკანზეც იგივე შემიძლია ვთქვა. აქ ყველა პირობაა შექმნილი კარგი დასვენებისთვის“, - ამბობს ნიკა ხუფენია, ტურისტი.

წელს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით ხვდება სეზონს შოვიც, შარშანდელთან შედარებით, დამსვენებელი მეტია.

სასტუმრო „რაჭის“ მმართველი აცხადებს, რომ შოვში ტურისტული ინფრასტრუქტურა საკმარისადაა განვითარებული და კურორტით არა მარტო ადგილობრივი, არამედ უცხოელი ტურისტებიც დაინტერესდნენ.

„წლევანდელ სეზონს შედარებით კარგად შევხვდით. ამ ეტაპზეც ბევრი შეკვეთა გვაქვს. დამსვენებლებს შორის არიან როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ტურისტები. პროცენტული მაჩვენებლით, ვინ მეტია და ვინ ნაკლები, ვერ გეტყვით. რაც მთავარია, კურორტი ბევრს იზიდავს და შეკვეთების რაოდენობაც დღითი დღე მატულობს. რაც შეეხება ფასს, წელსაც იგივე დარჩა - 35-50 ლარის ფარგლებში. ამ თანხაში შედის დასვენება და სამჯერადი კვება.

ტურისტებს შოვში არაჩვეულებრივი გარემო, კომფორტი და შესანიშნავი ბუნება ხვდებათ. ვფიქრობ, მომსახურებაც საკმაოდ ხელმისაწვდომია, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია დამსვენებლების მოსაზიდად“, - ამბობს სასტუმროს მმართველი.