"შულაიას გავლენა იმდენად დიდია საქართველოზე, რომ აშშ-დანაც ახერხებდა ქართული ციხეების გაკონტროლებასო" - ბრუკლინური "მიდი, მოადე"
ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკის სასამართლომ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრად ცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, ნიუ-იორკში, 2017 წლის ივლისში, 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს.
რამდენიმე დღის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ ბრუკლინის ციხის თანამშრომლებს მორიგი მუშტი-კრივის დაშლამ მოუწიათ, რომელშიც ქართველი პატიმრებიც მონაწილეობდნენ. უცხოეთის საპატიმრო ადგილებში
ჩვენებურებისგან ეს აღარავის უკვირს. თუმცა ბრუკლინური ცემა-ტყეპა რეზონანსული გამოდგა, რადგან მასში აშშ-ში ბოლო დროს ყველაზე გახმაურებული დაკავების მთავარი მოქმედი გმირები - ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია, იგივე პიტერსკი, და მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მოკრივე ავთო ხურციძე მონაწილეობდნენ. მათი მეტოქეები "რინგზე" კი, არც მეტი, არც ნაკლები, კოლუმბიური მაფიის წევრები აღმოჩნდნენ. ჯერჯერობით არავინ იცის კონფლიქტის დეტალები.
"ქურდებს ურტყამენ, ძმებოო!"
მედიით ცნობილი გახდა, რომ რაჟდენ შულაიას შელაპარაკება მოუვიდა კოლუმბიური მაფიის ბოსთან, რაც მალე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. როდესაც მოკრივე ავთო ხურციძემ გაიგო, "ქურდებს ურტყამენო", მეგობარს გამოესარჩლა. ქართველი "ჰაიმერის" ("ჩაქუჩა") ჩხუბში ჩართვამ კოლუმბიელები შეაფიქრიანა და საკუთარი ბოსისა და სახელის დასაცავად (რაც საპატიმრო ადგილებში ძალიან მნიშვნელოვანია) მაშველ ძალას უხმეს. მალე ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ (გავრცელებული ვერსიით, 2 კაცი 15-ის წინააღმდეგ). როგორც ჩანს, ავთო ხურციძემ "კანონიერი ქურდი" კოლუმბიელებს არ დაანება და გვარიანადაც მიჟეჟა მოწინააღმდეგენი (საინტერესოა, რატომ აღმოჩნდა "რაჟდენ პიტერსკი მხოლოდ "ჩაქუჩას" იმედად, როცა აშშ-ის ციხეებში რუსული მაფია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მრავალრიცხოვანია).
რა თქმა უნდა, პიტერსკის გამოსარჩლებისთვის ქურდული სამყარო ქართველი მოკრივისთვის არაფერს დაიშურებს, მანამდე კი ბრუკლინში იარებს იშუშებენ. უნდა ითქვას ისიც, რომ თუ ქართველები მხოლოდ შიშველი ხელებით ჩხუბობდნენ, კოლუმბიელებმა ტრადიციულად დანები ატრიალეს. ხურციძეს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, ნაკერები ადევს თავზეც.
ნიუ-იორკის ბანდები
2017 წლის ივნისში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ლამის ორწლიანი მუშაობის შედეგად, ერთ-ერთი გავლენიანი კრიმინალური სინდიკატის 27 წევრი დააკავა.
"კანონიერი ქურდის" რაჟდენ პიტერსკის სინდიკატი, ყველაზე ცნობილი და ხმაურიანი დაჯგუფება ნიუ-იორკის ბანდებს შორის, უკან არაფერზე იხევდა. უმრავლესობა "ამერიკული ოცნების" ასახდენად პოსტსაბჭოთა სივრციდან ემიგრირებული პირები იყვნენ. სინდიკატის საქმიანობის არეალი აშშ-ის 4 შტატზე: ნიუ-იორკზე, ნიუ-ჯერზიზე, ფლორიდასა და ნევადაზე ვრცელდებოდა. დაჯგუფების წევრები კაზინოებში ტეხდნენ სათამაშო აპარატებს, საკრედიტო ბარათებიდან იტაცებდნენ ფულს, ვაჭრობდნენ იარაღით და ნარკოტიკით, არ ამბობდნენ უარს შეკვეთილ მკვლელობებზეც. ყველაზე მთავარი, რაც მას სხვა ბანდებისგან გამოარჩევდა, იყო მუშაობის მეთოდი, რომლის წყალობითაც სინდიკატი წლების განმავლობაში არ იქცევდა სამართალდამცავების ყურადღებას. ამიტომ პიტერსკის დაჯგუფების წევრების დაკავება აშშ-ში ბევრისთვის მოულოდნელი იყო. თუმცა უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა საქართველოსთვის, როდესაც ცნობილი შეიქნა, რომ დაკავებულებს შორის ორი ქართველი მოკრივე - ლევან მაყაშვილი და მსოფლიოს დროებითი ჩემპიონი ავთო ხურციძეც იყვნენ. გულშემატკივარი ივლისში ლონდონში ხურციძის გამოსვლას მოუთმენლად ელოდა, რომელსაც მოკრივისთვის გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული უნდა მოეტანა.