ნიკა გვარამია:

ნიკა გვარამია: "მარეგულირებელი კომისიის სულელურ, უკანონო, რაც მთავარია, ანტიკონსტიტუციურ განმარტებებს, არ დავემორჩილებით"

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლებს მოუწოდებს რომ ტელეკომპანიებმა მათი დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის სანდოობა უნდა გადაამოწმონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მედიასაშუალებებს საჯარიმო სანქციებით ემუქრება.
ბექაურის უწყების მოწოდებას კომპანია რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ “ანტიკოსნტიტუციური“ უწოიდა.

„კომისიის ამგვარ სულელურ, უკანონო, რაც მთავარია, ანტიკონსტიტუციურ განმარტებებს, რომელიც არღვევს პირადი ინფორმაციის შესახებ მარეგულირებელ ყველა ნორმას, ჩვენ არ დავემორჩილებით.

ძალიან დიდი ხანია, მარეგულირებელ კომისიას ამ თემაზე ვებრძვით. მან საბოლოო ჯამში, სამართლებრივად ეს ვერ დაასაბუთა და გადაწყვეტილება ვერ მიიღო ამ მიმართულებით. ამიტომ, რაც არ უნდა ილაპარაკოს დღეს მარეგულირებელმა კომისიამ ამ თვალსაზრისით, ჩვენ დავიცავთ კანონს და საქართველოს კონსტიტუციას და არა თვითგამოცხადებული ბრძენის, სინამდვილეში კი კორუმპირებული, არაფრისმცოდნე ბექაურის ხელში მყოფი კომისიის თვითშემოქმედებით მიღებულ სისულელეებს. ჩვენ დავიცავთ კანონს და, თუ ჩავატარებთ კვლევას, ეს კვლევა იქნება კანონთან შესაბამისი და არცერთ კანონის ნორმას არ დავარღვევთ,“ - განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით ყველა ნორმა კანონშია გაწერილი და ამას დამატებითი კონტროლი არ სჭირდება.

„არავითარი მესამე და მეოთხე დონის კონტროლი, არც მეორე დონის ამას არ სჭირდება. კვლევაზე ყველა ნორმა კანონში მოცემულია და საჭირო რომ იყოს, ესეც ეწერებოდა. ამიტომ, კომისიის ამგვარ სულელურ, უკანონო, რაც მთავარია, ანტიკონსტიტუციურ განმარტებებს, რომელიც არღვევს პირადი ინფორმაციის შესახებ მარეგულირებელ ყველა ნორმას, ჩვენ არ დავემორჩილებით, არ დავექვემდებარებით. კომისიამ წეროს და იკითხოს საკუთარი თავისთვის და სამთავრობო არხებისთვის,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მხრიდან დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის ახალი მექანიზმების ამოქმედებას "თვითცენზურის საფრთხის შემცველს" უწოდებს არასამთავრობო სექტორი.