რა მოხდა?
31 აგვისტოს, აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის პოლ მანაფორტის პარტნიორ სემ პატენს. აშშ-ის ფედერალური პროკურატურა ამერიკელ ლობისტს „უცხოელ აგენტად“ დარეგისტრირების გარეშე უკრაინულ პარტიაზე მუშაობის გამო ედავება.
გამოძიება ამტკიცებს, რომ 2014-2018 წლებში პატენი უკრაინის „რეგიონების პარტიის“ (ვიქტორ იანუკოვიჩის პარტია) და პრორუსული ოპოზიციური ბლოკის ინტერესებს ლობირებდა; რომ მან უკრაინელი ოლიგარქისგან მიღებული 50 000 დოლარი დონალდ ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტში უკანონოდ გადარიცხა და სანაცვლოდ ტრამპის ფიცის დადების ცერემონიაზე დასასწრები ბილეთები მიიღო. The Hill-ის ინფორმაციით, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა. პატენი არ დაუპატიმრებიათ, თუმცა მან პასპორტი ჩააბარა და ვაშინგტონის ტერიტორიას სასამართლოს თანახმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას სასჯელის სახით 5-წლიანი პატიმრობა და 250 ათასი დოლარის ჯარიმა ემუქრება.
ვინ არის სემ პატენი?
CNN-ი ამერიკელი პოლიტიკური კონსულტანტის საქმიანი ბიოგრაფიით დაინტერესდა და წერს:
- პატენის რეზიუმეს თანახმად, მას კავშირები აქვს ადამიანებთან, რომლებიც აშშ-ის სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის გამოძიებაში ფიგურირებენ (ამერიკულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმე). ის დაკავშირებულია ასევე სადავო კომპანიასთან Cambridge Analytica.
- პატენის პერსონალური ვებგვერდი მას აღწერს, როგორც „სტრატეგიულ მრჩეველს“, რომელიც 4 კონტინენტზე მუშაობდა და ბოლო 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახით საქმიანობდა პოლიტიკურ კამპანიებსა და ორგანიზაციებში, მათ შორის როგორც ევრაზიის მიმართულების დირექტორი Freedom House-ის ვაშინგტონის ოფისში, ასევე პოლიტიკურ კონსულტანტად უკრაინაში, საქართველოში, ერაყში, ნიგერიასა და სხვა ქვეყნებში.
- 2000-იანი წლების დასაწყისში პატენი მუშაობდა მოსკოვში კიდევ ერთ პროდემოკრტიულ ორგანიზაცია „საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში“ (IRI) კონსტანტინ კილიმნიკთან ერთად, რომელიც რობერტ მიულერის ოფისმა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლასა და შეთქმულებაში დაადანაშაულა. 2015 წელს პატენი კილიმნიკთან ერთად კომპანია Begemot Ventures International-ის ხელმძღვანელი იყო, რომელიც კლიენტებს არჩევნებში გამარჯვებასა და პოლიტიკური პარტიების გაძლიერებაში, ასევე შედეგების გაუმჯობესებაში ეხმარებოდა. ამერიკელი პროკურორების მტკიცებით კილიმნიკს კავშირები აქვს რუსეთის დაზვერვასთან, ასევე ის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსის პოლ მანაფორტის ახლო ბიზნესპარტნიორია.
- პატენი სხვადასხვა მომსახურებას უწევდა კომპანია Cambridge Analytica-ს, რომელიც Facebook-თან დაკავშირებულ მასშტაბურ სკანდალში გაეხვია, ასევე ამ კომპანიის დამფუძნებელ ფირმა SCL Group-ს - როგორც „ნდობით აღჭურვილი მთავარი კონულტანტი“. Cambridge Analytica-სთან კავშირი პატენმა The Daily Beast-თან თავად დაადასტურა: აღნიშნა რომ 2014 წელს ამ ფირმის ამერიკულ პროექტებზე კონსულტანტად მუშაობდა, თუმცა დეტალების შესახებ არ ილაპარაკა და მიზეზად გაუთქმელობის ვალდებულება დაასახელა. თავის მხრივ, Cambridge Analytica 2016 წელს დაქირავებული ჰყავდა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას.
- პატენის პერსონალური ვებგვერდის არქივში აღნიშნულია, რომ ის მუშაობდა ასევე უკრაინელი პოლიტიკოსის ვიტალი კლიჩკოს კიევის მერად ხელახლა არჩევის კამპანიაზე.
- სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, პატენს შეხება ჰქონდა რუს-ამერიკელ ლობისტ რინატ ახმეტშინთან, რომელიც ვაშინგტონში კრემლის ინტერესებს ლობირებდა და 2016 წლის ივნისში „ტრამპ თაუერში“ ტრამპის კომპანიის მაღალჩინოსნებთან შეხვედრას ესწრებოდა.
- პატენის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ის მუშაობდა ასევე რუს ოპოზიციონერ ლიდერზე და პუტინის მოწინააღმდეგე ბორის ნემცოვზე, რომელიც 2015 წელს მოკლეს.
- პატენი ღიად აკრიტიკებდა რუსეთში ადამიანის უფლებების სფეროში შექმნილ ვითარებას. 2010 წელს, როგორც Freedom House-ის წარმომადგენელმა, პატენმა კონგრესის წინაშე გამოსვლისას რუსი ჩინოსნების ქმედებები დაგმო და აშშ-ს მოუწოდა ამ ქვეყნის მთავრობის ზეწოლისკენ, რომ მან რეფორმები გაატაროს. პატენმა რუსი მაღალჩინოსნები კრიმინალურ ქმედებებში დაადანაშაულა.
რა აკავშირებს სემ პატენს საქართველოსთან?
ამერიკელი პიარკონსულტანტის საქართველოსთან კავშირი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით იწყება. სემ პატენი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიას მართავდა. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კი პატენი აშშ-ის მაშინდელ ელჩს საქართველოში ჯონ ტეფტს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანიის წარმომადგენლის სახელითაც შეხვდა.
მოგვიანებით ამერიკელი ლობისტი თანამშრომლობას ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებთან“ იწყებს (2011-2012). მას შემდეგ რაც „თავისუფალი დემოკრატები“ „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდნენ სემ პატენი კოალიციაში ირაკლი ალასანიამ მიიყვანა. დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ პატენთან კოალიციის თანამშრომლობა დაახლოებით სამ თვეს გაგრძელდა, თუმცა შეწყდა იმიტომ, რომ მისი მუშაობით უკმაყოფილოები დარჩნენ.
საინტერესოა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ თავის სიმპათიას სემ პატენი „ოცნებასთან“ თანამშრომლობის დროსაც არ მალავდა. 2012 წლის მაისში ის ჟურნალ Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ თავის პირად განცდებს აღწერს:
„რამდენიმე თვის წინ მე უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოში მოგზაურობისას გიდობას ვუწევდი და სადილის დროს ადგილობრივ პოლიტიკაზე ჩემს შეულამაზებელ მოსაზრებებს ვუზიარებდი. შევნიშნე, რომ ერთი რეპორტიორი გაგებით და ღიმილით შემომყურებდა. მე გაოცებული მზერით ვუპასუხე. „თქვენ ძველებურად ხართ შეყვარებული მიშაზე, არა?“ - გამოთქვა ვარაუდი მან. კითხვა ძალიან არ მესიამოვნა, მით უფრო იმიტომ, რომ იმ დროს ოპოზიციას წარმოვადგენდი და სააკაშვილის ოპონენტთან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად ვემზადებოდი. თუმცა, მერე, საქართველოში ჩემი შემდგომი საქმიანობისას ეს განცდა აღარ მტოვებდა - იყო ამ ბრალდებაში სიმართლის მარცვალი“, - წერდა სემ პატენი.
„ქართულ ოცნებაში“ სემ პატენთან თანამშრომლობის გაწყვეტა სააკაშვილის ხელისუფლებასთან მისი განსაკუთრებული კავშირებით ახსნეს.
რატომ გალანძღა ის სააკაშვილმა?
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ამერიკულ CNN-ს ინტერვიუ 2 სექტემბერს, სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვის დღეს მისცა. მიხეილ სააკაშვილმა მაკკეინთან მეგობრობის შესახებ ილაპარა და სემ პატენიც გაიხსენა, რომელსაც ამ ინტერვიუმდე ორი დღით ადრე ბრალი წაუყენეს. მან პირდაპირ ეთერში წამყვანს თავისი ყოფილი ლობისტის გზავნილი წაუკითხა და თქვა, რომ პატენი მას აშანტაჟებს. რატომ? - ამის შესახებ სააკაშვილს არაფერი უთქვამს, ისევე როგორც არ უთქვამს, თუ რა ტიპის კავშირი ჰქონდა პატენთან თავად. მან ბევრი ილაპარაკა ლობისტისა და ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე.
სემ პატენმა სააკაშვილის ბრალდებებს უპასუხა?
ამერიკელი პიარკონსულტანტის კომენტარი „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გაავრცელა. სემ პატენმა განაცხადა, რომ მას გაცილებით დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე არის „მედიაზე გაგიჟებული, შერცხვენილი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობს ყურადღების მიქცევას“.