უგულავამ და სააკაშვილმა სვეტიცხოველში ტაშისდამკვრელები ავტობუსებით მიიყვანეს

უგულავამ და სააკაშვილმა სვეტიცხოველში ტაშისდამკვრელები ავტობუსებით მიიყვანეს

[ნინო მიქიაშვილი]

13 ივლისს, მცხეთაში, სვეტიცხოვლობაზე, მიხეილ სააკაშვილმა და გიგი უგულავამ ტაშისდამკვრელები თბილისიდან ორგანიზებულად ჩაიყვანეს. ამის შესახებ „ობიექტივს“ უთხრა „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ, მამუკა გიორგაძემ, რომელიც წირვის დროს სვეტიცხოველში იყო.

იმ ვნებათაღელვის ფონზე, რაც მოჰყვა 5 ივლისს, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რელიგიების სამართლებრივი სტატუსის შესახებ, ჩვენი აზრით, ძალიან უცნაური და თვალშისაცემი იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტი, სადაც ჩანდა, რომ სააკაშვილის გამოჩენაზე, სვეტიცხოვლის ეზოში მყოფმა ხალხმა ტაში დაუკრა.

მამუკა გიორგაძე: ამ დროს სვეტიცხოვლის ეზოში ვიდექი. სააკაშვილი და მისი თანხმლები პირები, რომ მოვიდნენ, წირვა უკვე დაწყებული იყო. დილას, წირვის დაწყებისას  ხალხმრავლობა შევნიშნეთ და თან, აშკარად ეტყობოდათ, რომ ეს ადამიანები რელიგიურ გრძნობებს არ გამოხატავდნენ, არც ქცევით და არც ჩაცმულობით. ჩემი მეგობარი მახლდა, რომელმაც ამ კრებულში თავისი მეზობელი იეღოველიც კი შენიშნა და როდესაც მას ჰკითხა  - „როგორ აღმოჩნდი სვეტიცხოვლის ეზოშიო?“, პასუხად მიიღო - „სამსახურებიდან ორგანიზებულად მოგვიყვანესო“.

ჩვენთვის ნათელი იყო, რომ ხელისუფლებას მორიგი პიარაქციის განხორციელება ჰქონდა დაგეგმილი. ეს იყო ძალიან სასაცილო, მით უმეტეს, როდესაც სააკაშვილს ცალკე ჯგუფი უჭერდა მხარს და უგულავას კიდევ ცალკე ჯგუფი ჰყავდა ჩამოყვანილი.

ამას რის საფუძველზე ამბობთ?

- როგორც კი სააკაშვილი სვეტიცხოვლის ეზოდან გავიდა, ამ მიყვანილმა ხალხმა, როგორც კი ე.წ. „ატბოი“ მიიღო, კოლონა სვეტიცხოვლის ეზოდან გავიდა, ხოლო როდესაც უგულავა გამოვიდა, მას მეორე კოლონა წაჰყვა - ორგანიზებულად მიიყვანეს ხალხი და ასევე ორგანიზებულად წამოიყვანეს უკან.

და ყვითელი ავტობუსები თუ დაინახეთ, იქვე, ახლოს?

- სანამ ტაძრის ეზოში არ შევედი, მანამდე ამ თემაზე არ მიფიქრია. ამიტომ, ავტობუსების ძებნა ნამდვილად არ დამიწყია, მაგრამ მანამდე ერთი-ორი ავტობუსი დავინახე. ეს ადამიანები ორგანიზებულად, რომ იყვნენ მოყვანილები, ეს ყველამ დაინახა - თითოეულ 15-20 კაცს თავისი ხელმძღვანელი ჰყავდა დაყენებული. მასის მართვა და მასის ორგანიზება ნამდვილად არ გამომეპარება. მით უმეტეს, უგულავა, სააკაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, რომ გამოვიდნენ, ტაძარში ავტომატურად ისე სწრაფად გათავისუფლდა ადგილი, რომ იოლად შევძელი არა თუ ტაძარში შესვლა, არამედ, საკურთხევლამდე მისვლა.

სვეტიცხოვლიდან ეს მაჯლაჯუნები, რომ წავიდნენ, იქ დარჩა მხოლოდ და მხოლოდ მორწმუნე საზოგადოება და ტაძარში სულ სხვა აურამ დაისადგურა, რადგან იქ რეალური მრევლი დარჩა, რომელიც სალოცავად იყო მისული და არა რაღაც პოლიტიკურ აქციაზე.

უგულავას უფრო ბევრი ხალხი გაჰყვა თუ სააკაშვილს?

- სააკაშვილს უფრო მეტი გაჰყვა, მაგრამ უგულავას მხარეს მეტი ორგანიზებულობა იგრძნობოდა, რადგან უგულავამ იცის ეკლესიური ცხოვრების შიდა სტრუქტურები და მისი მხარდამჭერები შედარებით ორგანიზებულად და არაგამაღიზიანებლად იქცეოდნენ.

დაახლოებით რამდენ-რამდენი ადამიანი ახლდათ?

- ამას ვერ გეტყვით, ამ შემთხვევაში რაოდენობას მნიშვნელობა ნამდვილად არა აქვს, რადგან თვითონ ფაქტია საგანგაშო და დასაგმობი.

რამდენად მართალია ის, რომ სააკაშვილი-უგულავას და მათი თანხმლები პირების გამოჩენამ ხმამაღალი უარყოფითი შეძახილებიც გამოიწვია?

- ერთმა-ორმა ადამიანმა თავი ვერ შეიკავა - მათ ადამიანური ემოცია და ღია აღშფოთება გამოხატეს. საერთო კონტექსტი იყო ასეთი - „მაჯლაჯუნებს ამ წმინდა ადგილას რა უნდათ? აქ მაინც დაგვანებონ თავი და აქ მაინც ნუ შეეცდებიან თავიანთი ბინძური ზრახვების რეალიზებას“.