Hilton-ის ქსელში პირველად გამოჩნდა თანამედროვე სასტუმროს ყველა ატრიბუტიკა: კონდიციონერი, ინტერნეტით დაჯავშნა, ავტომატური საკეტები... პირველად სწორედ ჰილტონმა აღნიშნა თავისი სასტუმროების ხარისხი ვარსკვლავებით და მის პირმშოში შეერწყა ერთმანეთს სასტუმრო და კაზინო. ამიტომაც არის, რომ Hilton Hotels Company თავისი სფეროს უდავო ლიდერია და მისი კაპიტალიზაცია 9,23 მილიარდ დოლარს აღწევს.
გაკოტრებული ლეიტენანტი
კონრად ნიკოლსონ ჰილტონი დაიბადა 1887 წლის 25 დეკემბერს ნიუ მექსიკოს შტატის ქალაქ სან ანტონიოში, ემიგრანტების, ნორვეგიელი მამისა და გერმანელი დედის ოჯახში. მამილო ავგუსტს მაღაზია ჰქონდა, რომლის შემოსავალი რვაშვილიან ოჯახს თავდაპირველად ჰყოფნიდა, მაგრამ აშშ-ს ეკონომიკის კრიზისმა ჰილტონებზეც მძიმე გავლენა მოახდინა და 1907 წელს ოთახების გაქირავება მშობლებს სწორედ 20 წლის კონრადმა ურჩია.
ადგილობრივი კოლეჯის დასრულების შემდეგ კონრადი ნიუ მექსიკოს სამხედრო ინსტიტუტში ჩაირიცხა, სადაც სამთო ინჟინერის კვალიფიკაცია მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ იგი შინ დაბრუნდა და ოჯახურ ბიზნესში ჩაება, ხოლო როცა მამამისი შტატის საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატად აირჩიეს, მისი თანაშემწე გახდა.
1917 წელს, როცა აშშ პირველ მსოფლიო ომში ჩაება, კონრადი უმალ მოხალისეთა რიგებში ჩაეწერა და ომის დასრულებამდე ევროპაში იბრძოდა, სადაც ლეიტენენტის ჩინი მიიღო. ამასობაში მამამისი ავგუსტი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა და სამშობლოში დაბრუნებულმა ნაომარმა კონრადმა დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო.
თავდაპირველად ჰილტონმა ბანკი გახსნა, მაგრამ საქმე ცუდად წაუვიდა და ერთი წლის შემდეგ გაკოტრდა. შემორჩენილი 5 ათასი დოლარით კონრადი ტეხასის შტატის პატარა ქალაქ სისკოში გადაბარგდა, სადაც უიღბლო ბანკირმა პატარა სასტუმრო „მოლბი“ შეიძინა, რისთვისაც კიდევ 15 ათასი ისესხა.
მის კლიენტურას ძირითადად მახლობლად მდებარე ნავთობის საბადოების მუშები შეადგენდნენ, რომლებიც ღამის გასათევს მხოლოდ 8 საათით, 1-დან 2,5 დოლარად ქირაობდნენ. მოკლედ, „მოლბის“ სასტუმრო ნაკლებად ეთქმოდა, მაგრამ ჰილტონმა მაინც ფხა გამოიჩინა, საძინებელი ადგილების რაოდენობა გაზარდა, ხოლო ვესტიბიულში ჟურნალ-გაზეთებითა და ათასგვარი წვრილმანით სავაჭრო ფარდულები მოაწყო.
ასე რომ, კონრადმა საქმე ააწყო, ვალი გაისტრუმა და ერთი წლის შემდეგ ფორტ-ვორტში კიდევ ერთი პატარა სასტუმრო შეიძინა. 1924 წლისათვის იგი უკვე ოთხი სასტუმროს მფლობელი იყო და საკმარისი ფული გააჩნდა, რომ კიდევ ერთის „ნულიდან“ აშენებაზე ეფიქრა.
პირველი „ჰილტონი“ და სრული კრახი
კონრადმა პროვინციიდან თავის დაღწევა და თავისი სახელობის პირველი სასტუმროს ტეხასის დედაქალაქ დალასში აშენება გადაწყვიტა. 325 ნომრიანი Dallas Hilton-ის საზეიმო გახსნა 1925 წლის 2 აგვისტოს გაიმართა. იგი „მოლბიზე“ მხოლოდ ოდნავ ძვირი იყო და ღამის გათევა 1,5-3 დოლარი ღირდა. ამის შემდეგ ჰილტონი ტეხასში წელიწადში ერთ სასტუმროს მაინც ხსნიდა.
წარმატებულმა ბიზნესმენმა თავისთვის მშვენიერი სახლიც აიშენა, ცოლი შეირთო და სამი შვილიც შეეძინა, მაგრამ ბედნიერება 1929 წლის საბირჟო კრახამდე გაგრძელდა, როცა ამერიკის სასტუმროების 80 პროცენტი გაკოტრდა. კონრადი ბოლომდე იბრძოდა, რვიდან სამი სასტუმრო დახურა, თავის სამფლობელოში უმკაცრესი ეკონომია შემოიღო, მაგრამ არაფერი შველოდა.
1930 წელს ჰილტონმა თავისი სასტუმროების აქტივის გარანტიით ცნობილი მუდების ოჯახის კონგლომერატისაგან 300 ათასი დოლარის ოდენობის კრედიტი აიღო. მაგრამ კრიზისი გაგრძელდა და 1931 წლის დეკემბერში კონრადი თავის კომპანია Hilton Hotels-ზე უფლებას გამოეთხოვა. ეს სრული კრახი იყო.
მეორედ დაბადება
აღსანიშავია, რომ ეგზომ მძიმე მდგომარეობიდან ჰილტონი იმავე დიდმა დეპრესიამ იხსნა, რომელმაც გააკოტრა. იმ პერიოდში სასტუმროები შემოსავლიან ბიზნესს არ მიეკუთვნებოდა და მუდების ოჯახს წარმოდგენა არ ჰქონდა რვა წამგებიანი სასტუმროსათვის რა მოეხერხებინა. ამიტომაც, ახალმა მფლობელებმა Hilton Hotels-ის თანჟათანობით გამოსყიდვა თავად კონრადს შესთავაზეს. 1934 წლისათვის ჰილტონმა უკან სამი სასტუმრო დაიბრუნა და ბიზნესის განსავითარებლად კვლავ კრედიტი აიღო. თანაც ცოლს გაშორდა, ალბათ დამოუკიდებლობა რომ სრული ყოფილიყო იმიტომ.
აქედან მოყოლებული, გამოცდილებით აღვსილი ჰილტონი თავისი მსოფლიო იმპერიის, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა, შენებას შეუდგა. შთანთქმის ტაქტიკა არ შეცვლილა, უბრალოდ, ჰილტონი აქცენტს უფრო მსხვილ სასტუმროებზე აკეთებდა. თხუთმეტი წლის განმავლობაში იგი გამუდმებით ყიდულობდა და აშენებდა სასტუმროებს.
მთავარი ცვლილებები თავად სასტუმროებში ხორციელდებოდა. კერძოდ, ჰილტონმა თავის კომპანიაში მომსახურების სტანდარტიზაცია დაამკვიდრა, სარეკლამო კამპანია განახორციელა და სასტუმროების კლასი ვარსკვლავებით ისტორიაში პირველმა შეაფასა. ჰილტონის კიდევ ერთი მიგნება კლიენტურის აზრის კვლევა და მათი შენიშვნების შეძლებისდაგვარად გათვალისწინება გახლდათ. კონრადის სასტუმროების ყველა ნომერი ტელეფონით და კონდიციონერით აღიჭურვა, რაც სასტუმროების ბიზნესში იქამდე არ მომხდარა.
უშრეტი ენერგიისათვის ჰილტონს „აღტაცებული საქმოსანი“ შეარქვეს. როგორც წესი, იგი თავად აკვირდებოდა შესასყიდ სასტუმროს, უთვალთვალებდა, რამდენი კლიენტი ჰყავდა მას და რამდენი გამოდიოდა გაღიმებული.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომპანიის ბრუნვა იმდენად გაიზარდა, რომ 1949 წელს ჰილტონმა თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა და ნიუ იორკის ყველაზე ფეშენებელური სასტუმრო Waldorf-Astoria შეიძინა. ამავე წელს გახსნა პირველი სასტუმრო აშშ-ს ფარგლებს გარეთ. ეს გახლდათ 300 ოთახიანი Caribe Hilton პუერტო რიკოში. 1954 წელს კი კონრადმა თავისი მთავარი კონკურენტი, სასტუმროების ქსელი Statler Hotels 111 მილიონ დოლარად შეიძინა. იმ დროისათვის ეს გარიგება აშშ-ს უძრავი ქონებით ვაჭრობის ისტორიაში უმსხვილესი გახლდათ.
60-იანი წლების დასაწყისში Hilton მსოფლიოში ყველაზე განვითარებული სასტუმროების ქსელი გახდა და შეუფერხებლად ვითარდებოდა. 60-იანი წლების ბოლოს კონრადს ამერიკაში 40 და მის ფარგლებს გარეთ თითქმის ამდენივე სასტუმრო ჰქონდა. Hilton უკვე ლონდონის, რომის და ევროპის სხვა დიდი ქალაქების შემადგენელი ნაწილი გახდა.
თავად ჰილტონი საქმეს 1966 წელს, 78 წლის ასაკში ჩამოშორდა და კომპანია შვილს, ბარონს გადააბარა. პენსიონერი მულტიმილიონერი მაინც ვერ ისვენებდა, ლექციებს კითხულობდა, ავტობიოგრაფია დაწერა, ხოლო, 1976 წელს, გარდაცვალებამდე 3 წლით ადრე 88 წლის მოხუცი მესამედ დაქორწინდა. აღსანიშნავია, რომ მან მთელი თავისი ქონება საქველმობმედო ფონდ Hilton Foundation-ს უანდერძა. ბარონს შემდეგი ცხრა წელი დასჭირდა, რომ მამის უკანასკნელი სურვილი გაესაჩივრებინა და ჰილტონის იმპერია კვლავ ოჯახისათვის შეენარჩუნებინა.
Hilton ჰილტონის შემდეგ
ბარონ ჰილტონი მამა-დამაარსებლის იდეათა მიმდევარი გახლდათ და ბიზნესის გაფართოვება და სრულყოფა გააგრძელა. ამ პერიოდში განხორციელდა სასტუმროების და კაზინოების შერწყმის თამამი იდეა, რომელიც კონრად ჰილტონს თავში ბევრად ადრე მოუვიდა. ამ მიმართულებით განვითარება 1987 წელს სათამაშო ბიზნესის ბრიტანულ გიგანტთან Ladbroke Group-თან შერწყმით დაგვირგვინდა.
1973 წელს მსოფლიოს სასტუმროების ბიზნესში პირველმა Hilton Hotels-მა შემოიღო საკუთარი საინფორმაციო სისტემა. ამას მოჰყვა ყველა ნომრის პროგრამირებადი მაღვიძარათი და ავტომატური საკეტებით აღჭურვა.
შემდეგი ნაბიჯი ბიზნესის ამ სექტრორში პირველად ფრენჩეიზინგით მომსახურების სისტემის დანერგვა გახლდათ. ამ მიზნით შეიქმნა შვილობილი კომპანია Hilton Inns. Co. აღსანიშნავია, რომ ეს სისტემა მისმა კონკურენტებმა მიიღეს და დღეისათვის Hilton Hotels ფრენჩეიზინგის მოლაპარაკებით 2000-მდე სასტუმროსთან მუშაობს.
კიდევ ერთი სიახლე მუდმივი კლიენტებისათვის ფასდაკლების პროგრამის დანერგვა გახლდათ. შემდეგ კი სასტუმროების ბიზნესში რევოლუცია საერთო ნაციონალური საკლუბო საკურორტო დასვენების სისტემამ მოახდინა.
1985 წლიდან Hilton Hotels Company-მ დანერგა ინტერნეტით ნომრების დაჯავშნის სერვისი. კიდევ ცოტა ხანში კი კომპანია American Express-ის დახმარებით შექმნა საკუთარი საკრედიტო ბარათების სისტემა Hilton Optima.
ყოველივე ზემოთთქმულის გამო Hilton Hotels Company-იმ განვითარება გიგანტური ნაბიჯებით გააგრძელა და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი დღეს მსოფლიოს სასტუმროების ბიზნესის ლიდერი და ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანიაა.