ირმა ინაშვილს პოლიცია დაუნდობლად ურტყამდა

ირმა ინაშვილს პოლიცია დაუნდობლად ურტყამდა

15 ივნისს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან ოპოზიციური ახალგაზრდული მოძრაობების აქციაზე სახელწოდებით „დაგვიჭირეთ“ ზონდერხელისუფლებამ მანიფესტანტების მოთხოვნა პირდაპირი მნიშვნელობით შეასრულა - 39 მომიტინგე დაიჭირა, მათთან ერთად კი ორ ამდენს სულ ცხვირპირი დაუნაყა.

პოლიციელებმა არც ჟურნალისტები დაინდეს. უფრო მეტიც, როგორც კი მათთვის ნაცნობ ოპოზიციონერ ჟურნალისტს თვალს მოჰკრავდნენ, ნამდვილ ნადირობას იწყებდნენ.

ჟურნალისტთა კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი აქციას ვიდეოკამერით იღებდა, რადგან იგი დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს. ამის მიუხედავად, პოლიცია დაუნდობლად გაუსწორდა და აპარატურაც დაუმტვრია.

გუშინ იგი „საქართველო და მსოფლიოს“ რედაქციაში მოვიწვიეთ და 15 ივნისის დარბევის თაობაზე ვესაუბრეთ:

- ჩემს ცხოვრებაში სულ რამდენიმე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი თარიღია. არასოდეს დამავიწყდება 1993 წლის 16 მარტის სოხუმის დაბომბვა. მაშინაც ჟურნალისტურ მოვალეობას ვასრულებდი. 27 სექტემბერს კი ჩემთვის უდიდესი ტრაგედია მოხდა - სოხუმი დაეცა. მაგრამ მაშინ, იმ ომშიც კი, დაუწერელ კანონებს ორივე მხარე იცავდა - ჟურნალისტი ხელშეუხებელი იყო. სწორედ ის დღეები გამახსენდა 15 ივნისს, როცა მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ იერიშზე წამოვიდა ძალა, რომელსაც პირდაპირ შეიძლება მტერი უწოდო. ისინი განსაკუთრებული სისასტიკით მოქმედებდნენ.

მათთვის სულ ერთი იყო ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა კაცი და მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც იქვე, მაღაზიაში ნაყინს ყიდულობდნენ, მიკროფონიანი ჟურნალისტები და ხელჯოხიანი მოხუცები, რომლებიც იმ დროს ქუჩაში აღმოჩნდნენ. ჩვენ დაგვიპირისპირდა რაღაც მონსტრი, რომელსაც მხოლოდ ცხოველური ინსტინქტები ამოძრავებდა.

მას შემდეგრაც ხელისუფლებამ არა ერთხელ განაცხადარომ ძალას არ გამოიყენებდა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგგასაკვირი იყო ასეთი დაუნდობელი ანგარიშსწორებამით უმეტესჟურნალისტების მიმართ...

- მეტსაც გეტყვით. გასაკვირი კი არა, სრულიად არაადეკვატური იყო მათი მოქმედება. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს და იქ მყოფ ჟურნალისტებს დარბევის მოლოდინი რომ გვქონოდა, ჩვენც მომზადებული დავხვდებოდით - ტექნიკას და გადაღებულ მასალას მაინც გადავარჩენდით.

აბსოლუტურად მოულოდნელი იყო მათი თავდასხმა. არც ქუჩა იყო გადაკეტილი და არც მოთხოვნები და პროტესტის ფორმები იყო კანონსაწინააღმდეგო. ისე დაუნდობლად გვირტყამდნენ, თითქოს პოლიციის შენობის ასაღებად მივედით. ისინი განსაკუთრებით ჟურნალისტებს და ოპერატორებს დაგვდევდნენ. ამტვრევდნენ ფოტო და ვიდეოკამერებს, ანადგურებდნენ კასეტებს. ჩემი დანახვისას 20-25 წლის უნიღბო სპეცრაზმელმა, რომელსაც აუცილებლად ვიცნობ, თუკი სადმე შემხვდება, დაიძახა: ეს ირმა ინაშვილია, ჟურნალისტიო და კამერის წართმევას შეეცადა. წინააღმდეგობა რომ გავუწიე, ყელში მწვდა და „დუბინკით“ მირტყამდა. კამერა რომ ვერ გამაგდებინა, მარჯვენა ხელში კასტეტი ჩამარტყა. მყესი გამიწყდა და კამერა გამივარდა. ხელი სტაცა და დალეწა. ძირს დავეცი, სპეცრაზმელმა დაიძახა, მოსაკლავიაო და სხვებსაც მოუხმო. ერთ-ერთ სპეცრაზმელს შევეცოდე და გადამარჩინა.

როგორც ჩანსიმათშიც ურევია ადამიანები...

- ჩემი მაგალითიც ადასტურებს, რომ მათ შორისაც არიან ისეთები, რომლებსაც ადამიანური სახე არ დაუკარგავთ. ტყუილად ჰგონია სააკაშვილს და მერაბიშვილს, რომ დიდხანს შეინარჩუნებენ ხელისუფლებას. ამ სპეცრაზმელებს შორისაც არიან ადამიანები, რომლებიც კარგად აცნობიერებენ, რა დანაშაულისკენ უბიძგებს მათ ეს რეჟიმი.