აშშ-ის ფლოტი სირიაზე ყველაზე მასშტაბური დარტყმისთვის ემზადება, რუსული ნაღმოსნები კი ასადის დასაცავად მიემართებიან

აშშ-ის ფლოტი სირიაზე ყველაზე მასშტაბური დარტყმისთვის ემზადება, რუსული ნაღმოსნები კი ასადის დასაცავად მიემართებიან

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველ ჯონ ბოლტონსა და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშოვს შორის 23 აგვისტოს, ჟენევაში გამართული შეხვედრის მსვლელობისას, ბოლტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, სირიის სამთავრობო ძალებს უფრო ძლიერი დარტყმა მიაყენოს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ბლუმბერგი" ავრცელებს. სამხედრო საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ეს პრევენციული ღონისძიებაა, რათა წარსულის მწარე გამოცდილება არ განმეორდეს. ასადის რეჟიმს წარსულში არაერთხელ გამოუყენებია ქიმიური იარაღი.

ბოლტონის თქმით, ამერიკის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სირიის ჯარმა, შესაძლოა, ტერიტორიების განთავისუფლების პროცესში გამოიყენოს ქიმიური იარაღი, რასაც ამერიკის მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

"მთელ კვირასთან" საუბრისას ვახტანგ მაისაიამ აღნიშნა, რომ აშშ-ის განცხადება გამაფრთხილებელია, რათა ასადმა კარგად გაიაზროს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას.

"ამერიკელებმა უკვე გადაისროლეს საზღვაო ძალების რამდენიმე ხომალდი, რომლებიც ძირითადად დამრტყმელი, სარაკეტო და ბომბდამშენი საშუალებებითაა აღჭურვილი. რუსებმაც სასწრაფოდ გადაისროლეს ორი ნაღმოსანი ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით.

"როგორც ჩანს, კოალიცია, რომელშიც შედიან ბრიტანეთი, საფრანგეთი და ამერიკა, აპირებს, დაარტყას სირიაში გაბატონებული ბაშარ ასადის რეჟიმს, რომელიც ცდილობს, იდლიბის რაიონში ოპოზიციური ძალები, ზომიერი ისლამისტები, შეავიწროვოს და დაამარცხოს.

"ასადის რეჟიმს სურს, რომ ჩქარა, მოკლე ვადაში დაასრულოს ეს ოპერაცია, რადგანაც სირიის გენერალურმა შტაბმა დაახლოებით სამი დივიზიონი გადაისროლა იდლიბის მიმართულებით. შესაბამისად, შესაძლოა ვარაუდი, რომ ისინი მასობრივ შეტევას აპირებენ.

"როგორც ჩანს, ეს არის ერთგვარი პრევენციული ღონისძიება, რადგან მათ სარეზერვო მონაცემებით იციან, რომ ასადის რეჟიმი ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებს და, სავარაუდოდ, გამოიყენებს კიდეც, როგორც მანამდე არაერთხელ გაუკეთებია.

"ეს არის ასადის გაფრთხილება, რათა მან თავი შეიკავოს ქიმიური იარაღის გამოყენებისგან, რაც მოსკოვის დიპლომატიური არხის მეშვეობით ხდება. თუ ასადის რეჟიმი გაჯიუტდება და მაინც გადადგამს ამ ნაბიჯს, კოალიციის დარტყმა გარდაუვალი იქნება," - ამბობს მაისაია.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკმაოდ დიდი რაოდენობით სამხედრო ძალების მობილიზება მოახდინა, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ორი მხრიდან დაარტყან სირიას.

"ამერიკელებმა სპარსეთის ყურეში შეიყვანეს რამდენიმე სამხედრო გემი, გარდა ამისა, ხმელთაშუა ზღვისპირეთში მეექვსე ფლოტის დაახლოებით ათამდე ხომალდი უკვე მზად არის, რათა ორი მხრიდან დაარტყან სირიას.

"სავარაუდოდ, დაარტყამენ დედაქალაქ დამასკოსა და მის სამხრეთით მდებარე რაიონებს, სადაც არის სამთავრობო რეზიდენციები და სამხედრო ინფრასტრუქტურა," - აღნიშნა ექსპერტმა.

მაისაიას აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიაზე დარტყმა იქნება სირიის არაბულ რესპუბლიკაში რუსეთის ბოლო დროს გამყარებული პოზიციის შესუსტების მაჩვენებელი.

"სირიაზე დარტყმის შემთხვევაში რუსეთის პოზიცია ნამდვილად არ გამყარდება, რადგან ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ მის სტრატეგიულ მოკავშირეს დაარტყეს, რაც ფედერაციის  ინტერესებისთვის წამგებიანია.

"რუსეთმა გადაისროლა ორი ნაღმოსანი, რომლებიც შეიარაღებულია კალიბრის ტიპის ახალი ფრთოსანი საბრძოლო რაკეტებით და, როგორც ვიცი, კასპიის ფლოტი საბრძოლო მზადყოფნაშია. ისინი გამოიყენებენ რადიოელექტრონული ომის საშუალებებსაც,  რადიოლექტრონული ტალღების ჩამხშობ საშუალებებს, რაც რუსებს სამივე სახედრო ბაზაზე აქვთ განთავსებული.

"რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში ისევ რჩება ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის სურვილი. სხვათა შორის, ეს მხოლოდ ამერიკას არ სურს.

"რუსეთში ჩავიდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, რომელიც არწმუნებდა რუს კოლეგა სერგეი ლავროვსა და პრეზიდენტ პუტინს, რომ უნდა გამართულიყო სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკება თურქულ და რუსულ მხარეებს შორის.

"შეხვედრაში მონაწილეობდა ფიდან ხაკანიც. თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის მარჯვენა ხელი და თურქეთის საგარეო დაზვერვის უფროსი მონაწილეობდა პიდაპირ მოლაპარაკებაში პუტინთან, ლავროვთან და რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუსთან. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ასადი არის ჩამოსაგდები, ანუ თურქეთის ინტერესებში შედის, რომ ასადის რეჟიმი დაემხოს.

"ვფიქრობ, რომ შეტევის შემთხვევაში ეს იქნება ბრიტანულ-ამერიკული კოალიციის მიერ განხორციელებული. თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ამერიკელები და მათი სამხედრო ძალები არიან მობილიზებული.

"პრინციპში, ბრიტანელებს შეუძლიათ, ჩაერთონ თუნდაც კვიპროსზე დისლოცირებული თავიანთი სამხედრო-საჰაერო ძალების მეშვეობით. ასე რომ, ბრიტანელების ჩართვა ყოველ წუთს არის მოსალოდნელი, მაგრამ ახლა ძირითადად ამერიკული ძალებია მობილიზებული," - განაცხადა ექსპერტმა.