ფოტოგრაფების საქმეში ახალი ინტრიგები იხლართება

ფოტოგრაფების საქმეში ახალი ინტრიგები იხლართება

[ნანა მაისაშვილი]

საპროტესტო აქციები და უშედეგოდ დასრულებული შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. სკანდალური საქმის სკანდალური გაგრძელება, ფარული თუ ღია ომი ხელისუფლებასა და ჟურნალისტებს შორის. ვის ჩაძირავს ჯაშუშების საქმე და ვინ იქნება შემდეგი ვინც აღიარებით ჩვენებას დაწერს?

სააკაშვილის პირადმა ფოტოგრაფმა ჩვენება მისცა, აბდალაძემ შიმშილობა შეწყვიტა, როგორც უფლებათა დამცველი ეკა ბესელია აცხადებს, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გამო. საქმეში თავისი ინიციატივით ერთვება ადვოკატი ლალი აფციაური და უკვე გახმაურებული საქმის გამოძიების სკანდალურ დეტალებს ყვება. პატიმრებთან შეხვედრის მეორე დღეს კი ლალი აფციაურს უცნობი პირები აკითხავენ და საქმიდან ჩამოშორებას სთხოვენ.

რა ხდება რეალურად, რატომ არ დაკითხეს აბდალაძე და ქურციკიძე აქამდე? რატომ არ მიდის გამომძიებელი მათთან და რატომ არავინ ეკითხება მათ აღიარებენ თუ არა დანაშაულს, ან თუ არ აღიარებენ რა მოტივით, ვინ მიაკითხა ადვოკატს, ვისი დავალებით და რას აპირებს ლალი აფციაური?

ლალი აფციაური: შევხვდი გიორგი აბდალაძეს და ზურაბ ქურციკიძეს. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ გიორგი ადვოკატს ყავდა ამოყვანილი და ამდენად მასთან შეხვედრა არ გამჭირვებია, რაც შეეხება ქურციკიძეს, ადმინისტრაცია ეცადა ხელი შეეშალა. მოიმიზეზეს, რომ ქურციკიძესთან ვერ შემახვედრებდნენ იმის გამო, რომ საკნებში ხდებოდა პატიმრების გადაადგილება. ჩვენს შორის დაპირისპირებამ ძალიან სერიოზული სახე ვიდრე არ მიიღო, მანამ ზურა არ ამოიყვანეს. ორივე დაკავებული აცხადებს, რომ მათ არ ჩაუდენიათ ის მძიმე დანაშაული, რაც ბრალად ედებათ და არც ერთი არ აღიარებს დანაშაულს.

ვიდრე დეტალებზე ვისაუბრებთ მინდა გიორგი აბდალაძის თხოვნა გადმოგცეთ: იგი აცხადებს რომ არ მისცეთ ხელისუფლებას უკანონობის დაკანონების უფლება და არ მისცეთ იმის საშუალება, რომ სხვა თქვენმა კოლეგებმაც გაიზიაროს მათი ბედი.

გამოძიებამ დაკითხა დაკავებულები?

- ყველაზე აღმაშფოთებელი არის ის, რომ რაც ეს ბიჭები დააკავეს, იმის შემდეგ გამომძიებელი მათთან არ მისულა. მეტიც, დაკავებულები საქმის მასალებს არ იცნობენ. მე დღეს ჩავერთე საქმეში, ამიტომ ჯერ ვერაფერს გეტყვით.

ქვენ მხოლოდ აბდალაძეს იცავთ?

- ქურციკიძეს და აბდალაძეს - ორივეს.

ეს არის მათი ინიციატივა ეცვალონ ადვოკატი?

- არა. ეს იყო ჩემი ინიციატივა ჩავრთულიყავი საქმეში. საჭიროდ ვთვლი გავაკეთო ყველაფერი რაც შემიძლია, ჩავერთო ამ სისხლის სამართლის საქმეში, შევისწავლო მასალები და როგორც წესია თუ არის გრიფით „საიდუმლო“ შესაბამისად ვიმოქმედო, თუ არ არის საიდუმლო, ამ შემთხვევაშიც შესაბამისად ვიმოქმედო.

რას ამბობს კანონი, რა სახის დოკუმენტები, მტკიცებულებები შეიძლება იყოს გრიფით საიდუმლო?

- კანონით გრიფით „საიდუმლო“ არის სახელმწიფო, კომერციული და პირადი საიდუმლოება. თუ კანონის ამ მოთხოვნის შესაბამისი მასალები არ იქნება საქმეში დავაყენებ შუამდგომლობებს, რომ მოხდეს იმ მასალების განსაიდუმლოება, რომელიც არ შეიცავს კანონით ჩამონათვალ მოთხოვნას. თუ საქმეში წარმოდგენილი მასალები ამ ჩამონათვალში არ ჯდება, ამ შემთხვევაში მე დავაყენებ შუამდგომლობებს, რომელიც, რატომღაც დღემდე არ დაყენებულა და მოვითხოვ საქმის მასალებს მოეხსნას გრიფი „საიდუმლო“.

გამოძიება ორ კვირაზე მეტია დაიწყო და ეს აქამდე არ უნდა გაკეთებულიყო?

- მე არავის კომპეტენციასა და პროფესიონალიზმში არ შემექვს ეჭვი, უბრალოდ მე ერთ-ერთ ადვოკატს ვკითხე თუ იყო შესაბამისი შუამდგომლობები დაყენებული და მითხრეს არაო. ადვოკატმა მითხრა, რომ ყველა დოკუმენტი არის საიდუმლო და ეს ფიზიკურად შეუძლებელია. არ შეიძლება ყველა დოკუმენტი აკმაყოფილებდეს კანონის მოთხოვნას, ყოვლად შეუძლებელია ყველა დოკუმენტი საიდუმლო იყოს, აქედან გამომდინარე, როდესაც შევისწავლი საქმის მასალებს მექნება ბრძოლის სამართლებრივი გზა.

უცნაურად არ გეჩვენებათ გამომიებელ რომ არ ნახულობს ბრალდებულებს და თან ისეთი მძიმე ბრალდებით დაკავებულებს როგორიც ჯაშუშობაა? არც დაუკითხავთ და არც სხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაუტარებიათ, რა ხდება?

- ადამიანები არ იცნობენ საქმის მასალებს, ანუ არ იციან კონკრეტულად რაში ედებათ ბრალი და გამოძიება არ ინტერესდება - იქნებ დაკავებულები აღიარებენ ამ დანაშაულს, ან როგორ უარყოფენ. გამოძიების მწარმოებელი ორგანო კანონით ვალდებულია ბრალდებულს გააცნოს ყველა მასალა.

საიდუმლო ბრალდებაა.... როგორც ჩანს, კანონში ახალი ნორმა.

- ამათ ხელში ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ კანონით ასეა, საქმის მასალები უნდა გააცნო ბრალდებულს, მის ადვოკატებს და ხელი მოაწერინო, რომ ისინი მასალებს არ გაახმაურებენ.

ხელი მოაწერინეს.

- ყველაზე მთავარი აქ ისაა, რომ ძიების მწარმოებელი ორგანო არ ინტერესდება აღიარებენ თუ არა დაკავებულები აბდალაძე და ქურციკიძე დანაშაულს, ან თუ არ აღიარებენ როგორ უარყოფენ. ორივე დაკავებული დაკავებას უკავშირებს თავის პროფესიულ საქმიანობას და არ აღიარებს ბრალს. გამოძიების ქმედებებიდან ძალიან ბევრი დეტალი ბადებს ეჭვს. მე ვკითხულობ რატომ არ დაისაჯა ის ადამიანი, ვისაც ევალება საიდუმლო სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, ანუ, როგორ მოხდა მასალები ფოტორეპორტიორების ხელში რომელზედაც საუბრობენ? ფოტორეპორტიორი იღებს ყველაფერს, რაც მისი თვალის არიალში ხვდება, თუ აბდალაძეს, ან ქურციკიძეს ჰქონდა მცდელობა იმისა, რომ მათ რომელიმე თანამშრომლის მოქრთამვის გზით მიეღოთ საიდუმლო დოკუმენტაცია, მაშინ ამ ადამიანების დაკავება ფაქტზე უნდა მომხდარიყო. თუ ამ ადამიანებს ხელი მიუწვდებოდათ საიდუმლო დოკუმენტაციაზე, მაშინ ვსვამ ლოგიკურ კითხვას, რატომ არ დაისაჯნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ის თანამშრომლები, რომლებიც პასუხს აგებენ ამ საიდუმლო მასალებზე?

ერთ-ერთმა ადვოკატმა განაცხადა რომ საქმეში არის საიდუმლო მასალები, ცოტა უცნაური განაცხადია იმ ფონზე, როცა თურმე წესიერად არცაა გარკვეული რომელი დოკუმენტია საიდუმლო და რომელი არა...

- მეც წავიკითხე ეს ინფორმაცია საიტზე, შეიძლება საქმეში იყოს რაღაც საიდუმლო მასალები, მაგრამ მთავარი ის არის რამდენად კავშირშია ეს მასალები დაკავებულებთან. აქედან გამომდინარე, მსგავსი განცხადების გაკეთება არ მიმაჩნია სწორად, ეს არის მშრალი განცხადება – საქმეში არის საიდუმლოების შემცველი დოკუმენტაცია! არავინ იკითხა არის თუ არა ეს დოკუმენტები ბრალდებულებთან კავშირში. მე არ ვაკრიტიკებ კოლეგას, მაგრამ ჩემთვის მსგავსი განცხადება მიუღებელია.

ამბობენ, რომ ქურციკიძე აღენიშნებოდა ემის კვალი, ხომ არ ყოფილა ზეწოლის ფაქტი?

- როდესაც მე დავსვი ეს კითხვა ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით, მათ პასუხს აარიდეს თავი.  მე არ ჩავძიებივარ, ვინაიდან ჩვენი შეხვდერა იყო პირველი ამ თემაზე არ ყოფილა ჩვენს შორის ბოლომდე საუბარი.

რა მექანიზმი არსებობს საქართველოში იმისა რომ დაკავებულების რეალური დაცვა განხორციელდეს. არსებობს აღიარებითი ჩვენბა, მაგრამ არის თუ არა ის უტყუარი მტკიცებულება?

- ჩვენი დრაკონული კანონითაც კი არ ითვლება აღიარებითი ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად თუ ის არ დასტურდება სხვა უტყუარი მტკიცებულებით. თუ მარტო ამ აღიარებით ჩვენებაზეა ბრალდების მხარე დამოკიდებული, გამოდის ვერაფერი მტკიცებულება ვერ მოუპოვებია. აბსოლუტურად მესმის გედენიძის, მისი მეუღლე დაკავებული იყო და სხვა გზა არ ქონდა... ოჯახების დაშანტაჯება, მუქარა და ასე შემდეგ ხელისუფლების ჩვეულებრივი მახასიათებელი ნიშანია.

შეიძლება თუ არა ამ საქმით დაინტერესებულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოინახულონ პატიმრები?

- მხოლოდ წითელ ჯვარს შეუძლია პატიმრები ნახოს... ჯერჯერობით, წითელი ჯვარი არ შესულა საპატირმოში.

შეუძლიათ თუ არა ბრალდებულებს აიყვანონ უცხოელი ადვოკატი?

- კანონი კატეგორიულად კრძალავს ამას და ამით დაცვის უფლებას უსპობს დაკავებულს. კანონის ეს ნორმა აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ კონვენციას, მაგრამ ჩვენთან ასეა დაკანონებული. სხვა სექტორს რაც შეეხება მხოლოდ აქციის დონეზე აქვს მოქმედების უფლება. ამ აქციების მოთხოვნას რამდენად გაიზიარებს ვანო მერაბიშვილი ვერ გეტყვით, რომელმაც ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისევ თავის წისქვილზე დაასხა წყალი, ანუ საერთაშორისო საზოგადოებას ათქმევინა, რომ მერაბიშვილი სულაც არ არის წინააღმდეგი ჟურნალისტებს შეხვდეს, შედეგი კი იყო ნული. ეს შეხვედრა არ იყო საჭირო, მე რომ ჟურნალისტების ადგილას ვყოფილიყავი მერაბიშვილს არ შევხვდებოდი. მერაბიშვილმა თქვა, რომ არც ერთი ნაბიჯით არ დაიხევს უკან, მთელს მსოფლიოს გააგებინეს, რომ ჯაშუშები დააკავეს და როგორ გგონიათ უკან დაიხევს? თუ ჟურნალისტების ხათრით მოხსნიდა საქმეს გრიფით „საიდუმლოს“?

ზოგიერთი ამას პიარისთვის რომ იყენებს ერთ-ერთი კომენტარშიც იგრძნობა და თან აშკარად. საია-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ კატეგორიულად მოთხოვეს მერაბიშვილს გირაოთი გაეთავისუფლებინათ დაკავებულები და ვანოსაც კატეგორიული უარი უთქვამს ამაზე. ადეიშვილის და კუბლაშვილის კანტორები გააუქმეს თუ რაშია საქმე? როდის აქეთ წყვეტდა ამ საკითხს შსს?

- ვინ კითხავს ვანოს გირაოს? ესაა პროკურატურის პრეროგატივა, გირაოს საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლოში. ანუ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით შედის პროკურატურა სასამართლოში, რა შუაშია აქ მერაბიშვილი? ახლა თუ ვინმე იტყვის, რომ ვანო წყვეტს ყველაფერს, ეს ისედაც ვიცით, მაგრამ მოთხოვნას იურისტები როგორ და სად აყენებენ ესეც ვიცით. თუ ვინმეს უნდოდა ამ თემაზე ბრძოლა დაეწყო, მაშინ საკითხი სხვაგან და სხვა ფორმით უნდა დაესვათ, ეს რაც იყო არაა იურიდიული ფორმა.

ეს ინტერვიუ პრესაგე.ტვ-მ გუშინ გვიან ღამით ჩაიწერა, მეორე დღეს ლალი აფციაური დაგვიკავშირდა და დამატებით, ახალი ინფორმაცია მოგვაწოდა:

- ამ დილით, იქნებოდა ათის ნახევარი დამირეკა ვიღაც კაცმა და მითხრა, რომ იგი არის ქურციკიძის ნათესავი და ითხოვდა ჩემთან შეხვედრას. ორი კაცი მოვიდა ჩემთან ოფისში, ერთი ბიძაშვილად გამეცნო, მათ მკითხეს ვიყავი თუ არა პატიმრების სანახავად. ვუპასუხე – რა თქმა უნდა ვიყავი, – რა იყო ამაში დასამალი? მე იქ მივედი ყოველგვარი თხოვნის გარეშე, ჩავთვალე საჭიროდ დაკავებულების გვერდით დგომა, ყოველგვარი დაინტერესების და ანაზღაურების გარეშე. ეს რომ ვუთხარი მათ მიპასუხეს, ვიცით მაგრამ ჩვენ ადვოკატების ახალი ჯგუფი დავაკომპლექტეთო. მე ვკითხე - ვინ გამოგაგზავნათ და ვისი ინიციატივით მოხვედით-თქო? მე ზუსტად ვიცი, ვინც ცდილობს, რომ არ ჩავიხედო ამ საქმეში, ეს არის ვანო მერაბიშვილი.

ანუ, თქვენ ვარაუდობთ რომ მერაბიშვილმა გამოაგზავნა თქვენთან ქურციკიძის ადვოკატები?

- ადამიანს, რომელსაც თავისი სიმართლის დამტკიცება უნდა, ვფიქრობ, უნდა უხაროდეს საქმეში თუ ჩავერთვები, სხებისგან განსხვავებით, მე ვიტყვი იმას, რაც სათქმელია და არც არაფერს დავმალავ. მე მათ ვუთხარი, – არ არის პრობლემა, მივალ ციხეში, შევათანხმებ ამ წინადადებას ზურასთან–მეთქი.

ქურციკიძე ხომ იყო თანახმა თავიდანვე?

- რა თქმა უნდა, ის თანახმა იყო. მე „სტუმრებს“ ვუთხარი რომ მათ „ვიზიტს“ აუცილებლად გავახმაურებდი, იმიტომ, რომ ერთადერთი, ვისაც ჩემი საქმეში დაშვება არ უნდა ეს არის ვანო მერაბიშვილი. გუშინ გაირკვა, რომ საქმეში ვერთვებოდი და უცებ რა მოხდა ასეთი სასწრაფო? ეს ეჭვს არ ბადებს? გუშინვე იყო ცნობილი ვანოსთვის, რომ მე დღეს უკვე საქმის მასალების გაცნობას მოვითხოვდი. დილით უთენია ამ ხალხის მოსვლა სწორედ ამან განაპირობა, ანუ სამუშაო საათები ვიდრე დაიწყებოდა და მე ვიდრე მივმართავდი გამოძიების მწარმოებელ ორგანოს. როგორც გავიგე საქმესთან დაკავშირებით ქურციკიძის ადვოკატმაც აღარ გააკეთა კომენტარები.  ვინც მე მიცნობს კარგად იცის გამორიცხულია საქმეში დარღვევები თუ არის ეს დავმალო, მე აუცილებლად ვიტყოდი არის თუ არა საქმეში არსებული მასალები საიდუმლო და დაცულია თუ არა კანონის მოთხოვნა ამ კუთხით. ეს ვიღაცას არ აწყობდა და ეს ვიღაცა არის ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და ასე შემდეგ.

ანუ რა ხდება? ვივარაუდოთ რომ ქურციკიძე ჩვენებას აძლევს?

- გამიჭირდება ამის თქმა, მაგრამ ორი ვარიანტია, ან ქურციკიძეზე ბრალდების მხარე მუშაობს რათა მიიღონ მისგან სასურველი ჩვენება და მათთვის მე ხელის შემშლელი ვარ, ეს ზუსტად ვიცი. არაერთხელ იყო შემთხვევა, როცა პატიმარი ამბობდა - პროკურატურაში გვითხრეს აფციაური თუ ჩაერთვება საქმეში, საპროცესოს არ გაგიფორმებთო.

გია აბდალაძის ადვოკატად რჩები?

- მე შევალ გიასთან და ავუხსნი, რაც იყო და ის თუ გამოთქვამს სურვილს, რომ დავრჩე - დავრჩები და თუ არადა კარგად იყვნენ...